საქმე №ბ-1262-2(გან-19) 10 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. რ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. რ-ემ 2015 წლის18 თებერვალს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით ა. რ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №1-1/412 ბრძანება და დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №4-ში მდებარე შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა მისი მდგრადობის აღდგენის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მე-3 პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1-1/412 ს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი; მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. რ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. რ-ემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
ა. რ-ემ 2019 წლის 4 სექტემბერს წარმოადგინა განცხადება, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის დეკემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელის განმარტებით უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №4, საკადასტრო კოდი ... დღეის მდგომარეობით უკვე აღარ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მასზე 2016 წლის 15 აპრილს რეგისტრაცია გაუქმებულია და მესაკუთრისთვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, არ არსებობს იმის დავალების შესაძლებლობა, რომ აღადგინოს შენობის მდგრადობა, მოიყვანოს შენობა თავდაპირველ მდგომარეობაში.
კანონის შესაბამისად, როცა ხდება უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმება, ანუ საკუთრება ხდება უპატრონო, მაშინ ამ უძრავი ქონების მესაკუთრე ხდება სახელმწიფო, იგივე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახით.
განმცხადებელი ითხოვს განჩინებით განმარტებას, თუ ვისი საკუთრებაა მიტოვებული ქონება. თავდაპირველი მესაკუთრის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელმაც თავისი დაუდევრობით დანგრევამდე მიიყვანა უძრავი ქონება, ვის უნდა დაეკისროს. სარჩელის შეტანის მომენტში ქონების მესაკუთრე იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მხოლოდ 8 (რვა) თვის შემდეგ სააგენტომ უარი თქვა ქონებაზე, როცა საქმე იყო განხილვის პროცესში. ამდენად, განმცხადებლისთვის ზემოაღნიშნული განჩინება გაუგებარია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, თავის მხრივ, ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს ამ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სრულად გაიზიარა მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები. საკასაციო სასამართლოს სადავო საკითხის მიმართ არ გაუკეთებია ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებული შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას, რაც შეეხება უშუალოდ განცხადებაში მითითებულ საკითხებს, პალატა აღნიშნავს, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა ცდება გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. უნდა აღინიშნოს, რომ განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს, არ წარმოადგენს შემაჯამებელ აქტს, ამ განჩინებით მხარის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება არ არის შემაჯამებელი - რაიმე უფლება-მოვალეობები არ წარმოუშვია მხარეთათვის; მისი სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. რ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. რ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე