13კოლ 13 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
თ. თოდრია
განიხილა მსჯავრდებულ კ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-სა და მსჯავრდებულ კ. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, გ. ხ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, აგრეთვე, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კ. ნ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით; კ. ს-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. ხ-ლი, კ. ნ-ლი და კ. ს-ლი 2003 წლის 30 აგვისტოს ქარელის რ-ის სოფ. --- ჩავიდნენ ქ. თბილისში, სადაც --- სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დალიეს ალკოჰოლური სასმელი. გ. ხ-ლი დროებით დასცილდა მეგობრებს და დაახლოებით 3 საათზე მეტროს სადგურ „---ის» მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუჯდა კერძო ტაქსის მძღოლს, რ. ა-ვს, რომელსაც უთხრა, რომ წაეყვანა ავჭალისაკენ. «---ების» ხიდთან რ. ა-მა, მგზავრის მოთხოვნით გააჩერა ავტომანქანა და მასში ჩასხდნენ კ. ნ-ლი და კ. ს-ლი. მძღოლს უთხრეს, წასულიყო დიდ დიღომში. ---ის ავტოსადგურთან ჩაასხეს 10 ლარის ბენზინი, ფული გადაიხადა გ. ხ-მა. დიდ დიღომში მძღოლის გვერდით მჯდომმა გ. ხ-მა დანარჩენებს უთხრა: „დაიწყეთო». უკან მჯდომმა კ. ნ-მა რ. ა-ვს ყელზე დანა მიადო, უბრძანა, მანქანა გაეჩერებინა და გადასულიყო. დაზარალებული დაემორჩილა მოთხოვნას. საჭესთან დაჯდა გ. ხ-ლი, მაგრამ მანქანის ამუშავება ვერ შეძლო, რის გამოც დანის გამოყენების მუქარით რ. ა-ვი აიძულეს, დახმარებოდა გ. ხ-ლს მანქანის ამუშავებაში. კ. ნ-მა მას დანით მიაყენა დაზიანებები მარჯვენა იდაყვის არეში, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. რ. ა-ვს გვერდით მიუჯდა კ. ნ-ლი, საჭესთან დაჯდა გ. ხ-ლი და გადაჭარბებული სიჩქარით წავიდნენ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. --- საგუშაგოსთან არ დაემორჩილნენ მორიგე პოლიციელებს და გზა განაგრძეს. კასპის რ-ის სოფ. --- გ. ხ-მა ვერ დაიმორჩილა საჭე, ავტომანქანა მოცურდა და გაჩერდა. კ. ნ-ლი და კ. ს-ლი გაიქცნენ, ხოლო გ. ხ-ლი დააკავეს პოლიციელებმა. მან დაასახელა თანამზრახველები _ კ. ნ-ლი და კ. ს-ლი. ეს უკანასკნელი მეორე დღეს დააკავა პოლიციამ, ხოლო კ. ნ-ლი მიიმალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ გ. ხ-მა 2003 წლის 2 აგვისტოს ქარელის რ-ის ტერიტორიაზე დააზიანა ლ. კ-ის ქონება, რითაც მიაყენა 640 ლარის ოდენობის ზიანი.
მსჯავრდებულებს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. გ. ხ-ლს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 1 სექტემბრიდან. კ. ნ-ლს მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 დეკემბრიდან. კ. ს-ლს სსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 1 სექტემბრიდან.
მსჯავრდებული კ. ს-ლი საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებას და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სამსჯავრო სხდომაზე არ გამოკვლეულა. განაჩენი ეყრდნობდა დაუშვებელ მტკიცებულებებს.
ადვოკატი დ. ა-ძე საჩივრით მოითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და კ. ნ-ის მიმართ, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება წინასწარი გამოძიებისას კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, სსსკ-ის 481-ე მუხლის დარღვევით გამოქვეყნებულ დაზარალებულის ჩვენებას.
ადვოკატი კ. ხ-ლი საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებასა და გ. ხ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა რ. ა-მა შეგნებულად აარიდა თავი სასამართლოში გამოცხადებას. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და უკანონოდ დაეყრდნო დაზარალებულის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ა-ემ მხარი დაუჭირა მის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა კ. ნ-ის მიმართ განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება და საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი ემყარება წინასწარი გამოძიებისას კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, სსსკ-ის 481-ე მუხლის დარღვევით სამსჯავრო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულის ჩვენებას, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული კ. ნ-ლი.
ადვოკატმა კ. ხ-მა მხარი დაუჭირა მის საჩივარს, მოითხოვა განაჩენის გაუქმება და სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის საფუძველზე გ. ხ-ის მიმართ საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და უკანონოდ დაეყრდნო დაზარალებულის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს.
ადვოკატ კ. ხ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გ. ხ-მა და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა კ. ს-მა მხარი დაუჭირა მის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სამსჯავრო სხდომაზე არ გამოკვლეულა. განაჩენი ეყრდნობდა დაუშვებელ მტკიცებულებებს.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გ. ხ-ის, კ. ნ-სა და კ. ს-ის მიმართ განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მათ მიერ დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებულა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით გამოქვეყნდა რ. ა-ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, ვინაიდან დაზარალებულის სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. მსჯავრდებულთა მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, გარდა დაზარალებულის ჩვენებებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს ---მა ინსპექტორმა გ. ზ-მა განმარტა, რომ 2003 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 4 საათზე დაურეკა თანამშრომელმა _ ტ. ბ-ემ და დახმარება ითხოვა. სოფ. --- მან და გ. ტ-მა შეამჩნიეს, რომ «მოსკვიჩის» მარკის ავტომანქანასთან, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, იდგა ტ. ბ-ძე. მძღოლის გვერდით მჯდომი პირი შველასა და საჭესთან მყოფის დაკავებას ითხოვდა. დაკავებული გ. ხ-ლი აღმოჩნდა, ხოლო დაზარალებული _ რ. ა-ვი. ორი პირი გაიქცა. სოფ. --- დააკავეს კ. ს-ლი. მან და გ. ხ-მა დანაშაული აღიარეს.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა _ გ. ტ-მა და ტ. ბ-ემ. ამ უკანასკნელმა სასამართლოში მთლიანად დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომელიც მისი შუამდგომლობით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. ტ. ბ-ემ წინასწარი გამოძიებისას განმარტა, რომ «მოსკვიჩის» მარკის ავტომანქანაში გ. ხ-ის გვერდით მჯდომ პიროვნებას პერანგი სისხლიანი ჰქონდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რ. ა-ვს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მიყენებულია მჭრელი იარაღისა და ბლაგვი საგნის მოქმედებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მსჯავრდებულთა ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გ. ხ-ის, კ. ნ-სა და კ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.