საქმე №ბს-1032(3კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე);
ვ. ხ-ა (მოსარჩელე); ა. ხ-ა (მესამე პირი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ-ამ 2017 წლის 21 აპრილს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - ა. ხ-ას მიმართ და მოითხოვა ქ. ზუგდიდში ... ქ. ...–ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და შენობა–ნაგებობაზე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2010 წლის N395 გადაწყვეტილებისა და 24.12.2010 წელს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის N... (მიწის ფართობი – 1454 მ2 შენობა–ნაგებობის ფართი – 180 მ2) ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2010 წლის N395 გადაწყვეტილება ქ. ზუგდიდიში, ... ქ. ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 24.12.2010 წელს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N... (მიწის ნაკვეთის ფართობი -1454 მ2, შენობა-ნაგებობის ფართობი - 180 მ2); მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი 150 ლარის ოდენობით დაეკისრა მოპასუხეს- ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ,რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (გარდა საპროცესო ხარჯის განაწილებისა) და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N395 გადაწყვეტილება და 2010 წლის 24 დეკემბრის N... საკუთრების უფლების მოწმობა ქ.ზუგდიდში, ... ქუჩის N...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე) ა. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.ზუგდიდში, ... ქუჩის N...-ში მდებარე 1454 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 180 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ა. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ვ. ხ-ამ, ასევე ა. ხ-ამ და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით.
კასატორი ვ. ხ-ა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვიანიდან კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამასთან სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ა. ხ-ა სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ფლობს 600 მ2 ფართს, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება მოითხოვოს საკუთრებაში არსებულ ფართზე მეტი ოდენობით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ილახება, მისი უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დადასტურდა კანონის უხეში დარღვევა, საკმარისი საფუძველია აქტის ბათილად ცნობისათვის და არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
კასატორები ა. ხ-ა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ერთი და იმავე შინაარსის საკასაციო საჩივარით მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის; ვ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ვ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ხ-ას საკუთრებაში 26.12.2008 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 600 მ2 მიწის ნაკვეთი, (ს/კ...) მდებარე მისამართზე ქ. ზუგდიდი, ... ქ. ... . ამავე მისამართზე თანასაკუთრება რეგისტრირებული აქვს ვ. ხ-ას – ს/კ ..., მიწის ნაკვეთის ფართობია 600 მ2 . მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა - ნაგებობა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. თანასაკუთრების რეგისტრაციის საფუძველია სამკვიდრო მოწმობა. ვ. ხ-ას ეკუთვნის ამ ქონების ¼ ნაწილი.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით აღიარებულია ა. ხ-ას საკუთრების უფლება ქ. ზუგდიდი, ... ქ. ... - ში მდებარე უძრავ ნივთზე – 1454 მ2 მიწის ნაკვეთსა და შენობა - ნაგებობაზე – 180მ2, თუმცა ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა, რომ ნაკვეთზე შენობა ნაგებობა არ არსებობდა. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებისას ვ. ხ-ა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, როგორც დაინტერესებული პირი, მიწვეული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ა. ხ-ასათვის აღიარებული მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, აღნიშნულ მუხლში მითითებული ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით და კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა დაინტერესებული პირი, რომლის უფელებებსაც შეეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და მისი გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, საქმეში დაინტერესებული პირის მონაწილეობასა და აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც აღიარების კომისიის მიერ არ იქნა განხორციელებული, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ვ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ვ. ხ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 08.08.2018წ. №121 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - ა. ხ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 17.08.2018წ. №17538780 გადახდის ქვითრით მ. ბ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე