საქმე Nბს-866(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 23 თებერვალს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს ,, …ის" სასარგებლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად უკანონოდ შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 209 555 (ორას ცხრაათას ხუთა სორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი მოპასუხე-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებაა სააპელაციო წესით ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა შპს „…მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებრვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, შესაბამისად შპს „…სს“ სრულიად უკანონოდ ეთქვა უარი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ბათილად ცნობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის გადმოცემული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ სამართლებრივ შეფასებაზე. მოცემულ საქმეში, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ხელშეკრულების დარღვევის არსებით ხასიათთან დაკავშირებით, აგრეთვე დაუსაბუთებლად მიაჩნია სატყეო სააგენტოს მხრიდან დარღვევის გამოსასწორებლად მიცემული ერთთვიანი ვადის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რადგან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო გაწმენდითი სამუშაოების დასრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და მისთვის არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ, ტყით მოსარგებლის მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის №858 განკარგულების ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტყით სარგებლობის ხელშეკრულება ექვემდებარება შეწყვეტას. შპს ,, …ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც დადასტურებულია ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის №4/62-2014 დადგენილებით, ასევე, ინდ. მეწარმე არჩილ შაინიძის მიერ 2013 წლის 6 დეკემბერს მიღებული ანგარიშით ,,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული იმერეთის რეგიონის ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ზესტაფონის სატყეო უბნების დაავადებული წაბლნარების ჭრაგავლილ ფართობებზე სატყეო პათოლოგიური კვლევის შესახებ“, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს მხრიდან შერჩევითი შემოწმების ჩატარებას და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - შპს „…სს“ (ს/ნ…) დაუბრუნდეს 29.05.2018წ. №875 საგადახდო დავალებით შპს „… ის“ (ს/ნ…) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე