ბს-488-488(კ-18) 17 იანვარი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. დ-ემ 16.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის - 1 000 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის - 700 000 ლარის და მატერიალური ზიანის - 300 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2016წ. გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. დ-ის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან, საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება უცვლელად არის გაზიარებული, სააპელაციო პალატას არ დაუფიქსირებია თავისი მოსაზრებები სადავო საკითხების მიმართ. ის, რომ შ. დ-ის მიმართ არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, არ გამორიცხავს უკანონო წინასწარი პატიმრობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა შ. დ-ის მიმართ ევროპული კონვენციის დარღვევა. შ. დ-ის პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი, მიმდინარეობდა მძიმე პირობებში, მით უფრო თანამდევი ავადმყოფობის გათვალისწინებით. ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია, მას დეტალურად არ უმსჯელია დავის არსებით გარემოებებზე, შესაბამისად, სახელმწიფოსათვის 6000 ევროს ოდენობით კომპენსაციის დაკისრება მოხდა მხოლოდ მომჩივანის მიერ ევროპული სასამართლოსათვის მიმართვისას გაწეული დანახარჯების ანაზღაურების მიზნით, მაგალითად, როგორებიცაა: ასლების გადაღება, დოკუმენტების თარგმნა, საფოსტო ხარჯები და სხვ.. რაც შეეხება პატიმრობისას მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ გაწეულ ხარჯებს და მორალურ ზიანს, მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ასევე არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ევროპულ სასამართლოში და მიმდინარე დავაში შ. დ-ეს ერთიდაიგივე მოთხოვნა აქვს დაყენებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ შ. დ-ის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ეროვნულ დონეზე მიმდინარე წარმოებაში დაყენებული მოთხოვნები არსებითად იდენტურია. განსახილველ დავაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ დაუსაბუთებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში არ უტარდებოდა ადეკვატური მკურნალობა, არ აწვდიდნენ შესაბამის მედიკამენტებსა და საკვებს, რის გამო მოსარჩელის ოჯახს უწევდა მსჯავრდებულის შესაბამისი საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს არამართლზომიერი ქმედებებით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზუსტად იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით ითხოვდა შ. დ-ე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის სახელმწიფოსათვის დაკისრებას. მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ოდენობებს შორის სხვაობა, არ ადასტურებს მოთხოვნათა შორის შინაარსობრივ განსხვავებას. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდა, არ არის დასაბუთებული. თავად კასატორიც ვერ უთითებს მოთხოვნათა შორის არსებულ კონკრეტულ განსხვავებებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაშვებულ განაცხადზე საქმის წარმოებას არ ამთავრებს მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილებით, საქმეზე შესაძლოა დამტკიცდეს მორიგება ან ცალმხრივი დეკლარაცია. მორიგებისაგან განსხვავებით, ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას არ არის საჭირო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა, დეკლარაცია შესაძლოა დამტკიცდეს მაშინაც, როდესაც ადგილი არ ჰქონია წინასწარი მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებს და როდესაც მომჩივანი ითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას (იხ. მაგ.: „ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“ - N65969/09 განაცხადი, 5.09.2015წ., §19-21; „მ. ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - N7607/07 და N8710/07 განაცხადები, 27.11.2018წ., §43-46). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა შ. დ-ის მიმართ არასათანადო მკურნალობის გაწევა, პატიმრობის გამოყენების დაუსაბუთებლობა და დაზარალებულს კომპენსაციის სახით შესთავაზა 6000 ევრო - მატერიალური და მორალური ზიანის, ხარჯებისა და დანახარჯების დასაფარად. ცალმხრივი შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამტკიცდა, მოსარჩელეს მიეკუთვნა 6000 ევრო, რაც ამჟამად ანაზღაურებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო ცალმხრივ დეკლარაციას ამტკიცებს არა ყველა შემთხვევაში, არამედ დავის ფაქტობრივი გარემოებების, შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნის გათვალისწინებით. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ დეკლარაციაში შეთავაზებული პირობები შესაბამისობაში მოდის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებთან და აღარ დასტურდება საჩივრის განხილვის გაგრძელების საჭიროება, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საქმის წარმოების გაგრძელება სურს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტი, 62ა1 მუხლის მე-3 ნაწ.). განსახილველ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაცია დაამტკიცა და საქმის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული აღიარების ბუნებისა და შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით. ევროპული სასამართლოს განჩინებაში მითითებულია აგრეთვე, რომ კონვენციის და მისი ოქმების შესაბამისად დაკმაყოფილებულია ადამიანის უფლებათა პატივისცემის მოთხოვნები. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა მიიჩნია განხორციელებული დარღვევის პროპორციულად და ადეკვატურად. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შ. დ-ის მიერ წარდგენილი იყო გაწეული მატერიალური ხარჯის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნამსჯელი აქვს დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე იმავე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზეც მოსარჩელე განსახილველ დავაში უთითებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი