საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1568(კ-18) 5 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ლ. ფ-ი, თ. კ-ი, ლ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - დ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის, თ. კ-ისა და ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილება 2057 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი №...) 566.28 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის N... და 2014 წლის 03 ივლისის ... გადაწყვეტილებებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ 50 ლარის გადახდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 02 ივლისის განჩინებით (საქმე №3/99-14) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა უძრავ ნივთზე მიწის ნაკვეთი 2057.00 კვ.მ მდებარე ყაზბეგის რაიონი, ... (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრაციის განხორციელება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ფ-ის, თ. კ-ისა და ლ. ფ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ. ფ-ის, თ. კ-ის და ლ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ფ-ის, თ. კ-ის და ლ. ფ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის, თ. კ-ის და ლ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კასატორებს - ლ. ფ-ს, თ. კ-სა და ლ. ფ-ს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2019 წლის 6 თებერვალს კასატორის წარმომადგენელს - მ. ნ-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 7 თებერვალს პირადად ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 8 თებერვლიდან დაიწყო და 2019 წლის 14 თებერვალს (ხუთშაბათს) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ფ-ის, თ. კ-ის და ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე