საქმე # 330310016001561359
საქმე Nბს-1565(კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი
ბს-1565(კ-18) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 18 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე თ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თ. დ-ეს დაეკისროს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება, რაც შეადგენს 55470,15 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე თ. დ-ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. კასატორმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის - საგრანტო თანხის - 55470,15 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2010 წლის 15 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. 2011 წლის 3 მარტის ...-ის სერტიფიკატის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ თ. დ-ემ გაიარა პათოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის სრულწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო პროგრამაში შემდეგი დავალებების შესრულებით: კლინიკური ნიმუშების მაკროსკოპული დისსექცია; ამ ნიმუშების მიკროსკოპია; ციტოლოგია; აუტოფსიები. მან კარგად ისწავლა, მიუხედავად ჰოლანდიური ენის სირთულისა და პერიოდულად გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემებისა. მან წარმოადგინა რამდენიმე აუტოფსია (12 შემთხვევა) აუტოფსიის ყოველკვირეულ განხილვაზე დეპარტამენტში და ექიმებთან ერთად მონაწილეობდა მრავალპროფილურ განხილვებში. ასევე, ის ესწრებოდა ჰოლანდიელი პათომორფოლოგების ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებას „პათოლოგიის დღეები 2010“. ამასთან, შპს ... 2018 წლის 18 იანვრის ცნობის საფუძველზე დადგინდა, რომ თ. დ-ე 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შპს „... . 2010 წელს გაემგზავრა ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ამსტერდამში Vrije Universiteit Medisch Centrum-ში სასწავლო ბაზაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მისაღებად. 2011 წელს ნიდერლანდების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა შპს „...„ დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მითითებულ პოზიციაზე მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არ დასტურდება გრანტის მიმღების მიერ 2010 წლის 15 მარტის N... . ხელშეკრულების 3.4 და 3.7 პუნქტების დარღვევის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ თ. დ-ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც გრანტის მიმღებს ავალდებულებდა, რომ მას მხოლოდ მიზნობრივად გამოეყენებინა გადაცემული საგრანტო თანხა და აღნიშნული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა გრანტის გამცემისათვის, რის გამოც სამინისტრო მიიჩნევს, რომ გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულება, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შესრულდა, რადგან არ იქნა
წარდგენილი მიზნობრივი გრანტის სახით გაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულის სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 -წლიანი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, რაზეც კასატორის მიერ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ბს-352-352(კ-18) საქმეზე 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის, ხანდაზმულობის ვადის გასვლა (სარჩელის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის აუცილებლობისაგან განსხვავებით) არ აბრკოლებს სასამართლოსადმი ან სხვა ორგანოსადმი მიმართვის უფლებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების (სკ-ის 132-ე, 134-ე მუხ.) ან შეწყვეტის (სკ-ის 137-ე, 138-ე, 139-ე მუხ.) საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებზე (პირადი არაქონებრივი უფლებები, მეანაბრეთა მოთხოვნები ანაბრების გამო (სკ-ის 128.2 მუხ.)), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე