№ბს-916(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 15 სექტემბერს მ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 1 აგვისტოდან უკანონოდ შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა, საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო. რის გამოც 2017 წლის 13 ივნისს #47388 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონოდ შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიების აღდგენისა და გასული პერიოდის მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის №04-00-ვ/29336 წერილით ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ შპს „დელტა“, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, არ განეკუთვნებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვს. აღნიშნული გაასაჩივრა სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 18 აგვისტოს #04/53667 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს #04/53667 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მ. ტ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან აღუდგება სახელმწიფო კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სოციალური ყოველთვიური გასაცემელი - 448 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურეობისათვის ეტაპობრივად გადასახდელი 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის #04-00-ვ/29336 სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხედ განსაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი/ვაკე-საბურთალო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის #04-00-ვ/29336 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს #04/53667 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე მ. ტ-ეს მისი 2017 წლის 13 ივნისის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი; მ. ტ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, მოსარჩელე მ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ. ტ-ემ, რომლითაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ. ტ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. ამავე საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე მ. ტ-ეს თავდაცვის სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია და ომის მონაწილის კატეგორიით ერიცხებოდა სოციალური პაკეტი, რომლის დარიცხვაც შეუწყდა 2016 წლის 1 აგვისტოდან, 2016 წლის 26 ივლისის #04/57361 წერილის საფუძველზე. შესაბამისად, იგი 2016 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
მ. ტ-ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ლოგისტიკის დეპარტამენტში ... თანამდებობაზე (...) ... .
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1008-ე მუხლებზე.
რაც შეეხება მ. ტ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში განმარტა, რომ ვინაიდან 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია, არ არსებობს საფუძველი, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან (შეწყვეტის დღიდან) აღდგენილი იქნეს მისი უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე, იღებს ვალდებულებას მე-12 მუხლის მიხედვით: 1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და 2. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სამართლებრივი შეფასება დავის საგანთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქართველოს არ მოუხდენია რატიფიცირება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ „დელტა“ უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2016 წლის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მ. ტ-ეს შეუწყვიტა თავდაცვის სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია და ომის მონაწილის კატეგორიით სოციალური პაკეტი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის №04-00-ვ/29336 წერილით მ. ტ-ეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულზე, არ ვრცელდება შეღავათი და ვერ მოიპოვებს სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახორციელებს თუ არა მ. ტ-ე საჯარო საქმიანობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - სადაც მუშაობს მ. ტ-ე - წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-77-75(კ-15) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის #394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დელტას“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა.
ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის #1120 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება (კომპენსაციის შეწყვეტის დროს მოქმედი), რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სხვადასხვა იარაღისა და მასალების შექმნა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს. მაგალითისათვის, მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ასევე, „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
ამდენად, „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
საყურადღებოა, რომ „დელტას“ იმავე მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის #321 ბრძანებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის #1-1/247 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულებები. შესაბამისად, დაფუძნების დღიდან დღემდე (როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ყოფნის დროს) „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი