Facebook Twitter

#ბს-1016(გ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - ნ. მ-ი

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 18 ივნისს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. გორში, ... (...) ქ. #3/11-ში მდებარე ბინით სარგებლობის უფლების აღიარება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ბინით სარგებლობის უფლების აღიარების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის განსაზღვრული არასათანადო მოპასუხის შეცვლისა და სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს ქ. გორში, ... ქ. #3/11-ში, 1992 წლიდან მის მფლობელობაში არსებული, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ერთ-ოთახიანი ბინით სარგებლობის უფლების აღიარებას. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ ზემოაღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მან არაერთხელ მიმართა თავდაცვის სამინისტროს, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ორდერი #19 გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და ბინაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში ასაჩივრებს მოპასუხე მხარედ მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტს, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის #297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მიხედვით, არის ქ. თბილისი, ... ... ქ. #20.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული ადგილსამყოფლის მიხედვით, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელი განსჯადობით ექვემდებარებოდა არა გორის რაიონულ სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

სასამართლომ ასევე მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე თავის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი კი ადგენს, რომ სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ წარმოადგენს ქ. გორში, ... ქ. #3/11-ში მდებარე ბინაზე სარგებლობის უფლების აღიარება, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებიდან გამომდინარე, მის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო (მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით), ასევე გორის რაიონული სასამართლო (იმ უძრავი ნივთის მდებარეობიდან გამომდინარე, რომელზე სარგებლობის უფლების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე), თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამავე კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელე მხარეს აძლევს, ნ. მ-ის მიერ გაკეთებული არჩევანის გათვალისწინებით, საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა გორის რაიონული სასამართლო და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა გადმოგზავნოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება არსებით მნიშვნელობას იძენს დავის განხილვაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრისათვის, რამდენადაც განსჯადი სასამართლოს დადგენა სწორედ სარჩელის ზუსტ, მოსარჩელის მიზნის შესაბამის განსაზღვრულობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ დროს არსებითია, მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ინტერესი, მის მიერ დავის ფარგლებში მისაღწევი მიზანი და შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სწორედ ზემოხსენებულ პირობათა გარკვევა-დაზუსტების შემდგომ განხორციელდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საბოლოო მიზანს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ სასამართლო წესით სარგებლობის უფლების აღიარებას მოთხოვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული დანაწესის მიხედვით, მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას საკუთარი მიზნის მიღწევისათვის ესაჭიროება, აგრეთვე თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსსა და მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობასა და, მეტიც, ვალდებულებას, დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და ხსენებული მიზნის მხედველობაში მიღებით დაეხმაროს მოსარჩელეს მოთხოვნის ფორმულირებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსზე, კერძოდ, მოსარჩელე - ნ. მ-ი ითხოვს ქ. გორში, ... (...) ქ. #3/11-ში მდებარე ბინით სარგებლობის უფლების აღიარებას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ მისი კანონიერი ინტერესი ზემოხსენებული ქონების სახელმწიფოს მიერ მის საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საბოლოო მიზანს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, რომელსაც იგი მისივე მითითებით 1992 წლიდან ფლობს, პრივატიზების გზით საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება არ წარმოშობს განსახილველი შემთხვევის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც უძრავი ქონების მოსარჩელეზე პრივატიზაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის გარეშე, ამ ქონებაზე მხოლოდ სარგებლობის უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნა შინაარსით ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას არ განეკუთვნება. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე, სასამართლო მოსარჩელეს მისივე ინტერესისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უძრავი ქონების მოსარჩელეზე პრივატიზაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობის განსაზღვრით, სარჩელის ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიის შესაბამის ფორმულირებაში უნდა დახმარებოდა. თავის მხრივ, უძრავი ქონების პრივატიზების მოთხოვნის დასაბუთებულობის, მისი საფუძვლიანობის განსაზღვრის ფარგლებში შესაძლებელია გაირკვეს სარგებლობის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხიც, რომელიც საბოლოოდ სარჩელის საფუძვლიანობის ბედს გადაწყვეტს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული სამართლებრივი წინაპირობების, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნისა და მისაღწევი მიზნების დაზუსტების შემდგომ უნდა ემსჯელა სასამართლოს განსჯადობის საკითხზე, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მოსარჩელისათვის სარჩელის ტრანსფორმირებაში დახმარების მიზნით, მოცემული საქმე გორის რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ამგვარი კატეგორიის დავებზე განსჯადობის თვალსაზრისით დადგენილია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც აღნიშნულ მომენტამდე სადავოდ არ გამხდარა. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 281 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი