#ბს-1030(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 აპრილს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 მარტის #მ/452 ბრძანების ბათილად ცნობა და 2016 წლის 29 ივნისის #მ/1489 ბრძანებით შეთანხმებულ, #616 არქიტექტურულ პროექტზე სანებართვო მოწმობის გაცემის დავალდებულება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მისი მომზადება-გამოცემის წესები, უკანონოდ ზღუდავს მის კანონიერ უფლებას და აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.
მოსარჩელის მითითებით, 2012 წლიდან ქ. … … ქ. №15/ … ქ. №44-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და შეთანხმება განხორციელდა არა მარტო მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, არამედ იგი შეთანხმებულ იქნა აჭარის ა/რ რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერაც. ასევე, სპეციალური ზონალური შეთანხმებაც და არქიტექტურული პროექტიც შეთანხმებულ იქნა აჭარის ა/რ რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, ანუ, პროექტი მოწონებულ და შეთანხმებულ იქნა ყველა იმ ორგანოსთან, რასაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ითვალისწინებდა, მაგრამ უკანონოდ არ იქნა გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 53-ე-54-ე მუხლებით დადგენილია მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის რა დოკუმენტაციაა აუცილებელი და სავალდებულო, რაც სრულყოფილად იქნა წარდგენილი შპს „…“ მიერ მშენებლობის ნებართვის გასაცემად, მაგრამ უკანონოდ ეთქვათ უარი ნებართვის გაცემაზე. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო დაენიშნა ხარვეზი, რაც არ განუხორციელებია და ნაცვლად 7 დღისა, 13 დღის შემდგომ გააგრძელა ადმინისტრაციული წარმოების ვადა, ისიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 მარტის #მ/452 ბრძანება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში 2016 წლის 29 ივნისის #მ/1489 ბრძანებით შეთანხმებულ, #616 არქიტექტურულ პროექტზე შპს „...“ მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 54.7 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრება, რომ თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება შპს „…“ მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია რაიმე სახის ხარვეზი შპს „…“, წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მხრივ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უგულებელყოფით, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორი მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26.4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მან დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნათა ფორმალური მხარე, რა პირობებშიც გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში მაშინ, როცა ხსენებული დადგენილება ვადის ათვლის თაობაზე შეიცავს სპეციალურ დანაწესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 მარტის #მ/452 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე დადგენილების 54.2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. 54.4 მუხლის თანახმად კი, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 12 დეკემბერს შპს „…“ გადაიხადა გაზრდილი კ2-ის მოსაკრებელი 260 ლარი, მშენებლობის მოსაკრებელი 56 500 ლარი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 ივნისის #მ/1489 ბრძანებით შეთანხმებული #616 არქიტექტურულ პროექტზე, სანებართვო მოწმობის გაცემა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 2016 წლის 12 დეკემბრის განცხადება მიიღო განსახილველად და 2016 წლის 26 დეკემბრის #4059/01 წერილით შპს „…“ აცნობა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლსა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელეს აცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით.
აღსანიშნავია, რომ ამ წერილით არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს არ დაუსაბუთებია ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ. წერილში არ არის მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელ გარემოებათა დასადგენად იქნა გაგრძელებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა, მაშინ როდესაც არსებობს სამართლებრივი რეგულაციით განსაზღვრული სავალდებულო დათქმა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად არის აუცილებელი ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანო მიიღო 2016 წლის 26 დეკემბერს მაშინ, როდესაც შპს „…“ განცხადება წარადგინა 2016 წლის 12 დეკემბერს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 54.3 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს. ამავე დადგენილების 54.7 მუხლის თანახმად კი, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც შპს „…“ დირექტორმა სანებართვო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით 2016 წლის 12 დეკემბერს წარადგინა განცხადება, რაზედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებართვა უნდა ჩაითვალოს გაცემულად. ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მხრივ, შპს „…“ არ დაუდგენია რაიმე სახის ხარვეზი.
ამასთან, კასაციის მოტივებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას მართებულად გამოიყენა სპეციალური სამართლებრივი აქტით - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი