Facebook Twitter

№ბს-930(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 მაისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კოდი: … (ძველის/კოდი: …) წარმოადგენს შპს „...ის“ საკუთრებას, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2508366 გადაწყვეტილებით მოწყობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის №2455645 გადაწყვეტილებით შეთანხმებული I კლასის დროებითი საძირკვლის არმქონე შენობა-ნაგებობა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 ივლისის №001685 მითითებით შპს „...ს“ დაევალა მის მიერ მოწყობილი I კლასის შენობა-ნაგებობის შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მოსარჩელის განმარტებით, განხორციელდა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებებით შპს „...ი“ დაჯარიმდა 8000 ლარით. აღნიშნული გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 დადგენილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებისა (2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 დადგენილებაში უსწორობის გასწორების შესახებ) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის №001685 და 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. შპს „...ის“ შუამდგომლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ადმინისტრაციულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შპს „...ის“ დირექტორის - ი. ბ-ის 19.02.2016 წლის AR1379748 განცხადების (დამკვეთი) საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 26 თებერვალს, №2455645 გადაწყვეტილებით გაიცა წერილობითი თანხმობა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ... №2, შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის №...) I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის განთავსებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შპს „...ის“ დირექტორმა ი. ბ-მა 24.03.2016 წლის AR1389530 განცხადებით მოითხოვა I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის კორექტირება, რაზედაც 2016 წლის 31 მარტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №2508366 გადაწყვეტილებით ნება დაერთო სამსახურის 26.02.2016 წლის №2455645 გადაწყვეტილებით შეთანხმებული I კლასის დროებითი საძირკვლის არმქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანაზე. იმავე გადაწყვეტილებით, დამკვეთს განემარტა შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კანონმდებლობით დადგენილი, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული, მოთხოვნების დაცვის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... №2-ში დარღვეულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 30.03.2016წ. №2508366 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟი, კერძოდ, შენობის ფასადზე შეცვლილია ფანჯრების ვიზუალი, ნაწილობრივ მასალა და გაბარიტი. სახურავი სცილდება შენობის პერიმეტრს, ფასადზე არ არის მოწყობილი ალუმინის პანელები და ალუკობონდით მოპირკეთება. დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია შენობის სიმაღლე და სცდება საკადასტრო წითელ ხაზებს. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს-ს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა და დაევალა ობიექტის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა. იმავე წლის 8 აგვისტოს შემოწმების ოქმით დადგენილ იქნა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბერის №001685 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შპს „...ი“ დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ... №2-ში (საკადასტრო კოდი ...) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №25083666 AR1389530 31.03.2016წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების - ფოტომონტაჟის დარღვევით მშენებლობა). 2016 წლის 17 ნოემბერს გამოიცა დადგენილება №ც15-16 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც გასწორდა ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 დადგენილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევის მუხლად მიეთითა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და დადგენილების პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შპს ,,...ი“ დაჯარიმდეს 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ... №2-ში (საკადასტრო კოდი ...) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №25083666 AR1389530 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების-ფოტომონტაჟის დარღვევით მშენებლობისათვის)“.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი განმარტავდა, რომ სამართალდამრღვევს წარმოადგენდა არა შპს „...ი“, არამედ მიწის ნაკვეთის მოიჯარე და აღნიშნული მოტივით ითხოვდა სადავო აქტების ბათილობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოქმედება და დამატებით განმარტა, რომ ქ. თბილისში, სექტორი ისანი, ... №2, შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის №002/044) I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების მოთხოვნის სუბიექტს (დამკვეთს) წარმოადგენს შპს „...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქ. თბილისში, ... №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ ... (ძველი ს/კ ...) წარმოადგენს შპს „...ის“ საკუთრებას, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31.03.2016 წლის №2508366 გადაწყვეტილებით მოწყობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.02.2016 წლის №2455645 გადაწყვეტილებით შეთანხმებული I კლასის დროებითი საძირკვლის არმქონე შენობა-ნაგებობა. კასატორის მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით დასტურდება, აღნიშნული ნაგებობა მოწყობილ იქნა არა შპს „...ის“ მიერ, არამედ მოიჯარის - ფიზიკური პირის ა. გ-ის მიერ. კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.07.2016 წლის №001685 მითითებით დაევალათ მათ მიერ მოწყობილი I კლასის შენობა-ნაგებობის შესაბამისობაში მოყვანა შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან. შესაბამისად, მათ მოიჯარეს მოსთხოვეს ნაგებობის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევს წარმოადგენს არა შპს „...ი“, არამედ მოიჯარე, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 დადგენილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებისა (2016 წლის 7 ოქტომბრის №001685 დადგენილებაში უსწორობის გასწორების შესახებ) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანების კანონიერება. კასატორი სადავოდ ხდის არა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს, არამედ იმ გარემოებას, რომ სამართალდამრღვევს წარმოადგენს არა შპს „...ი“, არამედ მიწის ნაკვეთის მოიჯარე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოქმედება, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრესა და მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში. მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ დირექტორის - ი. ბ-ის 2016 წლის 19 თებერვლის AR1379748 განცხადების (დამკვეთი) საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის №2455645 გადაწყვეტილებით გაიცა წერილობითი თანხმობა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ... №2, შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის №...) I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის განთავსებაზე. მის მიერვე იქნა შეტანილი განცხადება შენობა-ნაგებობის კორექტირებაზე. ასევე დადგენილია, რომ შპს „...ისათვის“ სახდელის შეფარდება არ მომხდარა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის მიცემის გარეშე. მას მიეცა მითითება, რომლითაც განემარტა, რომ შენობის ფასადზე შეცვლილია ფანჯრების ვიზუალი, ნაწილობრივ მასალა და გაბარიტი. სახურავი სცილდება შენობის პერიმეტრს, ფასადზე არ არის მოწყობილი ალუმინის პანელები და ალუკობონდით მოპირკეთება. დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია შენობის სიმაღლე და სცდება საკადასტრო წითელ ხაზებს. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს-ს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა და დაევალა ობიექტის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა. იმავე წლის 8 აგვისტოს შემოწმების ოქმით დადგენილ იქნა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.

ამდენად, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მშენებლობის დამკვეთი არის შპს „...ის“ დირექტორი - ი. ბ-ი, შესაბამისად, არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სამართალდამრღვევს წარმოადგენს მოიჯარე და არა შპს „...ი“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე ი. ბ-ს 01.08.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ბ-ის მიერ 01.08.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი