№ბს-923(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 მაისს ნ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 16 აგვისტოს მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის დასრულების შემდეგ 2011 წლის 16 აგვისტოს კვლავ გაფორმდა მხარეთა შორის კონტრაქტი 4 წლის ვადით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 აპრილის №MOD 917 00382770 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ყველა სამხედრო მოსამსახურისათვის მეორე კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, იმ საფუძვლით, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებს დახმარების გაცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ზ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ზ-ეს შორის 2007 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის დასრულების შემდეგ 2011 წლის 16 აგვისტოს კვლავ გაფორმდა მხარეთა შორის კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც ამოიწურა 2015 წლის 16 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელეს სამხედრო სამსახური 2009 წლის 1 მარტამდე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით; ხოლო 471 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით; ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472 პუნქტის შესაბამისად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი; ბ) ოთხი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელეს თავდაცვის სამინისტროსთან 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ჰქონდა „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი“ და აღნიშნულზე ვერ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472 პუნქტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით არ არის დადგენილი, თუ რომელი ნიმუშის კონტრაქტი უნდა ჰქონდეს გაფორმებული მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარების მისაღებად. 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც ორი წლის ვადით გააგრძელა სამხედრო სამსახური 2009 წლის პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა მიეცეს ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა ორი კონტრაქტის საფუძველზე, რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წლით და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მათზე გაცემულ უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ნ. ზ-ესთან 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემას. ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა, რომ სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
კასატორის მითითებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნ. ზ-ესთან გაფორმებული იყო „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი 4 წლის ვადით და არა მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ერთჯერადი თანხის გაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის - ნ. ზ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ზ-ეს შორის 2007 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის დასრულების შემდეგ 2011 წლის 16 აგვისტოს კვლავ გაფორმდა მხარეთა შორის კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც ამოიწურა 2015 წლის 16 აგვისტოს, რა დროსაც ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე მას წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე. შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი. მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი კი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ნ. ზ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი