Facebook Twitter

ბს-259-259 (კ-18) 02 ივლისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ქ-ა

დავის საგანი – სახელმწიფო პენსიის აღდგენა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2017წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

12.08.2016წ. ვ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.07.2016. №04-00-დ/31924 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, აგრეთვე 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის და 01.12.2013წ. – 01.08.2016წ. მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.07.2016. №04-00-დ/31924 გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. ქ-ასთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების შესახებ. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 01.12.2013წ. – 01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ ვ. ქ-ა 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სხვადასხვა პოზიციაზე. ვ. ქ-ამ 20.07.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 25.07.2016წ. №20/2016 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ვ. ქ-ა ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებული იყო სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით და საკასაციო სასამართლოს №ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ. განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვ. ქ-ა საქმიანობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მისთვის პენსიის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, ვ. ქ-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 25.07.2016წ. №20/2016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 01 აგვისტოდან ვ. ქ-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველი. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ ცნობილი იყო ვ. ქ-ასთვის, რაც მას არ გაუსაჩივრებია. მოსარჩელემ მხოლოდ 20.07.2016წ. მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. იმ პირობებში, როდესაც ძალაშია 2013 წლის 1 დეკემბრიდან ვ. ქ-ასთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან ზიანის სახით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ვ. ქ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.17წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ვ. ქ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით 01.12.2013წ. – 01.08.2016წ. მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში. ამასთანავე მიიჩნია, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ქ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით 01.12.2013წ. – 01.08.2016წ. მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნა, რომ ვ. ქ-ას 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი საქმიანობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დელტაში“, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იყო სამეცნიერო - კვლევით დაწესებულება, სადაც დასაქმება არ უნდა მიჩნეულიყო საჯარო საქმიანობად. ვინაიდან ვ. ქ-ას სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა არა საკუთარი ბრალეული და უკანონო ქმედებით, არამედ სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედების გამო, მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა კანონდარღვევით რომ არ მომხდარიყო მისი შეწყვეტა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ქ-ას სარჩელი ზიანის სახით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ვ. ქ-ას სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა და მას სადავოდ არ გაუხდია კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით მას 2016 წლამდე არ მიუმართავს ორგანოსთვის. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევას. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც ვ. ქ-ას სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

საკასაციო სასამართლოს 21.06.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.07.2016წ. №04-00-დ/31924 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ვ. ქ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2017წ. გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ვ. ქ-ას სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც 34.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი უნდა ეთქვას ვ. ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ვ. ქ-ა 16.04.1939წ. დაიბადა, შესაბამისად ის არის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტი. "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის 13.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად. პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ქ-ა (დაბ. 16.04.1939წ.) მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" (კერძოდ, 2010/09 - 2014/09 - საექსპლუატაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად, 2014/09 - 2016/12 - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პროდუქტების მიწოდების მომსახურების სამმართველოს სპეციალისტად (შტატგარეშე) და იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" მუშაობის გამო ვ. ქ-ას 2013 წლის 01 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. ვ. ქ-ამ 20.07.2016წ, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზედაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 25.07.2016წ. N20/2016 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. უარის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ ვ. ქ-ა მუშაობდა სსიპ სსსტ ცენტრ "დელტაში", სადაც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.07.2016წ. N04-00-დ/31924 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 01 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ვ. ქ-ას სასარგებლოს ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 21.06.2018წ. განჩინებით არ იქნა დაშვებული, რის გამოც საკასაციო პალატის შეფასების საგანია გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ ვ. ქ-ას სასარგებლოდ 01.12.2013წ. - 01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.07.2016წ. №20/2016 გადაწყვეტილების გაუქმება უკანონობის გამო არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეწყვეტიდან - 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე ვ. ქ-ასთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლის არსებობას. შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხის სრულად ანაზღაურების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემა შეწყდა არა ვ. ქ-ას ბრალეული და უკანონო ქმედებით, არამედ სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედების გამო.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3, მე-17 მუხ.). იგივე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2008წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები" (5.2 მუხ., 19.1 მუხ. "ბ" ქვპ.). მოსარჩელეს 2016 წლამდე არ წარუდგენია პრეტენზია 2013 წლის 01 დეკემბრიდან შეწყვეტილ პენსიასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ პენსიის შეწყვეტა, საპენსიო ყოველთვიური თანხის გაუცემლობით იყო ცნობილი მოსარჩელისათვის, აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია პენსიის შეწყვეტა სზაკ-ის 180-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერებას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მითითება აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დაუდასტურებლობის შესახებ. აღნიშნული შესაძლოა გამხდარიყო აქტის კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის აღდგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან 2013 წლიდან პენსიის შეწყვეტა ვ. ქ-ას არ გაუსაჩივრებია უკანონო ადმინისტრაციული აქტის (სასკ-ის 22-ე მუხ.) ან ვირტუალური უკანონო ადმინისტრაციული აქტის (სზაკ-ის 177-ე მუხ.) ან უკანონო ქმედების (რეალაქტის) (სზაკ-ის 24-ე მუხ.) სახით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება. ვ. ქ-ას არ მიუმართავს არც შიდა და არც გარე ადმინისტრაციული კონტროლის საშუალებებისათვის, მას არ მიუმართავს ზემდგომი ორგანოსათვის ადმინისტრაციული საჩივრით, არ აღუძრავს სასამართლოში სარჩელი. სზაკ-ის 601.3 მუხლის თანახმად აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია: უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. კონფლიქტის გადაჭრის ადმინისტრაციული და სასამართლოს საშუალებები ზემოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს, სასამართლო იურისდიქციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების უფლებას, რომელიც პირის არა მხოლოდ უფლებაა, არამედ იმავდროულად მისი უფლებების დაცვის საშუალებაც. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე ვ. ქ-ამ პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. საქმის მასალებით არ დასტურდება ვ. ქ-ას სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონით და "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით" დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით ("სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., ამჟამად მოქმედი "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.

პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლის პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში ("სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-16 მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.

პენსიის აღდგენას და მაშასადამე გასული პერიოდისათვის მიუღებული პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათლად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად (სუს 02.07.2015წ., ბს-77-75(კ-15)). რაც შეეხება განსახილველ დავას, პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა, არ დადგენილა მისი უკანონობა. მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ სააგენტოს 25.07.2016წ. სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში უკანონოდ არის ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 25.07.2016წ. N04-00-დ/31924 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ვ. ქ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე, ძალაშია გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ქ-ას 2013 წლის 01 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების პირობა - მართლწინააღმდეგობა, ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 01 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ზიანად მიჩნევის და მისი მოსარჩელისათვის ანაზღაურების პირობა. მოცემული დავის საგანია სააგენტოს 25.07.2016წ. N20/2016 გადაწყვეტილების კანონიერება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუნდაც უკანონო, იწვევს სამართლებრივ შედეგებს, ამასთანავე, ვინაიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა არ გასაჩივრებულა და ძალაშია, არ არსებობს მისი უკანონოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწიენბული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად არ დგინდება პენსიის შეწყვეტის უკანონობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული. ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ქ-ას მიერ პენსიის შეწყვეტაზე პრეტენზიის 20.07.2016წ. წარდგენით მან მოიპოვა პენსიის მიღების უფლება მიმართვის მომდევნო თვიდან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ.) და არა 2013 წლის 01 დეკემბრიდან. პენსიის შეწყვეტას ვ. ქ-ა დაეთანხმა მისი გაუსაჩივრებლობით, რის გამოც 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

აღნიშნულის გამო არ არსებობს 01.12.2013წ.-01.08.2016წ. პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს #ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ., ბს-887-883 (კ-17) განჩინებები). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისადან, სახეზეა დივერგენცია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს Nბს-481-478 საქმეზე გამოტანილ 20.07.2017წ. განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარსული პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა და სააგენტოს დაევალა მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოთხოვნით მიმართვაზე უარის თქმის მომდევნო პერიოდიდან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დასაშვებად ცნობილ ნაწილში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან . სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ქ-ას სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ქ-ას სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი