Facebook Twitter

საქმე №ბს-1539(კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ. წ-ე, გ. შ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ლ. ჯ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. წ-ემ და გ. შ-მა 2016 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ. ჯ-ას მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის N06-8/248 მიმართვის, 2016 წლის 15 აპრილის N09-1/524 ბრძანების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N ... ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), 2016 წლის 27 ივლისის ლ. ჯ-აზე გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ლ. ჯ-ას შორის 2016 წლის 17 ივნისს გაფორმებული N... პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ძალაში შესვლის დღიდან;

მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის დავალება ძალადაკარგულად გამოაცხადოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის ... გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ... N32-ის მიმდებარედ 3997კვ.მეტრი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N... და ძალადაკარგულად გამოაცხადოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილება, დაყოფის საფუძველზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ... N32-ის მიმდებარედ 3997 კვ.მეტრი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N..., ნაკვეთის წინა ნომერი: ... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით გ. შ-ისა და ნ. წ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ.თბილისი, ბაგებში ... №32-ის მიმდებარედ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ლ. ჯ-ას რეგისტრირებულ უფლებაზე (დაზუსტებული ფართობი: 1940კვ.მეტრი), შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. შ-ისა და ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 09 იანვრის №06-8/248 მიმართვა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 15 აპრილის №09-1/524 ბრძანება- 1940 კვ.მეტრის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 03 ივნისის №... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ლ. ჯ-აზე გაცემული 2016 წლის 27 ივლისის №...საკუთრების მოწმობა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ლ. ჯ-ას შორის 2016 წლის 17 ივნისს გაფორმებული პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება №... და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს 2012 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ“, 2016 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ“- 1940 კვ.მეტრის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ისა და ნ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-ემ და გ. შ-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები საფუძვლიანად და ვერ განსაზღვრა იმ გარემოებათა წრე, რომელთაც იურიდიული მნიშვნელობა აქვთ მხარეთა მიერ გაცხადებულ მოთხოვნებთან მიმართებაში, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და გამოიტანა არასწორი, დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ამასთან სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, არ მიეცათ შესაძლებლობა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები.

კასატორები მიუთითებენ, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ლ. ჯ-ას სახელზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი 1940 კვ. მ, მდებარე ბაგებში, ... N32-ის მიმდებარედ, ს/კ... ოდითგანვე წარმოადგენს მათ მამაპაპისეულ საკომლო ქონებას, რომელიც ამ დრომდე შემოსაზღვრულია ღობით და ოჯახს მოწყობილი აქვს მცირე მეურნეობა. კასატორებს ასევე არსებითად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საქმეზე დართულია მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ მიწის ნაკვეთის ფლობას, ამასთან ნ. წ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გარდა, სხვა მისასვლელი გზა სადავო მიწასთან არ არსებობს, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ გამოცემული სადავო აქტები უკანონოა და ქონების გასხვისებით არსებითად ილახება მათი უფლებები. მათი მოსაზრებით, 2016 წლის 1 ნოემბრის AA 2016076120-05 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის თანხმად, კომლის უფროსი იყო ს. შ-ი, რომლის მემკვიდრებიც არიან მოსარჩელეები, ამავე კომლის წევრი იყო ნ. შ-ა, რომლის სახელზეც ირიცხება 0.34 ჰა, საიდანაც 981 კვ. მ მდებარეობს ბაგებში, ... (...) 16 ა-ში, ხოლო ნაწილი 2419 კვ. მ მდებარეობას ... N7-ში. მითითებული 2419 კვ. მ- დან ლ. ჯ-ას სახელზე უკანონოდ აღიცხულია 1940 კვ. მ, რომელიც ჯერ დარეგისტრირდა თვითმმართველის სახელზე, ხოლო შემდეგ გასხვისდა ლ. ჯ-აზე, რითაც დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები, რადგან ნ. შ-ას კომლში შედის გ. შ-ი და მის კუთვილ მიწის ნაკვეთზე გააჩნია უფლება, როგორც კომლის წევრს.

კასატორები მიუთითებენ, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივიდან სადავო მიწის ფართთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურის მიერ გათხოვნილია საკომლო ქონებაზე არსებული დოკუმენტები და მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის, თუმცა გაუგებარია როგორ დარეგისტრირდა თვითმმართველის, ხოლო შემდეგ ლ. ჯ-ას სახელზე სადავო მიწის ნაკვეთი, იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება.

კასატორების მოსაზრებით სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვერ აყალიბებს ვერანაირ მოსაზრებებს და დასკვნას მხარეთა მიერ გაცხადებულ მოთხოვნებზე, თუ რომელ ფაქტობრივ და მტკიცებულებით საფუძველს ემყარება გადაწყვეტილება, რითად დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები და სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ. წ-ისა და გ. შ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ისა და გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში, ... №7-ში მდებარე 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით აღრიცხულია ნ. წ-ის საკუთრების უფლება, მისი საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის სადავო. ასევე დადგენილია, რომ ნ. წ-ისა და გ. შ-ის სახელზე თანასაკუთრებით, მათი წილის შესაბამისად, რეგისტრირებულია საკუთრების უფლება ს/კ ...–ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართიც არის 1962 კვ. მ. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოთი დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით ს/კ ... (სადავო 1940 კ.მ ლ. ჯ-ას სახელზე გასხვისებული) და ს/კ ... (თვითმმართველზე რეგისტრირებული, რომელიც არ არის სადავო) მდებარეობს ს/კ ... (ნ. წ-ის საკუთრება), ს/კ ... (ა. შ-ის საკუთრება) საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებთან მიმდებარედ, თუმცა მიწის ნაკვეთების გადაფარვა არ ხდება. ხოლო ს/კ ... (თანასაკუთრებით რეგისტრირებული 1962 კვ.მ, მდებარეობს ... ქ. N16ა-ში, რომელსაც არანაირი შეხება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთთან არ აქვს, შესაბამისად არ ფიქსირდება ზედდება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის შეფასებას, იმ პირობებში, როდესაც არც ნ. წ-ის და არც გ. შ-ის სახელზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, ამავე დოკუმენტებში მითითებული ოდენობებისა და მდებარეობების გათვალისწინებით, აღრიცხული კონკრეტული მიწის ნაკვეთები, არ მოქცეულა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებულ, სადავო მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მდგომარეობით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნები.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს გაცემული №AA2016076120-05 საარქივო ცნობის საფუძველზე, მოსარჩელეებს გააჩნიათ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი და 0.34 ჰა მიწის ნაკვეთი არ იყო ერთიანი და სხვადასხვა ადგილას მდებარეობდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კომლის სახელზე შესაძლებელი იყო აღრიცხული ყოფილიყო მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთიც, რაც გამოყოფილი და გადაცემული ჰქონდა კომლს, საარქივო ცნობა კი რომელზედაც აპელირებენ მოსარჩელეები, გაცემულია ... N16ა–ში, რაც გამორიცხავს მათი უფლების არსებობას ... მდებარე ქონებაზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/4468-12), გ. შ-მა სასამართლოში სარჩელით მოითხოვა გარდაცვლილი ნ. შ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა და ნ. შ-ას სახელზე აღრიცხული ქონება მდებარე ... ქ. N16-ში მას გადაეცა, როგორც ყ. შ-სა და ნ. შ-ას შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან გამომდინარე ურთიერთობის მხარეს, აწ გარდაცვლილი ყ. შ-ის უფლებამონაცვლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთ–ერთ უფლების დამდგენ დოკუმენტს ... N16ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 1962 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში გ. შ-ის სახელზე რეგისტრაციისა საჯარო რეესტრში, რაც ასევე მიუთითებს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ. წ-ეს ან გ. შ-ს, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობა ან საკუთრების უფლება ეზღუდება სადავო რეგისტრაციით, რაც გამორიცხავს სარჩელის სადუძვლიანობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. წ-ისა და გ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს - ნ. წ-ესა (პ/ნ ...) და გ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 10.12.2018წ. №118806504 საგადახდო დავალებით გ. შ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე