Facebook Twitter

ბს-872(კ-18) 17 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-ამ 02.12.2016 სარჩელით მიმართა თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 18.10.2016წ. N116-23 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. დ-ასათვის „ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი აქტისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 18.10.2016წ. N116-23 საოქმო გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ნ. დ-ას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრის, რეგისტარციაში გატარება და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებით სსიპ ვეტრანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს, პირველ რიგში, უნდა დაედგინა ჩარიცხული იყო თუ არა მოსარჩელის შვილი რომელიმე სამხედრო ფორმირებაში, რომელიც მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, შემდეგ კი ემსჯელა, მისი გარდაცვალება დაკავშირებული იყო თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მიღებულ ჭრილობებთან. საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ გ. ფ-ას სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთანავე, ბატალიონ „კოლხეთის“ პირადი შემადგენლობის სიებში ჯ. ფ-ა არ ფიგურირებს. საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 24.03.2014წ. N37/ს ბრძანებით დამტკიცებული „„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის საფუძველზე საბრძოლო მოკვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ომისა და სამბედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. საქმეში დაცული ყოფილი ეროვნული გვარდიის „კოლხეთის“ ბატალიონის მთაურის - ა. ჩ-ის მიერ შედგენილი საბრძოლო მოკვლევით დასტურდება, რომ ჯ. ფ-ა ნამდვილად იყო ეროვნული გვარდიის „კოლხეთის“ ბატალიონის შემადგენლობაში მოხალისედ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი აწარმოებდა ტამიშში, ლაბრაში და ოჩამჩირის მისადგომებთან. მითითებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ჯ. ფ-ა 25.09.1993წ. სოფელ ... მიმდინარე ბრძოლის დროს უმძიმესად დაიჭრა მუცლის არეში, რის გამოც გადაყვანილ იქნა ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოში, ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ გარემოებას, აგრეთვე, ადასტურებენ ბატალიონ „კოლხეთის“ ... - ვ. ჩ-ა და ... თ. კ-ა, საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ექიმის - ნ. დ-ასა და მედდის - ი. თ-ას დასტურები, რომელთა მიხედვითაც ჯ. ფ-ა საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ომიდან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამათლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ჯ. ფ-ას საომარი მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვალების ფაქტი. მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტარციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი