Facebook Twitter

საქმე Nბს-675-675(კ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (მოპასუხე)

მოსარჩელე - ლ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ლ. კ-ეებმა 2016 წლის 17 მაისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის 2012 წლის 8 ოქტომბერს გაცემული №4/-5/139-12 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ისა და ლ. კ-ის სარჩელი მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ლ. კ-ეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტ მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ. კასატორმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის №000176 დადგენილების თანახმად, მ. კ-ე დაჯარიმდა 10.000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, ... ქუჩა №35-ში ორსართულიანი კაპიტალური შენობის უნებართვო მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მ. კ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ... ქუჩა №35-ში უნებართვოდ აშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟი. მოსარჩელემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავო გახადა სააპელაციო და საკასაციო წესით, რის შედეგადაც, საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის №000176 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 ლარი შემცირდა 8000 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი. სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2012 წლის 8 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის №000176 დადგენილების საფუძველზე გაიცა №4-5/139-12 სააღსრულებო ფურცელი და დაევალა მ. კ-ეს ქ. თბილისში, ... ქუჩა №35-ში უნებართვოდ აშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟი.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2010 წლის 20 ოქტომბრის №000176 დადგენილებით გათვალისწინებული უკანონო ნაგებობა მ. კ-ის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით და მისი დემონტაჟი გამოიწვევს საკუთრების უფლების დარღვევას, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღსრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - მ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 31.05.2018წ. №4 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე