Facebook Twitter

#ბს-935(2კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ჭელიძე ბს-935(2კ-18) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 სექტემბერს თ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ „ქ. თბილისში, ... ქ. #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების (არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია) მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #ბ-12/152011098-16 ბრძანების, „თ. ჭ-ის წარმომადგენლის ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 სექტემბრის #1-1727 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელე თ. ჭ-ემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 97-ე მუხლი და აღნიშნა, რომ ვინაიდან დადგენილ ვადაში არ იქნა გამოცემული არც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და არც მიღებაზე უარის თქმის შესახებ აქტი, ობიექტი უკვე ითვლებოდა ექსპლუატაციაში მიღებულად.

ადმინისტრაციული ორგანოები ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტად უთითებენ, რომ ვინაიდან ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/... ქუჩა #12-ში მდებარე უძრავი ქონება შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაში, აღნიშნული ფაქტი განაპირობებს მასზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელებას. დასახელებული კანონი კი, არ განსაზღვრავს ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიღების ვადებსა და ამ ვადის დარღვევის სამართლებრივ შედეგებს, როგორც არის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებულად ჩათვლა. ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 97-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისში, ... ქ. #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების (არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია) მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #ბ-12/152011098-16 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „თ. ჭ-ის წარმომადგენლის ა. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 სექტემბრის #1-1727 ბრძანება; მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თ. ჭ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე (2015 წლის 20 ივლისი), ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების (არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია) ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით აპელანტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 ივლისის #796191 ბრძანებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა, როგორც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, სამშენებლო ნებართვების გასაცემად, სანებართვო პირობების დასადგენად, გამოიყენა, როგორც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან/და მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამოიყენება ის ვადები, რაც დადგენილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამსახურმა საქართველოს კულტურის სამინისტროდან გამოითხოვა საპროექტო დოკუმენტაცია და შეისწავლა ობიექტზე არსებული სიტუაცია. არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა მოახდინეს ობიექტზე არსებული დარღვევების ანალიზი და შეაფასეს მდგომარეობა, ადგილზე შეიძლებოდა თუ არა დარღვევების გამოსწორება. კასატორმა მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ასევე მიუთითა ამავე კანონის მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ძეგლის სტატუსი არის ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილ რეჟიმის გავრცელებას. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ნორმატიული აქტი ექსპლუატაციაში მიღებისას არ მოქმედებს გარდა დასახელებული კანონისა, ანუ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების პირობებისა და ვადების გავრცელება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე დაუშვებელია. კასატორმა ასევე მიუთითა "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 5.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ ანალოგიით საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილებით განსაზღვრული ექსპლუატაციაში მიღების ვადები არ გამოიყენება, რადგან არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესებს.

ამასთან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითებით, ობიექტის გადამოწმებისას დაადგინა, რომ ობიექტი არ შეესაბამებოდა სამშენებლო ნებართვით დადგენილ პირობებს და ადგილი ჰქონდა პროექტის დარღვევას.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სრულად იქნება შესრულებული სამშენებლო სამუშაოები და სანებართვო პირობები, მაშინ როდესაც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისას მხედველობაში არ მიიღება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 62-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. მერიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ... ქ. #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სანებართვო პირობების შეუსრულებლობა.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, „მშენებლობის ნებარვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების დებულებათა გამოყენება ვერ მოხდება ანალოგიით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/... ქუჩა #12-ში განთავსებულ ნაგებობას, რომელთან დაკავშირებითაც თ. ჭ-ე ითხოვს განხორციელებული სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის #3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 ივლისის #796191 ბრძანებით მოწონებულ იქნა თ. ჭ-ის მიერ მოთხოვნილი საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. ამასთანავე, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კი, 2014 წლის 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების #ნ/09/12/231 სანებართვო მოწმობა. აღსანიშნავია, რომ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია.

ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდგომ თ. ჭ-ემ 2015 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული გამაგრებისა და რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღება; 2016 წლის 27 მაისს თ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული გამაგრებისა და რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა. სადავო გადაწყვეტილებით კი, მას განხორციელებული სამუშაოების მიღებაზე ეთქვა უარი.

აღსანიშნავია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან/და მიღებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადები და აქტის გამოცემის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების 97.31 მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდებში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. რაც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონს, ის არ განსაზღვრავს ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიღების კონკრეტულ ვადას და ამ ვადის დარღვევის სამართლებრივ შედეგებს, რაც ბუნებრივია, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრულ ვადაში განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოიყენება ის ვადები, რაც დადგენილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მოსაზრებას ამყარებს თავად ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 ივლისის #796191 ბრძანებაც, რომლის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა, როგორც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, სამშენებლო ნებართვების გასაცემად, სანებართვო პირობების დასადგენად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, ასევე, გამოიყენა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება.

ამდენად, ვინაიდან ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული გამაგრებისა და რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე თ. ჭ-ის 2015 წლის 20 ივლისის განცხადებაზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოუცია მოცემულ უძრავ ქონებაზე ჩატარებული გამაგრებისა და რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ... ქუჩა #15/12-შ მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული გამაგრება და რეკონსტრუქცია ითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად, თანახმად #57 დადგენილების 97.31 მუხლისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკანონოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოგვიანებით, თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის 27 ივნისს გამოცემული „ქ. თბილისში, ... ქ. #15/12-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების (არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია) მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ #ბ-12/152011098-16 ბრძანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი