საქმე Nბს-593-593(კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…მა“ 2016 წლის 7 ივნისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 მარტის №7660 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს ქ. ბათუმში, … ქ. №…-ში, პირველ სართულზე, ფართი №…-ში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემაზე. ასევე მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13475 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,, …ის“ საჩივარი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 23 მარტის ბრძანების გაუქმების ან მათ მიერ გადახდილი მოსაკრებლის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს ,, …სათვის“ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემის შესახებ ქ. ბათუმში, … ქუჩა N…-ში კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფართზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13475 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 მარტის №7660 ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს ქ. ბათუმში, … ქ. №…-ში, პირველ სართულზე, ფართი №…-ში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემაზე და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და შპს „…მა“.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შპს „…მა“ მოითხოვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, იმ ნაწილში რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 12 აპრილის N42164-21-11 სამსახურებრივი ბარათით გადმოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 03 მარტის N24638-21-11 სამსახურებრივი ბარათით მიემართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და ეთხოვა გადაემოწმებინა შპს „…ის“ მიერ (ს/ნ…) ქ. ბათუმში, … ქ. N…-ში, პირველ სართულზე, ფართი N…-ში, მდებარე ფართის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის N22 დადგენილებასთან შესაბამისობა, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს საქმე N3/71-2014-ს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის Nბს-103-101 (კ-15) განჩინების აღსრულების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო შპს „…ზე“ (ს/ნ…) ქ. ბათუმში, … ქ. N…-ში, პირველ სართულზე, ფართი N…-ში, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა და შეფასება, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 24 თებერვალს მომსახურების დეპარატამენტის მიერ გამოიცა N4663 ბრძანება შპს „…“-ზე ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შესახებ.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი იქნა, რომ შპს „…ის“ მიერ მოსაწყობი ტოტალიზატორის ფართი მდებარეობს მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე, დამოუკიდებელი შესასვლელით ესენინის ქუჩის მხრიდან და მასზე უნდა გავრცელდეს ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის N22 დადგენილების მე-2 მუხლის დებულებები, თუმცა თავად ეს ნორმა შეიცავს ქცევის ზოგად წესს და ამ წესის თანმხლებ რამოდენიმე დათქმას/გამონაკლისს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაადგინა, რომ ტოტალიზატორის მოსაწყობად განკუთვნილი ადგილი განთავსებული არ არის სამორინესთვის განკუთვნილ ფართში, რადგან სამორინესა და ტოტალიზატორისთვის განკუთვნილი ფართები ერთმანეთისგან განცალკევებულია და ფუნქციურადაც არ უკავშირდება ერთმანეთს. ასევე ტოტალიზატორის მოსაწყობად განკუთვნილი ადგილი არ არის განთავსებული სასტუმროს ფართში, რადგან სასტუმროსა და ტოტალიზატორისთვის განკუთვნილი ფართები ერთმანეთისგან განცალკევებულია, ფუნქციურადაც არ უკავშირდება ერთმანეთს და მათ გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელები, შემოსავლების სამსახურის მიერ სრულიად კანონიერად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მაძიებლის მხრიდან იმ დამატებითი სანებართვო პირობების შეუსრულებლობას, რომელსაც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე და არ არსებობს მათი ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის N22 დადგენილების მე–2 მუხლში შესული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ის საფუძველი, რაც გახდა შპს „…სათვის“ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის წინაპირობა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით ასატორი განმარტავს, რომ მართალია, ამჟამად მოქმედი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წილს 20 მაისის N22 დადგენილების მე - 2 მუხლის თანახმად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა–ნაგებობების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი თამაშობებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე იმ შენობა–ნაგებობებში, სადაც ფუნქციონირებს არანაკლებ 20– ნომრიანი სასტუმრო (რომელსაც აქვს არანაკლებ 20 მოქმედი, ექსპლუატაციაში გაშვებული ნომერი) და/ან ფუნქციონირებს სამორინე. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2017 წლის 2 მარტიდან, ამდენად, ნორმატიულ აქტს უკუძალა არ აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ …ს“ შენობა-ნაგებობის პირველი სართულის მხოლოდ კონკრეტული ადგილები გამოყოფილი იყო სამორინესა და ტოტალიზატორისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გამოეკვლია მდებარეობდა თუ არა … ქ. №…-ში, პირველ სართულზე მდებარე ფართი №… ტოტალიზატორისთვის გამოყოფილ კონკრეტულ ადგილას და აღნიშნულის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა მიუხედავად აღნიშნული დავალებისა, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი არ ყოფილა, რაც იძლეოდა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობებს.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილების მე-2 მუხლში შესული საკანონმდებლო ცვლილებისათვის უკუძალის არარსებობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი გულისხმობს კანონისთვის ნამდვილი უკუძალის მინიჭებას, წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე