#ბს-975(გ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოპასუხე _ ლ. ხ-ი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ. ხ-ის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხე - ლ. ხ-ის მიმართ, გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ლ. ხ-ი, რომლის მისამართია: ხონი, სოფ. ... .
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ლ. ხ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული მუხლის განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევაისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულია ლ. ხ-ი, რომლის მისამართია - ხონის რაიონი, სოფელი ... .
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მითითებით, წინამდებარე სარჩელის ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნას საფუძვლად დაედო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მისამართს წარმოადგენს ხონის რაიონი, სოფელი ... .
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ძირითადი ნიშნების მიხედვით, განასხვავებს გვარეობით და ტერიტორიულ განსჯადობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით (განსაკუთრებული განსჯადობა) დადგენილია განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა განხილვა მხოლოდ ერთ რომელიმე, კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ სასამართლოში. განსაკუთრებული განსჯადობა სწორედაც იმიტომ ეწოდება განსჯადობის ამ სახეს, რომ ამ განსჯადობით დადგენილი წესები გამორიცხავენ ტერიტორიული განსჯადობის სხვა სახეების გამოყენების შესაძლებლობას. განსაკუთრებული განსჯადობის საქმეებზე სასამართლო არ არის დამოკიდებული მოსარჩელის და არ მხარეთა ნებაზე, ვინაიდან განსჯადი სასამართლო ზუსტად არის განსაზღვრული კანონით და ამ საქმეებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრა, კანონით დადგენილი სასამართლოების გარდა, სხვა სასამართლოში დაუშვებელია. განსჯადობის ორი სახის შეცვლა არ შეიძლება მხარეთა შეთანხმებით. ესაა განსაკუთრებული (სსკ-ის მე-13-მე-14 მუხლები) და გვარეობითი განსჯადობა (სსკ-ის მე-16 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საერთო განსჯადობა). ხოლო 16.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშკრულება უნდა შესრულებულიყო (განსაკუთრებული განსჯადობა).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილია 2016 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, რომლის საფუძველზეც, რიგირთი ლ. ვ. ხ-ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ... ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“ და ჩაირიცხა საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მართალია, მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, მაგრამ, ამასთან, მათ არ აქვთ უფლება, ურთიერშეთანხმებით შეცვალონ სსსკ-ის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული ტერიტორიული და გვარეობითი განსჯადობის წესები. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეებს უფლება აქვთ შეცვალონ ტერიტორიული განსჯადობის მხოლოდ ორი ქვესახე - საერთო და ალტერნატიული განსჯადობა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობითი განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული და დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 25.11.2016 წლის #7390 ბრძანებით, რიგითი ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში საინჟინრო ასეულის საგზაო ათეულის ... 2016 წლის 25 ნოემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ-ი მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა პოზიციაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ... #..., შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო. ამგვარი მოცემულობის ფარგლებში კი, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საერთო განსჯადობის გამოყენება - მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, დაუშვებელია და გამოყენებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული განსჯადობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. 26.3 მუხლის მიხედევით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონულმა სასამართლო მიიჩნია, რომ უფლებამოსილი სასამართლოა წამოიწყოს დავა მოცემულ საქმეზე განსჯადობის შესახებ და საქმე გადაუგზავნოს დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხის - ლ. ხ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 19 სექტემბრის #4314/16 კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხისათვის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრებას ითხოვს. კერძოდ, ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლში განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობის პირობები, რომლის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გასვლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
დადგენილია, რომ მოპასუხე ლ. ხ-ის საცხოვრებელი ადგილი ხონის რაიონი, სოფელი ... .
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხველი) ხასიათისაა. განსჯადობის სპეციალური წესების ამგვარი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ განსჯადობის საერთო და სპეციალურ წესებს შორის კონკურენციის შემთხვევაში, ცალსახა უპირატესობა სწორედ სპეციალური წესების დამდგენ ნორმებს უნდა მიენიჭოს და ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო, განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვით, სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ხ-ს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევის, მისი ვადამდე შეწყვეტის საფუძველზე იქნა წარმოშობილი, რის გამოც, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 19 სექტემბრის კონტრაქტის შესრულება მოპასუხის მიერ სამხედრო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდებოდა. დადგენილია, რომ ლ. ხ-ი მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა პოზიციაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ... #..., შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო განსჯადობის გამოყენება - მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით დაუშვებელია და გამოყენებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული განსჯადობა, რის გამოც, სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი