საქმე Nბს-1346(3კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე); მ. ჩ-ე (მოსარჩელე); თ. ჩ-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე); მ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - მ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-ემ 2015 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის NA14071350-018/001 განკარგულებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 თებერვლის N16853 წერილის ბათილად ცნობა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ. ჩ-ე და მ. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 28.01.2015 წლის №A14071350-018/001 განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 27.02.2015 წლის №16853 წერილი 26.01.2015 წლის საჩივართან დაკავშირებით და დაევალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჩივარში დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მ. ჩ-ემ, თ. ჩ-ემ და მ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თ. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 26 ნოემბრის N3127 გაუქმდა აუქციონის დანიშვნის თაობაზე აღმასრულებლის მოქმედება და შეწყდა მიმდინარე აუქციონი, რასაც საფუძვლად დაედო მოვალის/მოსარჩელის მ. ჩ-ის სოციალური სტატუსი და შესაბამისი სარეიტინგო ქულა, რაც იმ მომენტისათვის გამორიცხავდა მის ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევას. 2015 წლის 15 იანვარს მოვალის სოციალური სტატუსის ცვლილების გამო, მის ქონებაზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი და ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმისა და წესის პირველი მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო ვალდებული 2015 წლის 16 იანვარს გამოცხადებული საჯარო აუქციონის შესახებ დამატებით ეცნობებინა სააღსრულებო წარმოების მხარეებისთვის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, გასაჩივრებული 2017 წლის 27 თებერვლის წერილის ბათილად ცნობისათვის და უსაფუძვლოდ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს მ. ჩ-ის 2015 წლის 26 იანვარს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით მსჯელობა, რადგან საჩივარში მითითებული მოთხოვნა იყო მიმდინარე აუქციონის შეწყვეტა, რაც დღეის მდგომარეობით დასრულებულია.
კასატორი მ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას არ მოუთხოვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საააპელაციო საჩივრისათვის თ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის 150 ლარის ნაცვლად, უნდა გადაეხდევინებინა დავის საგნის ღირებულების 4 %, რადგან საკითხი ეხებოდა ქონებრივ დავას.
კასატორი თ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართალია, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებეი, მაგრამ სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესება და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონისა და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმისა და წესის მოთხოვნა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ არსრულების ეროვნული ბიუროს, თ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები რ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილია აღმასრულებლის უფლება - მოვალეობებზე. ვინაიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 26 ნოემბრის N3127 ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება NA14071350 სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შეწყდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ (...) სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი, აღმასრულებელს ზემოაღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წარმოეშვა ვალდებულება მიეღო ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის. ამავე მუხლით აღმასრულებელი ვალდებულია განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში, რაც განსახილველ საქმეზე არ დასტურდება.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხარის ინფორმირების გარეშე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება, არღვევს მის უფლებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების შესახებ და უზრუნველყოს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 9 დეკემბრის NA 14071350-014/007 წერილით თავდაპირველ მოსარჩელეს ეცნობა, რომ აუქციონი არ მიმდინარეობდა. სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა დამატებით ინფორმირება არ ხდება, იმ შემთხვევაში, როდესაც სააღსრულებო წარმოება უწყვეტად მიმდინარეობს და დაცულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 2 ოქტომბერს კრედიტორს - მ. ხ-ს და მოვალეს - მ. ჩ-ეს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მ. ჩ-ეს წინადადება ფოსტის მეშვეობით 2014 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა. წერილი ჩაიბარა მეუღლემ. ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 26 ნოემბრის N3127 ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება ... სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შეწყდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ (...) სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი, რომელიც განახლდა 2015 წლის 16 იანვარს, რა დროსაც გამოცხადებული აუქციონის შესახებ მ. ჩ-ის ინფორმირება არ განხორციელებულა.
რაც შეხება კასატორების პრეტენზიას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2015 წლის 27 თებერვლის N16853 წერილი არ შეიცავს 2015 წლის 26 იანვარს მ. ჩ-ის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხების თაობაზე მსჯელობას და ამასთან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-183 მუხლის თანახმად, აღმასრულებლის ქმედებასთან დაკავშრებით წარდგენილ საჩივარზე მისი განხილვის კომპეტენცია ენიჭება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, მ. ჩ-ისა და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - თ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 05.11.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 21.09.2018წ. №14347 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე