№ბს-666-666(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ო. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 16 აგვისტოს ო. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობს სსიპ სახელმწიფო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. მას დანიშნული ჰქონდა ასაკობრივი პენსია, რომელიც შეუწყდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან. ო. ყ-მა 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისთვის სახელმწიფო პენსიის გაცემის გაგრძელება მოითხოვა. ამავე სააგენტოს 2016 წლის 9 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ იყო საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება და ისინი ვერ მოიპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის ო. ყ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ო. ყ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) აღდგენა დაევალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ო. ყ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც იგი დაინიშნა ... თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 704 ლარის ოდენობით. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ 2017 წლის 28 თებერვლის №363 წერილით დგინდება, რომ ო. ყ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან ამ პერიოდამდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ... (...) თანამდებობაზე. ო. ყ-ს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის პარალელურად დანიშნული ჰქონდა და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას (პენსიას), რომლის გაცემაც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
2016 წლის 19 ივლისს, ო. ყ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა №57995-54/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, ო. ყ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #04-00-ი/35200 წერილით ო. ყ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე არ ვრცელდებოდა შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის ო. ყ-ს, გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ო. ყ-ი დაიბადა 1944 წლის 25 იანვარს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს. მას დანიშნული ჰქონდა პენსია, რომლის გაცემაც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან. 2016 წლის 19 ივლისს, ო. ყ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა №57995-54/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, ო. ყ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
სასამართლომ განმარტა, რომ ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სახეზე არ იყო კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევა, რადგან უფლება კომპენსაციის მიღებაზე მოპოვებული იყო და ეს უფლება მას არ დაუკარგავს. მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაციის აღდგენა და არა დანიშვნა. ამასთან, მართალია, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი საჯარო საქმიანობის განხორცილებას განსაზღვრავს, თუმცა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა, თავისი არსით, კომპენსაციის შეჩერებას გულისხმობს. ამდენად, მოსარჩელე - ო. ყ-ი საქმიანობს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლომ საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დაადგინა, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან ო. ყ-ს ისე შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა გასაჩივრებული 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, მითითებული მოქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც შეადგენდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღედგინა ო. ყ-ისათვის სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან ო. ყ-ს ისე შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა გასაჩივრებული 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიზეზი, რის გამოც, ო. ყ-ს ზემოთ მითითებული პერიოდიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, მიჩნეულ იქნა უკანონოდ, მითითებული მოქმედებით მას მიადგა ზიანი, რაც შეადგენდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, 2017 წლის 20 ივლისის განჩინებაზე (საქმე #ბს-481-478(2კ-17), რომელშიც სასამართლომ იმსჯელა მითითებულ პერიოდზე, უარი უთხრა მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სააგენტოს დაავალა მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2016 წლის 1 აგვისტოდან. ამდენად, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე - 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებაზე და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია შემდეგნაირად: „საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთ შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კასატორის აღნიშვნით, სსიპ სახელმწიფო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რადგან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 აგვისტოს #25 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში ჩამოყალიბებულია „დელტას“ მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი, რომლითაც ნათელი ხდება, რომ იგი არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ო. ყ-ისათვის 2016 წლიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1103-1097(2კ-17) და №ბს-1042-1036(2კ-17) ანალოგიურ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე მითითებით, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება. ამავე განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ო. ყ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლამდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და ო. ყ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლამდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ო. ყ-ი დაიბადა 1944 წლის 25 იანვარს. იგი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს. მას სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რომელიც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან. ამასთან, ო. ყ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.
2016 წლის 19 ივლისს ო. ყ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა №57995-54/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, ო. ყ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #04-00-ი/35200 წერილით ო. ყ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულებზე არ ვრცელდებოდა შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის ო. ყ-ს, გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ო. ყ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან განჩინების ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით არ იქნა დაშვებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ო. ყ-ს სწორედ ამ კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია), თუმცა ის გარემოება რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნულის კვლავ დასადასტურებლად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკაზე (სუს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე #ბს-77-75(კ-15)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ „სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მხოლოდ ო. ყ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ო. ყ-ი დაიბადა 1944 წლის 25 იანვარს, შესაბამისად, ის არის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტი. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ყ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო ო. ყ-ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. მან 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზედაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. უარის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ ო. ყ-ი მუშაობდა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტაში“, სადაც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ბათილად არის ცნობილი „სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნულით არ დგინდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტიდან - 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ო. ყ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. იმავე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები“. მოსარჩელეს 2016 წლამდე არ წარუდგენია პრეტენზია 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილ პენსიასთან დაკავშირებით. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ პენსიის შეწყვეტა მისთვის ცნობილი იყო, მას 2013 წლის 1 დეკემბრიდან არ ერიცხებოდა საპენსიო თანხა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მას პენსიის შეწყვეტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება. ო. ყ-ს არ მიუმართავს ზემდგომი ორგანოსათვის ადმინისტრაციული საჩივრით, არ აღუძრავს სასამართლოში სარჩელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე ო. ყ-მა პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით. პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში. შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.
პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად (სუს 02.07.2015წ. №ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება). რაც შეეხება განსახილველ დავას, პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა, არ დადგენილა მისი უკანონობა. მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, უკანონოდ არის ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ო. ყ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე; მას არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ყ-ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ზიანად მიჩნევის და მისი მოსარჩელისათვის ანაზღაურების პირობა. მოცემული დავის საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-54/16 გადაწყვეტილების კანონიერება. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწიენბული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული, ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ყ-მა მოიპოვა პენსიის მიღების უფლება მიმართვის, კერძოდ, 2016 წლის 19 ივლისის მომდევნო თვიდან და არა 2013 წლის 1 დეკემბრიდან. ამდენად, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ 20.07.2017წ. №ბს-481-478(2კ-17) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება ო. ყ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ყ-ის სარჩელი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ო. ყ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე აღდგენა და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ყ-ის სარჩელი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი