Facebook Twitter

საქმე Nბს-1582(კ-18) 5 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მესამე პირი - დ. ძ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ემ 2017 წლის 26 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის სხდომის 2017 წლის 4 სექტემბრის №75 ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული, №95 ჯგუფში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 11 სექტემბრის №2545 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. ძ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა ასევე იშუამდგომლა მოპასუხისგან დ. ძ-ის მოსწრების შესახებ 2017-2018 წლების ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რადგან გამოცხადებული კონკურსის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ლექციების კურსის წაკითხვა (200 საათი) კონკურსანტი დ. ძ-ე მანამდეც აცდენდა ლექციებს და სასამართლოსთვის საინტერესო უნდა იყოს აცდენს თუ არა კვლავ, რადგან ამით სასამართლოს შეექმნება რწმენა იმისა, რომ ნ. ნ-ეს, რომელსაც ერთი საათიც კი არ ჰქონია გაცდენა-ჩანაცვლება და მოსწრება აქვს 100%-იანი რა კრიტერიუმებით აჯობა ე.წ. „გამცდენმა ლექტორმა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან მესამე პირის - დ. ძ-ის 2017-2018 წლების მოსწრების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის სხდომის 2017 წლის 4 სექტემბრის №75 ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული, №95 ჯგუფში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 11 სექტემბრის №2545 დადგენილების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №75) კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ, აგრეთვე კონკრეტული დეტალური ინფორმაცია: კონკურსანტის სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების რაოდენობის, გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოთა და მეთოდიკურ მითითებათა რაოდენობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, დაპატენტებულ გამოგონებათა რაოდენობის, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობის, საგრანტო ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციებისა და სტუდენტების წარმატებული ნაშრომების რაოდენობის (თითოეულის მონაცემი ორგვარად - საერთო რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში ანუ 2013-2017 წლებში შესრულებული) შესახებ. კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციის შედეგებზე მსჯელობის შემდეგ, ჩაატარეს კენჭისყრა, სადაც კონკურსანტებმა მიიღეს ხმები შემდეგი რაოდენობით: ნ. ნ-ე - 2 ხმა, დ. ძ-ე - 3 ხმა. იმავე სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ საგანთა ჯგუფში №95 პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ. ძ-ე.

ნ. ნ-ე მისი კონკურენტი პრეტენდენტის - დ. ძ-ის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებას სადავოდ ხდის დ. ძ-ის მიერ აკადემიური საათების გაცდენისა და ანკეტაში ყალბი მონაცემების მითითების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხებთან მიმართებაში როგორც საკონკურსო კომისიის ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორს პრობლემები ჰქონდა თითის ანაბეჭდის პროცესის განხორციელებისას, მეცადინეობების ჩატარების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მონიტორინგის სამსახურისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელობისათვის, ასევე, სერვერის მომსახურე პერსონალისათვის. მათ ეს ინფორმაცია მიღებული ჰქონდათ ცნობის სახით. მითითებული ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საკონკურსო დარგობრივ კომისიას ეცნობა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათის მეშვეობით. ასევე არ დადასტურდა ფაქტი დ. ძ-ის მიერ ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის წერილით, კონკურსანტ ნ. ნ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული ფაქტი იურიდიული თვალსაზრისით არ ითვლებოდა სიყალბედ. შესაბამისად, კომისიას არ ჰქონდა საფუძველი მისი კონკურენტი მოეხსნათ კონკურსიდან, ყალბი და არასწორი მონაცემების საკონკურსოდ წარდგენის გამო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, დასტურდება, რომ საკონკურსო კომისია სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 30 ივნისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულყოფილად გამოიკვლიეს სადავო გადაწყვეტილებების მისაღებად მოპასუხის მიერ გახორციელებული პროცედურების კანონთან შესაბამისობა და დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მოიძია ინფორმაცია და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება მესამე პირის მიერ ლექციების ხშირად გაცდენის თაობაზე, ასევე, ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დ. ძ-ის მიერ ჩატარებული ლექციების აღრიცხვა სრულყოფილად ვერ ხდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღრიცხვის აპარატის მეშვეობით. ამასთან, ნაშრომის შესახებ მითითებული გარემოება საკონკურსო კომისიამ გამოიკვლია სრულად და იმის გათვალისწინებით, რომ იგი მოწონებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ და მინიჭებული ჰქონდა დარგის, სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - ... და უფლებამოსილი ორგანო დამხმარე ტიპის სახელმძღვანელოს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით მიიჩნევდა გრიფირებულად, საკონკურსო კომისიის მოსაზრება სადავო ნაშრომის შესახებ მართებულია. ამდენად, არ დადგინდა კონკურსანტის მიერ ანკეტაში ყალბი მონაცემების დაფიქსირება. აღნიშნული ასევე დაადასტურეს საკონკურსო კომისიის წევრებმა სასამართლო სხდომებზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, კერძოდ, მათ განმარტეს, რომ ეს საკითხი სადავოდ გახდა მოსარჩელის მხრიდან და მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრობლემად არ მიიჩნიეს ნაშრომის არაბეჭდური სახით არსებობის ფაქტი. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკონკურსო კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ინდივიდუალურად, არსებული მონაცემების გათვალისწინებით და მცირე უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა დ. ძ-ე. საგულისხმოა, რომ კომისიის ერთერთმა წევრმა გამოცხადებულ კონკურსში მცირე უპირატესობით გამარჯვება დაუკავშირა დ. ძ-ის დოქტორის ხარისხს. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე