#ბს-1008(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 5 მარტს შ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 14 იანვრის #55 ბრძანების ბათილად ცნობა და ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის #60 ცნობის არარა აქტად აღიარება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ლ-ე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 14 იანვრის #55 ბრძანება; არარა აქტად იქნა აღიარებული ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის #60 ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სადავო ცნობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მართებულობა, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო ცნობა აღიარა არარად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ლ-ემ ზოგადი ადმინისტრაციულოი კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, არ შეასრულა მოთხოვნა ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის #60 ცნობის არარა აქტად აღიარებაზე, რომლის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. ასევე, მან ვერ შეასრულა, თ. ს-ში 1930 წლამდე დაბადებული მოსახლეობის ინფორმაციით, სოფ. ... საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი აქტის მომზადება ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომსა და ახმეტის რაიონის სახ. დაზღვევაში ცნობის, ხოლო ახმეტის სახ.ნოტარიუსში - მოწმობის მისაღებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის #60 ცნობის არარად აღიარებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, აწ. გარდაცვლილი თ. ს-ის ლ-ის სახლი ..., სოფელ ... არის ორსართულიანი, ოთხი ოთახით. სულ სასარგებლო ფართობია 65 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელია 60 კვ.მ, დამხმარე - 5 კვ.მ.
1983 წლის 16 სექტემბერს ახმეტის რაიონის სახელმწიფო კანტორის ნოტარიუსის ნ.გაგოშიძის მიერ გაიცა #441 სამკვიდრო მოწმობა თ. ს-ის ასული ლ-ძის დანაშთ ქონებაზე. მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი დ. ფ-ს ძე ლ-ძე; სამკვდრო ქონებად, რომელზეც გაცემულია აღნიშნული მოწმობა შეადგენს საცხოვრებელი სახლი მდებარე სოფელ ..., ორსართულიანი, ოთხი ოთახით, სასარგებლო ფართი - 65 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელია - 60 კვ.მ, დამხმარე - 5 კვ.მ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საყურადღებოა, რომ გასაჩივრებულ ცნობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, სადავო უძრავი ქონების თ. ლ-ი კუთვნილების დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ ცნობაში დაფიქსირებული ინფორმაციის სიზუსტეს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ცნობა არ შეიცავს მითითებას, თუ რომელი ინფორმაციის საფუძველზე არის იგი გაცემული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ახმეტის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, საარქივო ცნობები, თ. ლ-ის გარდაცვალების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტებები მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია არ არის სწორი, რადგან თ. ლ-ის სოფ. ... ცხოვრებისა და სახლის ფლობის ფაქტი არ დასტურდება. ასევე, არ დასტურდება თ. ლ-ის საკუთრების უფლება სადავო ფართზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღიარა არარად ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის #60 ცნობა, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად ცნო ბათილად საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 14 იანვრის #55 ბრძანება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ლ-ეს საკასაციო საჩივარზე 30.07.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. დ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.07.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი