Facebook Twitter

საქმე Nბს-1205(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)

მესამე პირები - გ. კ-ი, თ. კ-ი, ი. კ-ი, მ. კ-ი, ნ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 18 ნოემბერს და 2016 წლის 21 ივლისს ქ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 01 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დუშეთის რაიონის, სოფელ ... მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ...გ. კ-ის, თ. კ-ის, ი. კ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობა N..., დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N866 ბრძანების ბათილად ცნობა (08.09.2015) გ. კ-ის, თ. კ-ის, ი. კ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებართვის გაცემის შესახებ N... (18.08.2015) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (გრგ) დამტკიცების შესახებ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით N3/260-15 ადმინისტრაციულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ გ. კ-ი, თ. კ-ი,ი. კ-ი,მ. კ-ი და ნ. კ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით, ერთ წარმოებად იქნა გაერთიანებული ორი ადმინისტრაციული საქმე N3/260-15 და საქმე N3/156-16 და საბოლოოდ გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ნომერი N3/260-15.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს და 2015 წლის 03 დეკემბრის განჩინება გამგებლის გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე და 2016 წლის 19 სექტემბრისა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა ქ. ნ-ემ, რომელმაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 08 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არის ბუნდოვანი და არ ემყარება საქმეში არსებითად გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით მან დაკარგა უძრავი ქონება, როგორც კომლის წევრმა და როგორც რეფორმის მიმდინარეობის ერთ-ერთმა სუბიექტმა, რაც მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევა და სამოქალაქო უფლების შელახვაა და მისი კანონიერი ინტერესების აღსადგენად აღნიშნული საქმე უნდა განიხილოს დიდმა პალატამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იმ დროს როდესაც მიმდინარეობს ქ. ნ-ის განცხადების განხილვა სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო მიწის ნაკვეთზე განახორციელა მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც უდავოდ ნიშნავს კანონმდებლობის უხეშ გამოვლინებას. სასამართლომ უპირობოდ მიიჩნია საქმეში მესამე პირების რეგისტრაცია კანონიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იმ დროს, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტში არსად არ არის მითითებული მიწის მდებარეობა, მისი ისტორიული სახელწოდება და მოსაზღვრე პირები, ამდენად გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი მამა - პაპისეული და რომ ეკუთვნის მას მემკვიდრეობით, რადგან საჯარო რეესტრის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ქ. ნ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფაქტი სამკვიდრო მოწმობებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან დადგენილია, რომ ქ. ნ-ე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა 1998 წლის 13 აპრილის გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N5 აქტზე, რომელის გაყალბების თაობაზეც 2015 წლის 1 დეკემბერს შს დუშეთის რაონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის 025011215001 საქმეზე და ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე