Facebook Twitter

საქმე Nბს-588-588(კ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ი-ემ 2017 წლის 18 იანვარს სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №125-4 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №34/02-02-23/03-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ო. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №125-4 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №34/02-02-23/03-01 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითა და სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევით, დადგენილია ო. ი-ის „...“ ბატალიონში ჩარიცხვა 1993 წლის აპრილიდან 1993 წლის სექტემბრამდე, თუმცა იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადასტურებული მოსარჩელის საბრძოლო (საომარ) მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. კასატორის განმარტებით, ო. ი-ის მიერ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასევე აღნიშნული განმარტებები წინააღმდეგობაშია საბრძოლო მოკვლევაში მითითებულ ფაქტებთან. აგრეთვე ურთიერთგამომრიცხავია სასამართლოზე მოწმეებისა და მოსარჩელის განმარტებები, საბრძოლო (საომარ) მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა ყველა ის ინფორმაცია, ფაქტები თუ გარემოებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა განცხადებით მოთხოვნილი ფაქტის არსებობას. კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ მხოლოდ საბრძოლო მოკვლევის წარდგენა არ წარმოადგენს საფუძველს სამსახურმა განმცხადებელს მიანიჭოს სტატუსი, თუ სხვა დამატებითი გარემოებებით აღნიშნული არ იქნება დადგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატის მითითებით იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

სადავო აქტებით ო. ი-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი ვერ იხსენებს საბრძოლო მოქმედებების გარკვეულ დეტალებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2014 წლის 25 სექტემბრის ცნობით, ო. ი-ე ირიცხება ეროვნული გვარდიის ... ბრიგადის მე-... ბატალიონის პირადი შემადგენლობის სახელფასო უწყისებში 1993 წლის აპრილიდან 1993 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით. ამდენად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული ინფორმაცია მოსარჩელე ო. ი-ის საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანებების არსებობა-არარსებობის შესახებ, კერძოდ, სამინისტროში დაცულია, თუ არა ასეთი ბრძანებები, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში რა შეიძლება იყო ამის მიზეზი, რადგან შესაძლებელია მივლინების ბრძანების არარსებობის ფაქტი განპირობებული იყოს ობიექტური მიზეზებით, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სწორად უნდა შეაფასოს გარემოება იმის შესახებ, როგორ შეიძლება ადგილი ჰქონოდა ისეთ შემთხვევას, როდესაც საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, მოსარჩელეს არ მიეღო მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, როდესაც დადასტურებულია, რომ იგი 1993 წლის 1 აპრილიდან ნამდვილად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის ... ბრიგადის ... ბატალიონის პირად შემადგენლობაში ათმეთაურის თანამდებობაზე და აღნიშნულ ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად იყო ჩართული. ამდენად, ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდგომ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დეტალების გახსენების შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის შესაძლებლობას ერთი მხრივ, კანონმდებლობა არ იძლევა, ხოლო მეორე მხრივ, დასაშვებია, რომ პირი ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ ვერ იხსენებდეს ისეთ დეტალებს, როგორიც არის ზუსტი თარიღი, ადგილმდებარეობა და ა.შ.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე