საქმე ბს-236-234 (კ-16) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი
მაია ვაჩაძე
კასატორი - ლ. ზ-ი (მოსარჩელე), წარმომადგენელი - ვ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ზ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ მოპასუხის 01.04.2011წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. თანხის დაგროვების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ გამოიტანა ანგარიშიდან. 2014 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ 2011 წლის აპრილის თვეში შეაჩერა, ხოლო 2014 წელს შეწყვიტა მისთვის კომპენსაციის თანხის დარიცხვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებულ პერიოდამდე მას არ მიუღია შეტყობინება კომპენსაციის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი ეთქვა საჩივრის მიღებაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აქტების ოფიციალურად გადაცემის (07.10.2014წ.) შემდეგ მან სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს. მოპასუხე ორგანიზაციის მიერ კომპენსაციის თანხის დარიცხვის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე მისთვის შეუტყობინებლობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაირღვა სზაკ-ის 95-ე, 96-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად არსებობს სზაკ-ის 6012 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2015წ. გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ზ-ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ზ-ი 2008 წლიდან იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 28.03.2011წ. გადაწყვეტილებით ლ. ზ-ს 2011 წლის 01 აპრილიდან შეუჩერდა აღნიშნული კომპენსაცია, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობის მოტივით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.04.2014წ. გადაწყვეტილებით ლ. ზ-ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია 2014 წლის პირველი მაისიდან.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი-თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრმა მიიღო რა შეტყობინება ლიბერთი ბანკისგან საბანკო ანგარიშზე 6 თვის განმავლობაში აქტიური ოპერაციის განუხორციელებლობის თაობაზე, არ იყო ვალდებული ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციული აქტი სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერების თაობაზე. სასამართლომ სზაკ-ის მე-3 მუხლის დანაწესზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც სზაკ-ი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 53.5-ე, 96.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 28.03.2011წ. გადაწყვეტილება ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ, არ შეიცავს აქტისთვის სავალდებულო სტრუქტურასა და რეკვიზიტებს, მაგრამ პასუხობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის სტანდარტს, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტით იქნა მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემთხვევაში, მივიდოდა სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებამდე და გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან სათანადოდ არ იყო დასაბუთებული 2011 წლის პირველი აპრილიდან გასაცემელის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, სადავო გადაწყვეტილება გამოცემული იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის განმარტება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ლ. ზ-ათვის 29.03.2011წ. შეტყობინების გაგზავნის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება მხარისათვის აქტის ჩაბარების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობის იმპერატიული დანაწესზე და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისათვის გაცნობა არის ფინალი ადმინისტრაციული წარმოებისა და მისი შედეგი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით. სასამართლოს მითითებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ საჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დაცვისათვის, რამდენადაც სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.03.2011წ. გადაწყვეტილებით ბენეფიციარ ლ. ზ-ს, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობის გამო, შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა 2011 წლის 01 აპრილიდან, ხოლო სააგენტოს 14.04.2014წ. გადაწყვეტილებით სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო, ლ. ზ-ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბენეფიციარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდებოდა, ხოლო გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ზ-ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, მხარეს 22.04.2014წ. ჩაბარდა. პალატამ აღნიშნა, რომ შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების მოთხოვნით მოსარჩელის მარწმუნებელმა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 04.04.2014წ. N... განცხადებით, რის საფუძველზეც კომპენსაციის დანიშვნა მოხდა 2014 წლის პირველი მაისიდან. ასევე საგულისხმოდ იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 14.04.2014 წლის გადაწყვეტილება, რომელითაც მას შეუწყდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის 2014 წლის 4 აპრილიდან ცნობილი გახდა კომპენსაციის შეწყვეტის თაობაზე ანუ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით დასტურდება მის მიერ კომპენსაციის აღდგენის მიზნით შეტანილი განაცხადით, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრირებულია ნომრით .... საჩივარი სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების (და არა შეწყვეტის) თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილია 17.09.2014წ., ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, რისი განუხილველობაც იქცა სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის დაცვის სავალდებულობაზე ადმინისტრაციულ პროცესში და აღნიშნა, რომ მატერიალური დასაშვებობის ეტაპის გადალახვა არ ნიშნავს სარჩელის საფუძვლიანობას. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ჩნდება მხარეთა ვალდებულება დაადასტურონ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გასაჩივრების ვადის დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განიხილოს და შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციის მხრიდან დავის გადაწყვეტა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გაკეთებული დავალება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, არ იყო სამართლებრივ შედეგზე ორიენტირებული. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ღიად ტოვებდა საკითხს გასაჩივრების ვადის აღდგენის მიღმა, რომელი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების შესწავლა-გამოკვლევის ვალდებულება არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რათა შემოწმებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტის მატერიალური კანონიერება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად ედო „…“ 25.03.2011წ. წერილი, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 6 თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე აქტიური ოპერაციის განუხორციელებლობა, რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების საფუძველს ქმნიდა. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე ვერ ადასტურებდა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა განსახილველი ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს, მოთხოვნა მოკლებული იყო შესაბამის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-მა, რომელმაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნა, გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორედ განმარტა კანონი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და წარმოების შედეგი აცნობა განმცხადებელს. მოპასუხემ წარმოადგინა მოსარჩელისათვის თითქოსდა სადავო გადაწყვეტილების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ვერ დაადასტურა მისი ჩაბარება ადრესატისათვის. ლ. ზ-ისათვის ცნობილი არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ლ. ზ-ი არ ყოფილა მიწვეული სხდომაზე და ადმინისტრაციული წარმოება სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე. სზაკ-ის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, ხოლო ამავე კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარე, თუ გამოსაცემი აქტით უარესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სზაკ-ის 53-ე მუხლი, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესავალი, აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილებისაგან არ შედგება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს სავალდებულო პროცედურებს, რომელთა დარღვევაც შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფორმალურად და უმნიშვნელოდ მიჩნევა აზრს უკარგავს სზაკ-ის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა, თუმცა მაინც გაამახვილა ყურადღება მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტზე, რომელიც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლების წარმოშობის მომენტს უკავშირდებოდა. მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია, რომ პენსიის შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელემ 04.04.2014წ. შეიტყო და ამ მომენტიდან დაიწყო მისთვის აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაცემლის შეჩერების და არც შეწყვეტის გადაწყვეტილებები მას 2014 წლის სექტემბერში ჩაბარდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რამდენჯერმე მოითხოვა მათი ჩაბარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონმდებლობის მიხედვით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი იწვევს პენსიის გაცემის შეჩერებას („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 30.1 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 18.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ პენსიის გაცემის შეწყვეტას („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31.1 მუხ. „კ“ ქვეპუნქტი, „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 19.1 მუხ. „კ“ ქვეპუნქტი). კომპენსაციის მიუღებლობის გამო კომპენსაციის შეჩერების შემთხვევაში პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ კომპენსაცია განახლდება, კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კომპენსაცია ხელახლა, ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 30.2 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი, „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ზ-ს, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, 2008 წლიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. ზედიზედ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობის მოტივით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.03.2011წ. გადაწყვეტილებით ლ. ზ-ს 2011 წლის 01 აპრილიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, ხოლო 14.04.2014წ. გადაწყვეტილებით 2014 წლის 01 აპრილიდან შეწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა. საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ზ-ს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საპენსიო ანგარიშზე აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებია. დადგენილია ასევე, რომ 2011 წლის 01 აპრილიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.03.2011წ. გადაწყვეტილება ლ. ზ-ს არ ჩაბარებია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი მითითებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ლ. ზ-ი კომპენსაციის მიუღებლობას ხსნის იმით, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან გადაწყვიტა საკომპენსაციო თანხის დაგროვება მნიშვნელოვანი შენაძენისათვის. კომპენსაციის გაცემის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი, შეჩერება/შეწყვეტის შესახებ მან დაგროვილი თანხის მიღების მოთხოვნის წარდგენისას გაიგო. ლ. ზ-მა სახელმწიფო კომპენსაციის ხელახალი დანიშვნის მიზნით 04.04.14წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრს, ლ. ზ-ს 2014 წლის 1 მაისიდან დაენიშნა კომპენსაცია. მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერებიდან გასაცემლის თანხის გაცემას.
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის თანახმად, საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ პარლამენტის ყოფილი წევრის სოციალური უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. #190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების წარმოქმნა თავისთავად არ ქმნიან დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემელის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად კომპენსაცია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და შესაბამისად აქტის გამოსაცემად და მის ძალაში შესასვლელად საჭირო პროცედურების ჩატარების საჭიროება. სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით (სუს 25.05.2017წ. #ბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილება). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება და შეწყვეტა ხდება არა რეალაქტის, საჯარო მოქმედების განხორციელებით ანუ ბენეფიციარისთვის გასაცემელის გაცემის შეჩერებით, არამედ აღნიშნულის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომლის გასაჩივრების ვადის ათვლა ხდება არა შეჩერების კანონით განსაზღვრული პირობის დადგომის, არამედ გასაცემლის შეჩერების შესახებ აქტის ბენეფიციარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური ჩაბარების მომენტიდან. ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიცავს აქტისათვის სავალდებულო ყველა რეკვიზიტს, შეიცავს სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცის ელემენტებს.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას სზაკ-ით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები. საქმეში დაცულია სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ აქტები, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ხსენებული აქტების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, სადავო აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ კომპენსაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ლ. ზ-ს არ ჩაბარებია. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი პროცედურული ვალდებულების შესრულების, ლ. ზ-ისათვის აქტის ჩაბარების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველს. არ დასტურდება, რომ ლ. ზ-ი არ მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ აღმოფხვრიდა სახელმწიფო გასაცემლის არათუ შეწყვეტის, არამედ შეჩერების პირობას. არ დასტურდება, რომ კომპენსაციის შეჩერების შესახებ აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის, აქტის ადრესატისათვის შეტყობინების შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ კომპენსაციის შეწყვეტა გულისხმობს შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ადრესატისათვის ინფორმირების ვალდებულებას, ვინაიდან კომპენსაციის შეჩერების შემდგომ 3 წლის განმავლობაში შეჩერების საფუძვლის არსებობა იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანო კომპენსაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუტყობინებლობით დაინტერესებულ პირს არ მისცემს აქტთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმის, შეჩების საფუძვლის აღმოფხვრის ან გასაჩივრების შესაძლებლობას, წარმოიშობა კომპენსაციის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების საფუძვლად დადებული ფაქტობრივი გარემოებები (ზედიზედ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობა და კომპენსაციის შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლა) გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, კერძოდ, კომპენსაციის გაცემის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, აგრეთვე სზაკ-ის 5.1 მუხლზე მითითება არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (სზაკ-ის 76.1 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი), მით უფრო ვალდებულს ხდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს დაეცვა ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მოთხოვნები. სზაკ-ის 51.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. უკეთუ ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან თუ დაინტერესებული მხარე აქტის წერილობითი ფორმით გამოცემას მოითხოვს, ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით (სზაკ-ის 51.2 მუხ.). სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა ზღუდავს მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. ფულადი სოციალური დახმარება არის მიზნობრივი, პერიოდული სოციალური სუბსიდიით კომპენსაციის მიმღები პირის უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-ლი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. სოციალური უზრუნველყოფის მოთხოვნა შესაძლოა იქნეს მიჩნეული 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია (Pravednaya) რუსეთის წინააღმდეგ“, §38). კომპენსაცია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. ლ. ზ-ს მოპოვებული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაციის სამისდღემშიოდ, პერიოდული მიღების უფლება, ამ უფლებამ დასრულებული სახე მიიღო, უფლების შინაარსს არ აქვს დენადი ხასიათი. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ბენეფიციარისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის მიღებას. სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირს. სზაკ-ი არ ადგენს წარმოების დაწყების ვადას, როდესაც აქტი გამოიცემა ორგანოსათვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად და არა განცხადების საფუძველზე. იგულისხმება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ინიციატივით წარმოება უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვალდებულების წარმოშობისთანავე. აღნიშნულის მიუხედავად განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება შეჩერება/შეწყვეტის შესახებ აქტებთან დაკავშირებით რაიმე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლების და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის გათვალისწინებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 24.06.1993წ. N14518/89 საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“(Schuler-Zgraggen v. Switzerland, §58); 12.11.02წ. N28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“(Dory v. Sweden, §41)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილობითი აქტის მიმართ მოქმედებს სზაკ-ის 52-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთანავე გამოცემა შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ასევე მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით (სზაკ-ის 51.3 მუხ.), თუმცა ასეთ შემთხვევაში ორგანო უზრუნველყოფს აქტის კანონიერ ძალაში შესვლას ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. მმართველობის ღონისძიებების ეფექტურად, ორგანიზებულად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია შეარჩიოს მხარის ინფორმირების ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება, მოახდინოს დაინტერესებული პირის ინფორმირება ელექტრონულად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს ჩაურევლად განხორციელდეს გარკვეულ მონაცემთა ელექტრონული დამუშავება და აქტის ავტომატურად შედგენაც კი, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის ინფორმირების ვალდებულებისგან, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ (სზაკ-ის 54.1 მუხლი). „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სააგენტოს მიერ თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე“. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული დებულება „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში 24.04.12წ. #6061 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად ამოქმედდა, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობა რაიმე სპეციალურ დანაწესს არ ითვალისწიებდა, რაც მით უფრო ავალდებულებდა ადმინისტრაციას დაეცვა აქტის ოფიციალური გაცნობის საერთო წესი. საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო აქტის ელექტრონული ფორმით არც გაგზავნისა და არც ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში დაცულია 29.03.2011წ. დათარიღებული სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის შეტყობინება ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო გასაცემელის ჩარიცხვის შეჩერების შესახებ, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შეტყობინების გაგზავნის რეესტრი, გზავნილი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც უტყუარად დაადასტურებდა შეტყობინების ელექტრონული ფორმით გაგზავნას, ვერ იქნა წარმოდგენილი აგრეთვე აქტის ან შეტყობინების ლ. ზ-ისათვის ჩაბარების და შესაბამისად, აქტის ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა. საქმის მასალებში დაცულია ლ. ზ-ის წარმომადგენლის 27.09.14წ. განცხადება სააგენტოს სახელზე, რომლითაც მან მოითხოვა შეჩერების შესახებ აქტის და ლ. ზ-ის მიერ შეტყობინების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის 16.10.14წ.#04-02/4966 წერილით დასტურდება, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან გასაცემლის შეჩერების შესახებ საქმეში განთავსებული 29.03.11წ. შეტყობინების ფოსტისათვის გადასაცემი რეესტრი არ დაიძებნა იმის გამო, რომ იმ პერიოდში კანცელარიაში საქმის წარმოება ელექტრონულად არ ხორციელდებოდა. ამდენად, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შეჩერების აქტის შესახებ ლ. ზ-ის ინფორმირება მაშინ, როდესაც აქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, სზაკ-ის 54.4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, წარმოების დამაგვირგვინებელი სტადია, არის მხარისათვის აქტის ძალაში შესვლის პირობა (სზაკ-ის 54-ე მუხ.), ხოლო აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა არის ადმინისტრაციული საჩივრის და სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილლი ვადის ათვლის პირობა. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ადმინისტრაციულ წარმობეაში ვადების ათვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სზაკ-ის 94.2 მუხლი დამატებით ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, რომლის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის ადრესატისათვის ინდივიდუალური გაცნობა სირთულეებთან ან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სზაკ-ით გათვალისწინებული აქტის ოფიციალური გაცნობის ერთ-ერთი სახეობის (კერძოდ, აქტის გადაცემა (58-ე მუხ.), გამოქვეყნება შესაბამისი ორგანოს ბეჭდვით ორგანოში (56-ე მუხ.), საჯაროდ გამოცხადება (57-ე მუხ.)) გამოყენება. აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს სზაკ-ის 55-58-ე მუხლებს და სპეციალურ კანონმდებლობაში მოცემულ თავისებურებებს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ზ-ს არ ჩაბარებია სადავო აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ. ზ-ი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ მას ბანკში აცნობეს, მისთვის არ განუმარტავთ შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ მან შეიტყო დაგროვილი თანხის მოთხოვნის წარდგენის დროს, შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე მან ვერც წერილობით და ვერც სიტყვიერი განმარტება ვერ მიიღო, სს „…“ მხოლოდ ის განუმარტეს, რომ განცხადება უნდა დაეწერა კომპენსაციის განახლების შესახებ. ბანკში მიღებული განმარტებებისთანავე მან იმავე დღეს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც მიიჩნია მიუღებელი თანხის მიღების საკმარის პირობად. სააპელაციო პალატის დასკვნას შეწყვეტის შესახებ აქტის ლ. ზ-ისათვის 22.04.14წ. ჩაბარების და შესაბამისად გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაცდენის შესახებ კასატორი უარყოფს და აღნიშნავს, რომ მას აქტები 2014 წლის ოქტომბერში ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს რაიმე მტკიცებულებას, რომლის საფუძველზე დადგინდა შეწყვეტის აქტის მოსარჩელისათვის 22.04.14წ. ჩაბარება. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 04.04.14წ. #... განცხადებით მიმართა სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრს, არ ადასტურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტის აქტის ჩაბარებას, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც, როცა პირისათვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან, ასეთი ცოდნა არ ჩაითვლება აქტის ოფიციალურ გაცნობად და აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადა აითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო აქტის ტექსტის სზაკ-ით დადგენილი წესით გადაცემის ან „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 23.1 მუხ. „ბ“ ქვეუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით ლ. ზ-ისათვის ინფორმაციის გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად არ დასტურდება კომპენსაციის შეჩერების შესახებ სადავო აქტის გასაჩივრების წესის დარღვევა.
სსკ-ის 3.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაციის შეჩერების აქტის ბათილად ცნობა. უკეთუ სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ შეწყვეტის აქტის გასაჩივრების გარეშე შეუძლებელი იყო სადავო პერიოდის კომპენსაციის მიღება, სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე სასამართლოს დახმარება უნდა გაეწია მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა მიეჩნია. სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ 14.04.2014წ. გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო პალატა შეუძლებლად თვლიდა შეჩერების შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ბათილად ცნობის გარეშე და აუცილებლად მიიჩნევდა შეჩერების და შეწყვეტის შესახებ აქტების სავალდებულო წესით კომპლექსურ განხილვას, ასეთ მიდგომას უნდა გამოეწვია არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე არსებითად უარის თქმა, არამედ სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელზე წარმოების შეწყვეტამდე სასამართლოს უნდა შეეთავაზებინა სარჩელის ტრანსფორმირება და მოთხოვნის დაზუსტება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა კომპენსაციის შეწყვეტის, არამედ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია შეწყვეტის აქტი არ წარმოადგენს სადავო, კერძოდ, შეჩერების შესახებ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, მით უფრო, რომ შეჩერების აქტის ბენეფიციარისათვის ჩაბარება არ დასტურდება, ხოლო შეჩერების საფუძვლის გაუქმება თავისთავად იწვევს შეწყვეტის გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის შეჩერების სტადია არის კომპენსაციის შეწყვეტის წინმსწრები, მაგრამ დამოუკიდებელი სტადია. მართალია კომპენსაციის მიუღებლობის გამო კომპენსაციის შეჩერების გარეშე შეწყვეტის გადაწყვეტილება არ გამოიცემა, შეჩერება შეწყვეტის წინმსწრები აქტია, თუმცა შეჩერება არ არის შუალედური აქტი, ის თავისთავად, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, წარმოშობს ბენეფიციარისათვის სამართლებრივ შედეგს. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის ელემენტებს. კომპენსაციის შეჩერება წარმოშობს მყისიერ სამართლებრივ შედეგს კომპენსაციის მიმღები პირის მიმართ, ჩერდება მასზე კომპენსაციის გაცემა, შესაბამისად ცხადია მოსარჩელისათვის ამ აქტით გამოწვეული პირდაპირი და უშუალო ზიანი, ამდენად, დასაშვებია შეცილებითი სარჩელი კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით (სასკ-ის 22-ე მუხ.). ვინაიდან კომპენსაციის შეჩერების ბათილად ცნობის საკითხი შესაძლოა იყოს სასამართლოს განხილვის საგანი, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ შეჩერება იმავდროულად შეწყვეტის იურიდიული შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, შესაბამისად შეჩერების ბათილად ცნობა იწვევს შეწყვეტის გაუქმებას.
სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ აქვს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გასაჩივრებული შეწყვეტის შესახებ აქტი, თუმცა დავის საგანს შეადგენს კომპენსაციის არა შეწყვეტის, არამედ შეჩერების შესახებ აქტი, რომელიც ბენეფიციარს არ ჩაბარებია. შესაბამისად ის გარემოება, რომ შეწყვეტის შესახებ აქტი არ გასაჩივრებულა ერთთვიან ვადაში არ შეიძლება წარმოადგენდეს შეჩერების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერების შესახებ აქტი წარმოების წესების დაუცველობის გამო ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ საქმეზე წარმოების ჩატარების შედეგად ადმინისტრაციული ორგანო მივიდოდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა კომპენსაციის შეჩერების საფუძველი, ადმინისტრაციული ორგანო სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავად გამოეცხადებინა ძალადაკარგულად შეწყვეტის აქტი, ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს აქტის გამოცემის ისეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს ასეთი აქტის გამოცემის შესაძლებლობას (სზაკ-ის 61-ე მუხ.). ამდენად, დაუსაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიცემული დავალება ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ არის სამართლებრივ შედეგზე ორიენტირებული.
საქმეში დაცულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, 07.11.14წ. #1 საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის - ვ. გ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო ბაჟისაგან ორივე მხარე არის გათავისუფლებული, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდა. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ სრულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში.
სახელმწიფო გასაცემელის შეჩერება-შეწყვეტის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოების ძირითადი წესების იგნორირების გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, ამდენად, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, სადავო აქტის ბათილად ცნობა ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების გარეშე, მოპასუხისათვის საჩივრის საუარესოდ შებრუნების ტოლფასი იქნებოდა. სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ლ. ზ-ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, აქტის ადრესატისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში იგივე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი