Facebook Twitter

ბს-309-309(2კ-18) 10 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან ის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2017 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ბ-ემ 20.06.2016წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 08.04.2016წ. აქტის ბათილად ცნობის და იარაღის (ლულის ნომერი ..., საკეტის ნომერი - ...) რეგისტრაციის განხორციელების დავალების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.08.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.10.2016 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2016 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული აქტი იარაღის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ს. ბ-ის მიერ მოხდა იარაღის ახალი ჩამკეტის დამზადება და ლულაზე დაყენება, რაც ფაქტობრივად ახალი იარაღის დამზადებას უტოლდება. სარეგისტრაციოდ წარდგენილი იარაღი შეუსაბამო იყო იმ იარაღის პროტოტიპთან, რომელზეც ს. ბ-ე აპელირებდა. ამდენად, საჭირო იყო ახალი დამზადებული იარაღის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცის წარდგენა, რაც ს. ბ-ეს არ მოუხდენია.

კასატორმა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ კასაცია დასაშვებია, რადგან უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. იარაღის ჩამკეტი არის იარაღის ძირითადი ელემენტი. თუ პირმა იარაღის ძირითადი ელემენტი შეცვალა მისი დამზადების გზით, იმის მიუხედავად იარაღის მოდელი იცვლება თუ არა, პირს წარმოეშობა ახალი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. იარაღზე ახალდამზადებული ძირითადი ელემენტის შეცვლა განაპირობებს იარაღის, როგორც ახალდამზადებულის დარეგისტრირების საჭიროებას. ს. ბ-ის ქმედებები უტოლდება ახალი იარაღის დამზადებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, რადგან უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე აქამდე არ უმსჯელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია, უზენაესი სასამართლო არ ახდენს ნორმათა აბსტრაქტულ, ზოგად განმარტებას. უკეთუ ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნორმათა განმარტების სისწორეზე, რადგან სუბსუმფციის განხორციელების უპირველესი პირობა სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენაა. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაასაბუთეს ახალდამზადებული იარაღის რეგისტრაციისათვის ნორმატიულად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროება, რადგან საქმის მასალებით არ დადასტურდა ს. ბ-ის მიერ ახალი იარაღის დამზადება. საქმეში დაცულია ს. ბ-ის იარაღთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი 25.03.2016 წ. N981/ბ დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზისათვის წარდგენილი იარაღი არის ... მოდელის, იარაღის ჩამკეტის ცალკეული დეტალი არის დამზადებული კუსტარული წესით და ვარგისია სროლისათვის. დასვნის თანახმად, ექსპერტის მიერ მოხდა ექსპერტიზისათვის წარდგენილი შაშხანის დეტალური გამოკვლევა და ჩამკეტის სრული დაშლა, რის შედეგადაც გაირკვევა, რომ ჩამკეტის ჩარჩო დამზადებულია ქარხნული წესით და განკუთვნილია ... სისტემის მცირეკალიბრიანი, 1961 წლის შემდეგ გამოშვებული შაშხანებისა და კარაბინებისათვის. ჩამკეტის ღერო სახელურთან ერთად, ჩახმახი, რომელსაც დამატებული აქვს საბრძოლო მდგომარეობაში ხელით მოსაყვანი დეტალი, დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად, ჩარხების გამოყენებით, რაც არ არის გათვალისწინებული ... მოდელის შაშხანებისთვის. ნემსას კვამლწარმომქმნელი სატრყამის ფორმა არ შეესაბამება ამავე მოდელის შაშხანის ნემსის სარტყამს. ამომგდების ჩამჭიდები ასევე დამზადებულია კუსტარული წესით. დასკვნის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა, რის გამოც ის წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის ... მოდელის N... მცირეკალიბრიან, სანადირო და სპორტული დანიშნულების შაშხანას. ამდენად, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ განხორციელებული სამუშაოებით იარაღის მოდელი არ შეცვლილა, ასევე უცვლელია მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, ახალი დეტალები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და იარაღი ვარგისია გამოყენებისათვის. ექსპერტიზას არ დაუდგენია ახალი დეტალების დამატებით იარაღის არსებითი ცვლილება, არ დაუდასტურებია თვისობრივად ახალი იარაღის დამზადება. ამ პირობებში კასატორთა მოსაზრება ახალი იარაღის დამზადების და შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროების შესახებ მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინება;

3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს.კ. 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.03.2018წ. N05987 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი