Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1498(კ-18) 04 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2018წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე: ქ. ბ-ე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. ც-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2018წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

საკასაციო სასამართლოს 14.12.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 14.12.2018წ. განჩინება გაიგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მისამართზე და 16.01.2019წ. ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს (ტ. 2, ს.ფ. 94-95). ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 23 იანვარს (ოთხშაბათი) 24 საათზე. კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2018წ. განჩინებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი