Facebook Twitter

საქმე №ბს-624-624(კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - შრომითი სტაჟის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ამ 2017 წლის 27 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღიარებულ იქნეს, რომ მ. კ-ა 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ... თანამდებობაზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ... თანამდებობაზე, ქალაქ ..., ხოლო 1996 წლის 23 აპრილიდან მუშაობა განაგრძო სოხუმის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში. მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისადმი 2017 წლის 13 ივნისის განცხადების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან გაეგზავნა 1996 წლის 31 ოქტომბრის N722 ბრძანება, რომლის თანახმად, იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ... თანამდებობაზე დაინიშნა 1996 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამება სინამდვილეს, რამეთუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგი უკვე მუშაობდა სოხუმის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისადმი 2017 წლის 20 ივლისის განმეორებითი განცხადების საფუძველზე, მოსარჩელეს 2017 წლის 24 ივლისის წერილით ეცნობა, რომ 1995-1996 წლების პერიოდში მისი ნამსახურების შესახებ ბრძანებები არ იძებნება. შესაბამისად, მ. კ-ამ სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა, რომ აღიარებულ იქნეს 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ... თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მ. კ-ა 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... . აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორის 1996 წლის 23 აპრილის N42 ბრძანების თანახმად, სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის წარდგინებისა და პირადი განცხადების საფუძველზე, მ. შ. კ-ა დაინიშნა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის ... თანმდებობაზე; საქმეს ასევე ერთვის საქართველოს პროკურატურის ყოფილი მუშაკის, იუსტიციის ... - მ. შ. კ-ას ნამსახურობის ნუსხა, რომლის თანახმად, მ. კ-ამ პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1996 წელს, კერძოდ, 1996 წლის 23 აპრილის N42 ბრძანების საფუძველზე იგი დაინიშნა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის ..., 2001 წლის 30 აპრილის N361-პ ბრძანების საფუძველზე მ. კ-ა დაინიშნა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის ..., ხოლო 2004 წლის 7 ივლისის N1-პ§91 ბრძანების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში.

საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 8 ოქტომბრის N438 §54 ბრძანებით დგინდება, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი მ. კ-ა დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების გამო.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის ა. კ-ას ჩვენების თანახმად, 1995 წლის სექტემბრის თვეში, მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადა ახლადჩამოყალიბებული იყო და საჭიროებდა კადრს, მან როგორც ბრიგადის ხელმძღვანელმა, მ. კ-ა პირადი მიმართვის საფუძველზე მიიღო ... თანამდებობაზე, სერჟანტად. მოწმემ განმარტა, რომ მ. კ-ას მოვალეობებში შედიოდა სამეურნეო ნაწილის მართვა და საბუთების რეგისტრაცია. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნულ ბრიგადაში მუშაობდა დაახლოებით 5-6 თვე, ამის შემდგომ კი, ჩამოყალიბდა სამხედრო პროკურატურა და მ. კ-ა გადავიდა ... . ა. კ-ას განმარტებით, მ. კ-ას ... დანიშვნის შესახებ საბუთების არარსებობა გამოწვეულია იმ დროს არსებული არასტაბილური მდგომარეობით (სავარაუდოა, რომ დოკუმენტები დაიკარგა). საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დ. ს-ის ჩვენების თანახმად, იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ნაწილის სამსახურის ... . მისი განმარტებით, მ. კ-ამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელ ბრიგადაში ... მუშაობა დაიწყო 1995 წლის ოქტომბრიდან, ცოტა ხნის შემდეგ, კი გადავიდა სამხედრო პროკურატურაში სამუშაოდ.

პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილია პროკურატურის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება 1996 წლის 23 აპრილიდან 2004 წლის 8 ოქტომბრამდე მ. კ-ას პროკურატურაში მუშაობის ფაქტი. ამასთანავე, საქმეზე მოწმეების სახით დაკითხული პირები ადასტურებენ მ. კ-ას თავდაცვის სამინისტროში მუშაობის ფაქტს პროკურატურაში მუშაობის დაწყებამდე (1996 წლის 23 აპრილამდე). მეორე მხრივ, საქმეს ერთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული, 1996 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული N722 ბრძანებიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ზ/რიგითი კ-ა მ. შ. ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... 1996 წლის 1 ივნისიდან. ასევე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 8 იანვრის N1 ბრძანებიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, მ. კ-ა ხელშეკრულებით, 2 წლის ვადით დაინიშნა მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ..., ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 8 აპრილის N120 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 30 დეკემბრის N024 ბრძანებით „სახმელეთო ჯარებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ახალ შტატებზე გადასვლასთან დაკავშირებით, ზ/რიგითი მ. კ-ა დაინიშნა მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... .

ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მითითებული მტკიცებულებები სხვადასხვა მონაცემებს შეიცავს მოსარჩელის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდთან მიმართებაში, რაც იძლევა იმ ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ ზემოთ მითითებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებში დაფიქსირებული თარიღები არ არის ზუსტი და შეიცავს ცდომილებებს. პალატის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1996 წლის 31 ოქტომბრის N722 ბრძანებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით უნდა მოხდეს. სააპელაციო პალატამ თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა 1996 წლის 31 ოქტომბრის N722, 1997 წლის 8 იანვრის და 1997 წლის 8 აპრილის N120 ბრძანებების დედნები, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია 1996-1997 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში გავლისას, მ. კ-ას მიერ მიღებული შრომითი ანაზღაურების შესახებ, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პალატის მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში მოპასუხე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში არ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააბათილა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ 1996 წლის 23 აპრილიდან 2004 წლის 8 ოქტომბრამდე მ. კ-ას პროკურატურაში უწყვეტად მუშაობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებიდან და პროკურატურის მიერ გაცემული დოკუმენტებიდან გამომდინარე, დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული მ. კ-ას თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი 1996 წლის 23 აპრილამდე (პროკურატურაში მუშაობის დაწყებამდე), შესაბამისად, არსებობდა საფუძველი იმ გარემოების დადგენისათვის, რომ მ. კ-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... მუშაობდა 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ (გარდა მოწმეებისა) არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. კ-ას 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... მუშაობის ფაქტს. სასამართლომ მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება და არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილი ბრძანება, რომლის თანახმად, დგინდება, რომ მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა 1996 წლის 1 ივნისიდან (მტკიცებულება 31.10.1996წ. №722 ბრძანება).

კასატორის განმარტებით საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 1997 წლის 8 აპრილის №120 ბრძანება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე განხორციელებული საორგანიზაციო ღონისძიებების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა იმავე ბრიგადაში სამხედრო ... . მოსარჩელეს არც ერთი ზემოთ მითითებული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, ამასთან აღნიშნული ბრძანებები ადასტურებს მოსარჩელის სამხედრო სტატუსის არსებობის ფაქტს 1996 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სასამართლომ მოსარჩელეს დაუდგინა ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის თაობაზე 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე და არც კი გამოიკვლია ამ პერიოდში მოსარჩელე სამხედრო პირი იყო თუ სამოქალაქო პირი.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნებინა მოწმეთა ჩვენებებზე, მაშინ როდესაც საქმეში არსებობდა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სადავოდ არ გამხდარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართელოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის - შრომითი სტაჟის დადგენა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. კ-ას შორის 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის - მ. კ-ას მე-... მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... მუშაობის ფაქტის აღიარება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 31 ოქტომბრის N722 ბრძანების თანახმად, ზ/რიგითი კ-ა მ. შ. ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა მე-... მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... 1996 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პროკურატურის ყოფილი მუშაკის, იუსტიციის ... მ. შ. კ-ას ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად დგინდება, რომ მ. კ-ამ პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1996 წელს, კერძოდ: 1996 წლის 23 აპრილის N42 ბრძანების საფუძველზე იგი დაინიშნა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის ..., 2001 წლის 30 აპრილის N361-პ ბრძანების საფუძველზე მ. კ-ა დაინიშნა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურორის ..., ხოლო, 2004 წლის 7 ივლისის N1-პ§91 ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 8 ოქტომბრის N438 §54 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი მ. კ-ა დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციასა და კადრების შემცირებასთან დაკავშირებით.

სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენება, რომ საქმეზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს მ. კ-ას თავდაცვის სამინისტროში მუშაობის ფაქტი პროკურატურაში მუშაობის დაწყებამდე (1996 წლის 23 აპრილამდე). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში არ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, რადგან საქმეზე დართული მტკიცებულებები სხვადასხვა მონაცემებს შეიცავს მოსარჩელის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდთან მიმართებაში, რაც იძლევა იმ ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებში დაფიქსირებული თარიღები არ არის ზუსტი და შეიცავს ცდომილებებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთის დაკისრება არ შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. კ-ამ 2017 წლის 13 ივნისს მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს მისი გაწვევისა და თანამდებობრივი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. დეპარტამენტის 2017 წლის 22 ივნისის წერილით ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ პერიოდში (31.10.1995წ. – 23.04.1996წ.) სამსახურის გავლის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში არ იძებნება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დადგენის შესაძლებლობა უნდა შეფასდეს მ. კ-ას მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიმართვის დროს მოქმედი დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის N1022 – Iს საქართველოს კანონის 121-ე მუხლით დადგენილი იყო სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება, რომლის თანახმად, სამსახურის სტაჟი შეიცავს: ა) სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში მოხელის, დამხმარე ან შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდს; გ) სწავლის პერიოდს, თუ პირი გაგზავნილი იყო სასწავლებლად დაწესებულების მიერ ან უკვე ჰქონდა სამსახურის სტაჟი. იმავე კანონის 123-ე მუხლის (04.12.2009. N2222 რედაქცია) სამსახურის სტაჟი დასტურდება დაწესებულების მიერ სათანადოდ გაფორმებული საბუთით. აღნიშნულ ნორმამდე მოქმედი 123-ე მუხლის რედაქციით სამსახურის სტაჟი დასტურდება შრომის წიგნაკში ჩაწერით, აგრეთვე დაწესებულების მიერ სათანადოდ გაფორმებული სხვა საბუთებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის XIII თავი ითვალისწინებდა ნამსახურობის ნუსხას და შრომის წიგნაკს. 124-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხელეზე დგებოდა ნამსახურობის ნუსხა, რომელშიც მითითებული მონაცემების ჩამონათვალში ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სამსახურის გავლის, აგრეთვე სამსახურიდან განთავისუფლების ფორმულირების მითითებას კანონის მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის დამოწმებით. 125-ე მუხლის მე-2 პუნქტით მოხელის ახალ სამსახურში მისვლისას სხვა დაწესებულებაში წარმოებული ნამსახურობის ნუსხა იგზავნებოდა სამსახურის ახალ ადგილზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 31 ოქტომბრის N722 ბრძანებით მ. კ-ას შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ... 1996 წლის 1 ივნისიდან დანიშვნის შესახებ. კანონით დადგენილი წესით გაფორმებული საბუთი, რომელიც უტყუარად დაადასტურებს მ. კ-ას 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ... თანამდებობაზე მუშაობის ფაქტს, არ არის წარმოდგენილი. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილის, მთავარი სამხედრო პროკურორის მიმართ 1996 წლის 23 აპრილის წარდგინება გამორიცხავს მოწმეთა ჩვენებით დადგენილი გარემოების არსებობას სადავო პერიოდში მ. კ-ას ... მუშაობის შესახებ, რამდენადაც წარდგინების თანახმად, სადავო პერიოდში 1995 წლის ოქტომბრიდან 1996 წლის აპრილამდე მ. კ-ა საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა სოხუმის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. კ-ას შორის 1995 წლის 31 ოქტომბრიდან 1996 წლის 23 აპრილამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელემ ვერ შეასრულა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება და ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოების უტყუარად არსებობის შესახებ. ამდენად, სადავო ფაქტის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია, როგორც პროცესუალური ასევე მოცემული საკითხის მარეგულირებელი მატერიალური კანონმდებლობა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მ. კ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე