Facebook Twitter

ბს-440-440(კ-18) 10 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. დ-მა 27.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.01.2015წ. NA13073841-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. ჯ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2016წ. გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. დ-ის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ აუქციონი დ. დ-ის უძრავ ქონებაზე ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული აუქციონის ჩატარების შესახებ. აღმასრულებელი ვალდებული იყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებების დაწყების შესახებ ეცნობებინა მოვალისათვის. მოსარჩელეს არ ჩაბარებია წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. დ. დ-ის რამდენიმე ქონების რეალიზაცია მოხდა აუქციონზე, ამიტომ მან არ იცოდა რომელი საქმის ფარგლებში მიმდინარე აღსრულებიდან მიიღო ნამეტი თანხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ აღმასრულებელს არ ეკისრებოდა აუქციონის შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი), მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. დ-ის მისამართზე გაიგზავნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, რომელიც ჩაიბარა გ. ყ-ამ - დ. დ-ის დედამ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. სსკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე, უწყება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ადრესატისთვის გადასაცემად. განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება ჩაბარდა ადრესატის დედას, რაც უწყების მხარისათვის ჩაბარებას უტოლდება. ამდენად, კასატორის მითითება, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმეობის შესახებ, არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით მოვალეს განემარტა იძულებითი აღსრულების მოსალოდნელი ღონისძიებები, აუქციონის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო აქტის არამართლზომიერება, აუქციონის კანონდარღვევით ჩატარება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დ. დ-ისათვის სააღსრულებო წარმოების შედეგის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 01.06.2015წ., როდესაც მან მიიღო აუქციონის შედეგად ამოღებული ნამეტი თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება;

3. ლ. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი