საქმე Nბს-1122(კს-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჟ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ბ-მა 2017 წლის 8 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 13 ივლისის №22/181399 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 მარტის №1-686 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2018 წლის 14 მაისი. გადაწყვეტილება ჩაბარებული აქვს მოსარჩელე ჟ. ბ-ს სასამართლოს შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე დართულ გზავნილზე გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი გადასწორებულია, ჩაბარების თარიღად იკითხება 2018 წლის 14 მაისი. ამასთანავე, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეებისთვის განმარტებულია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შესაძლებელია მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი მოსარჩელე ჟ. ბ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი აქვს 2018 წლის 29 მაისს, მასზე დასმულ შტამპზე დაფიქსირებულია 2018 წლის 25 მაისი. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს მექანიკურ შეცდომად, რადგანაც სააპელაციო საჩივარში თანდართული საბუთების ნუსხაში აპელანტს მითითებული აქვს ბაჟის ქვითრები 2 ფურცელად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემოსავლის ორდერსა და საგადახდო დავალებაში ნათლად იკითხება ბაჟის გადახდის თარიღად 2018 წლის 29 მაისი (2018 წლის 25 მაისს ვერ დაერთვებოდა რამდენიმე დღის შემდეგ - 29 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი). ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 29 მაისს - კანონით განსაზღვრული 14 - დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი განსაზღვრავს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს: საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 28 მაისს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ბ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 14 მაისს. 14 - დღიანი ვადა დაითვალა შეცდომით და ეგონა, რომ ვადის უკანასკნელი დღე იყო 2018 წლის 29 მაისი და ამ დღეს შეიტანა სააპელაციო საჩივარი უფლებამოსილ სასამართლოში. ამასთან, 2018 წლის 22-28 მაისს სამსახურებრივი ვიზიტით შპს „...“ დირექტორის ბრძანებით ჟ. ბ-ი იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში. აღნიშნული მიზეზით მისი მხრიდან მართლაც მოხდა ერთი დღის დაგვიანებით სააპელაციო საჩივრის შეტანა, რის გამოც ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჟ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ჟ. ბ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილის დედანი, რომელზეც ჟ. ბ-ის ხელმოწერაა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2018 წლის 14 მაისი. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2018 წლის 15 მაისიდან დაიწყო და 2018 წლის 28 მაისს 24:00 საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. სააპელაციო საჩივარი კი, 2018 წლის 29 მაისს არის შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ 2018 წლის 29 მაისს წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შეეშალა ვადის დათვლა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ვადის, დარღვევის საფუძვლად ასევე მიუთითებს შპს „...“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე ჟ. ბ-ის 2018 წლის 22 მაისიდან 28 მაისის ჩათლით სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის ფაქტზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება (იხ. სსკ-ის 59-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე