საქმე #ბს-1547(კ-18) 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
2018 წლის 20 თებერვალს ო. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის 12 იანვრის #1706 და #1688 პაციენტის სამედიცინო ბარათებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი რეაგირების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით ო. მ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის 12 იანვრის #1706 და #1688 პაციენტის სამედიცინო ბარათებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი რეაგირების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. მ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ო. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. მ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო ო. მ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით განხილულ იქნა ო. მ-ის კერძო საჩივარი სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ო. მ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილ განჩინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი