№ბს-992(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 21 მარტს ლ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოში (ბათუმი) და შესაბამისად, ერიცხებოდა ხელფასი. დღეის მდგომარეობით დარჩენილი სახელფასო დავალიანება შეადგენს 303.45 ლარს. სახელფასო დავალიანების არსებობა დასტურდება ასევე მოპასუხის მიერ გაცემული 2015 წლის 10 სექტემბრის №1991135 ცნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოსათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 303.45 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს, მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის თანამდებობრივი სარგოს - 107.91 ლარის და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარის, სულ 126.45 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარეს კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი), რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სახელფასო დავალიანების წარმოშობის პერიოდში წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეს, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა თანამდებობრივი და სამხედრო წოდებების ფულადი სარგოები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ხელფასის ტერმინის ცნებას. ამ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო წარმოადგენს იმ საზღაურს, რომლებიც ერთობლიობაში შეადგენს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შინაარსს, ანუ ზემოაღნიშნული სარგოები წარმოადგენენ არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ მოსამსახურის ხელფასს (დამატებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განჩინება საქმეზე ბს-168-161(კ-13). მსგავსი შინაარსის განმარტებას შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისი №397 ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, რომლის მიხედვით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ეძლეოდათ ყოველთვიური ფულადი სარგო (ხელფასი), მოსამსახურეს – თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.
სააპელაციო პალატის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. ამგვარი რეგულაციაა დადგენილი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ცალსახაა, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, როგორც ხელფასის შემადგენელი ნაწილის ანაზღაურება. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1341 მუხლი ითვალისწინებდა 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემას წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ აღიარა 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურისათვის კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვის უპირობო ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ხანდაზმულობის ვადებზე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ იმსჯელა ხანდაზმულობაზე, რასაც არ ეთანხმება კასატორი. კასატორის მითითებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოსარჩელისათვის 2000 წლის პერიოდისათვის დარიცხული სახელფასო დავალიანების წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში, ხოლო კვების ნაწილში სარჩელი, როგორც ხანდაზმული არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა და გამოყენა სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლები, იქიდან გამომდინარე, რომ მხარის მიერ არ მომხდარა აღნიშნული დავალიანების აღიარება, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად ჩამოაყალიბა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი, რაც ფაქტობრივად არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოსათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 303.45 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს, მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის თანამდებობრივი სარგოს - 107.91 ლარის და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარის, სულ - 126.45 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისწინებით, ხოლო კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოსათვის ლ. ფ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის თანამდებობრივი სარგოს - 107.91 ლარისა და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარის, სულ - 126.45 ლარის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს - ლ. ფ-ეს კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოსათვის მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის თანამდებობრივი სარგოს - 107.91 ლარისა და წოდებაზე დანამატის - 18.54 ლარის, სულ - 126.45 ლარის გადახდის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს უფროსის 2015 წლის 9 სექტემბრის წერილის შესაბამისად, 2000 წელს ხელფასის სახით მოსარჩელე ლ. ფ-ეს სულ დაერიცხა 1112,65 ლარი (თანამდებობრივი სარგო - 395.67 ლარი, წოდებრივი სარგო - 67.98 ლარი, კვების კომპენსაცია - 649.00 ლარი), საიდანაც მიიღო იანვრიდან - სექტემბრის ჩათვლით დარიცხული ხელფასი 809.20 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 303.45 ლარს, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და კვების კომპენსაციისგან. თანამდებობრივი სარგო შეადგენს 107.91 ლარს, წოდებრივი სარგო - 18.54 ლარს, კვების კომპენსაცია კი - 177.00 ლარს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება - ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ხელფასის თანამდებობრივი სარგო - 107.91 ლარი და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარი, სულ - 126.45 ლარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი