საქმე Nბს-576-576(2კ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე); 2. დ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. კ-ემ 2016 წლის 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-36/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის დ. კ-ეზე 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-36/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღუდგინოს დ. კ-ეს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღუდგინოს დ. კ-ეს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. კ-ეს დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და დ. კ-ემ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დ. კ-ემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ შეცვალა გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გააუქმა იგი. პალატამ 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის აღდგენის თაობაზე, არასწორი განმარტება გააკეთა და არასწორად მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ თითქოსდა დ. კ-ისთვის ცნობილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომლითაც მას შეუწყდა ასაკობრივი პენსია 2013 წლის 1 დეკემბრიდან. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ. კ-ეს 2013 წლის 1 დეკემბერს პენსია შეუწყდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. უფრო მეტიც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზეც, რომ დ. კ-ეს ჩაბარდა ის ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც მას შეუწყდა პენსია. კანონმდებლობით მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მტკიცებულების წარმოდგენის ნაცვლად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი შემოიფარგლა ზეპირი განცხადებით, რომ დ. კ-ეს პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, რომელზეც გამოცემულია ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დ. კ-ე ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო კვლევით ცენტრ „დელტაში“. 2013 წლის იანვრიდან იგი იღებდა ასაკობრივ პენსიას, 2013 წელის 1 დეკემბრიდან მას შეუწყდა პენსია ისე, რომ მას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არ ჩაბარებია და არც ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია ადმინისტრაციული ორგანოდან, რის გამოც კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა, იმ სამართლებრივ საფუძველზე, თუ რატომ და რა საფუძველზე მოხდა ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. „დელტას“ მისი დაარსებიდან არ შეუცვლია პროფილი და არც „პენსიის შესახებ“ კანონში არ შესულა ცვლილება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „დაინტერესებული პირის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, ასევე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან სამი დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. დ. კ-ეს არ ჩაბარებია და ოფიციალურად არ მომხდარა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი საფუძველი რის საფუძველზე გამოიცემა სამართლებრივი აქტი და ასევე მითითებული უნდა იქნეს გასაჩივრების წესი და ვადები, რათა იმ პირმა, ვის მიმართაც არის გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეძლოს თავისი უფლებების დაცვა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ დ. კ-ეს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს, ამ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, უკანონო ქმედების გამო 2013 წლის 1 დეკემბრიდან სრულიად უკანონოდ შეუწყდა პენსია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით სახელმწიფო არის გარანტი ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, რის გამოც სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან დაირღვა დ. კ-ის უფლებები და ზიანი მიადგა მის კანონიერ ინტერესებს, როგორც სამართლებრივად, ასევე მატერიალურად, რის გამოც, მას უნდა აღუდგეს ის უფლებები, რაც უკვე მოპოვებული ჰქონდა და მით უფრო იმ პირობებში, როცა პენსიის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით დ. კ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ დ. კ-ემ 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №57995-36/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით დ. კ-ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). დ. კ-ე დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ დ. კ-ის მიერ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე მითითება.
ამასთან, დ. კ-ე საკასაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ვერც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა იგი წარმოდგენილი სასამართლოში, რის გამოც პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ შიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს დ. კ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელი იძლევა დ. კ-ის 2016 წლის 19 ივლისის მიმართვის საფუძველზე 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული №57995-36/16 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. 2016 წლის 1 აგვისტომდე დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც ძალაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება. ამდენად, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუღებელი პენსიის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე