14-კოლ 6 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ოშხარელი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ნ. დ-ვს საქართველოს სსკ-ის 17, 104-ე მუხლის VI ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 104-ე მუხლის IV, VI, IX ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 240-ე მუხლის I, II, III ნაწილებით (1991 წლის 26 ივნისის რედაქცია), 110-ე მუხლის I ნაწილით (1992 წლის 29 თებერვლის რედაქცია), 353-ე მუხლის I ნაწილით, 143-ე მუხლის II ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ე», „თ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 239-ე მუხლის I, II, III ნაწილებით, 179-ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის II ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის III ნაწილით, მე-19,109-ე მუხლის „ა», „ბ», „გ», „თ», „ო» ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის I ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 16 მარტიდან.
განაჩენით ნ. დ-ვს მსჯავრი დაედო, რომ მან ჩაიდინა:
განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით;
განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან რამდენიმე პირისა, იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა;
სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება;
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება საბრძოლო ვაზნებთან ერთად;
პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება;
ხულიგნობა, ე.ი. ისეთი ქმედებისათვის, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ყაჩაღობა, ე.ი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით ჯგუფურად, არაერთგზის;
სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით;
განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირისა, ჯგუფურად, არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფ. ---, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, დაახლოებით 15 საათზე, სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდნენ ამავე სოფელში მცხოვრები მ. ფ-რი და ზ. გ-ლი, რა დროსაც ავტომანქანა „უაზით» გამოიარეს მ. ფ-ის დედის ნათესავებმა გორის რაიონის --- მცხოვრებმა ი. ხ-მა და მისმა ბიძაშვილმა ზ. ხ-მა, რომლებიც ასევე კარგ ურთიერთობაში იყვნენ ზ. გ-თან. ზ. და ი. ხ-ებმა მ. ფ-რი და ზ. გ-ლი დაპატიჟეს გორის რაიონის სოფ. --- გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რასაც ეს უკანასკნელნი დათანხმდნენ. მათ სოფ. --- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაძვნარში გააჩერეს მანქანა, იქვე გაშალეს სუფრა და დაიწყეს ქეიფი. სამ-სამი ჭიქის დალევის შემდეგ მათთან მივიდა ზემო არცევში მცხოვრები ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ. დ-ვი, რომელმაც მისვლისთანავე უთხრა მ. ფ-რს: «ვინ იცის, რამდენი ოსი გეყოლება მოკლულიო» და მოულოდნელად გაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულზე მ. ფ-მა უთხრა, რომ ის ოსი ეროვნების მოქალაქეებს ვერ დახოცავდა, რადგან ამ პერიოდში დაპატიმრებული იყო და სასჯელს იხდიდა, რის შემდეგაც ნ. დ-მა, ი. და ზ. ხ-ებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მ. ფ-რს და ზ. გ-ლს. ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სოფ. --- მეურნეობის ხილის ბაღის მიმართულებით, მათი განზრახ მოკვლის მიზნით. მისვლისთანავე გადმოიყვანეს მანქანიდან მ. ფ-რი, წააქციეს და ზ. ხ-მა ნ. დ-ის დანით მიაყენა მას დაზიანება თავის, ხელის და ფეხის არეში, ხოლო ნ. დ-მა ასევე განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ჩაარტყა თავის არეში მანქანის ასამუშავებელი რკინის ხელსაწყო, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანებები თავის, ხელისა და ფეხის არეში, აგრეთვე თავის ტვინის შერყევა, რაც ერთობლიობაში წარმოადგენს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მიღებული დაზიანებების შედეგად მ. ფ-მა დაკარგა გონება და მათ ჩათვალეს რა განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოყვანილად, გაანებეს თავი.
აღნიშნულის შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან ზ. გ-ლი, რომელსაც დარაჯობდა ზ. ხ-ვი და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით ნ. დ-მა და მასთან მყოფმა პირებმა ბლაგვი და მჭრელი საგნის მოქმედებით მიაყენეს მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილებზე და თავის არეში, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები თავის ტვინის არეში და ზ. გ-ის სიკვდილი. ნ. დ-მა, ი. და ზ. ხ-ებმა ჩათვალეს რა, რომ მ. ფ-რი მკვდარი იყო, მიიჩნიეს, რომ ორი პირის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით სისრულეში იყო მოყვანილი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გრკვეული დროის გასვლის შემდეგ მ. ფ-რი მოვიდა გონზე, გავიდა საავტომობილო გზაზე და შემთხვევით შემხვედრი მოქალაქეების მიერ მოთავსებულ იქნა გორის რაიონულ საავადმყოფოში.
1997 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 17 საათზე და 30 წუთზე გორის რაიონის სოფ. --- მცხოვრები ბ. თ-ძე თავისი კუთვნილი ვაზ-2121 მარკის მანქანით პირად საქმეზე მოძრაობდა გორის რაიონის სოფ. ---ის ტერიტორიაზე. ამ დროს სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა ამავე სოფელში მცხოვრები ნ. დ-ვი, რომელსაც თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი თავის ვაზნებთან ერთად, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა და ინახავდა. ვინაიდან ნ. დ-სა და ბ. თ-ეს შორის არსებობდა კონფლიქტური დამოკიდებულება, ნ. დ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მოკვლა და გაისროლა ავტომატიდან ჰაერში, რის შემდეგ ბ. თ-ემ გააჩერა მანქანა მოსახლეობის თავშეყრის ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრში, გადმოვიდა მანქანიდან და თან გადმოიტანა მის უკანონო მფლობელობაში არსებული „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ნ. დ-მა დაინახა რა ავტომანქანიდან გადმოსული ბ. თ-ძე, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით პირდაპირი დამიზნებით ესროლა ავტომატური იარაღის ჯერი ბ. თ-ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის, ორივე ფილტვის, მარცხენა თირკმლის და ღვიძლის დაზიანებით. გულმკერდის მარცხენა მალის მოტეხილობა და სხვა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები, რასაც შედეგად მოჰყვა ბ. თ-ის სიკვდილი. მოიყვანა რა თავისი განზრახვა სისრულეში, ნ. დ-ვი მივიდა ბ. თ-ის გვამთან, აიღო გარდაცვლილის ავტომატური იარაღი, გაიტაცა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1997 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე გორის რაიონის სოფ. --- ნ. დ-მა ვინმე ვადიკთან და გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, იმყოფებოდნენ რა ნასვამ მდგომარეობაში, ჩაიდინეს ბოროტი ხულიგნობა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, რომლებიც უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და ასევე უკანონოდ ატარებდნენ. კერძოდ, აღნიშნულ დროს გორის რაიონის სოფ. --- მცხოვრები რ. მ-ძე მოძრაობდა საკუთარი ავტომანქანით „ვაზ-2106»-ით სოფ. --- ცენტრში მდებარე უნივერმაღის ტერიტორიაზე, სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილზე, რა დროსაც მას წინ გადაუდგა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. დ-ვი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა თავის საბრძოლო ვაზნებთან ერთად. აღნიშნული იარაღის მუქარით გააჩერებინა მან ავტომანქანა რ. მ-ეს, ავტომატის კონდახით ჩაუმტვრია წინა საქარე მინა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ. დ-მა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ ი. მ-რს, რ. გ-ლს, რ. მა-სა და მ. ე-ლს. რა დროსაც მისი მოქმედება გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმით, განსაკუთრებული თავხედობით, რის შემდეგ ნ. დ-ვი ვინმე ვადიკთან და გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1997 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 21 საათზე გ. ე-რი თავისი კუთვნილი ავტომანქანით „ვაზ 2106»-ით ა. ბ-თან ერთად მოძრაობდა სოფელ ---ში. აღნიშნულ დროს მათ წინ გადაუდგა ნ. დ-ვი შეიარაღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა თავის საბრძოლო ვაზნებთან ერთად. ამ დროს მას თან ახლდა ა. გ-ვი. ნ. დ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააჩერებინა მათ მანქანა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და მათი ქონების დაუფლების მიზნით ჩაუჯდა მათ მანქანაში და უკანონოდ აღუკვეთა რა თავისუფლება, მიიყვანა ს. ც-ის სახლის ეზოში, სადაც პისტოლეტის მუქარით, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა დაუწყო მათ ცემა შეშის ნაჭრით. ამ დროს შეკრებილი ხალხის დახმარებით გაიპარნენ არკადი ბიბილური და გ. ე-რი შემთხვევის ადგილიდან. ყაჩაღობის გზით დაუფლებული ავტომანქანა კი ნ. დ-მა გ. ე-რს დაუბრუნა ერთი თვის შემდეგ.
1998 წლის 6 მაისს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს განყოფილების ინსპექტორები გ. კ-ლი, ა. უ-ლი, გ. ა-ლი და ნ. მ-ლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფ. --- ნ. მ-ლი და გ. კ-ლი დარჩნენ სოფელ ---ში, ხოლო გ. ა-ლი და ა. უ-ლი იმყოფებოდნენ სოფელ ---ის შესასვლელთან, ყოფილი ფერმების ტერიტორიასთან. დაახლოებით 20.00 საათზე საავტომობილო გზასთან მათ შეხვდა ავტომანქანა ვაზ-2107-ით მიმავალი გორის შს სამმართველოს საპატრულო საგუშაგო სამსახურის პოლიციელი გ. დ-რი, რომელიც გააჩერეს და დაუწყეს საუბარი. რამდენიმე წუთის შემდეგ მათთან გაჩერდა ვაზ-21-01 მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მთვრალი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. დ-ვი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა თავის საბრძოლო ვაზნებთან ერთად. მან ოსურ ენაზე დაუწყო საუბარი გ. დ-რს, რის შემდეგ მივიდა გ. ა-თან და ა. უ-თან, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსთხოვა იარაღის გადაცემა, შემდეგ კი ესროლა მათ ფეხების მიმართულებით. გ. დ-რი შეეცადა, შეეჩერებინა ნ. დ-ვი, რომ შეეწყვიტა სროლა. აღნიშნულით უკმაყოფილო ნ. დ-მა ავტომატის კონდახი ჩაარტყა მას სახეში და მოიშორა. ამავე დროს ნ. დ-თან ერთად მყოფი, გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი გადმოვიდა მანქანიდან, ავტომატური იარაღის მუქარით წაართვეს გ. ა-ლს და ა. უ-ლს ტაბელური იარაღები, უბრძანეს მათ დამჯდარიყვნენ მიწაზე, რაც მათ შეასრულეს. ნ. დ-მა იცოდა რა რომ გ. ა-ლი იყო პოლიციის თანამშრომელი, მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით ესროლა მას მისივე წართმეული იარაღიდან და ჩათვალა რა, რომ თავისი განზრახვა მოიყვანა სისრულეში, გაიტაცა პოლიციელების ტაბელური პისტოლეტები და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. შემთხვევის შედეგად გ. ა-მა მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ბარძაყის არეში ზომით 2X1.15 სმ, ბარძაყის ძვლის მსხვრევადი მოტეხილობით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გ.ა-ლი დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
1997 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათზე გორის რაიონის სოფ. --- მცხოვრები მ. გ-ლი მოძრაობდა გორის რაიონის სოფ. --- თავისი კუთვნილი ავტომანქანით „ვაზ-2106», რა დროსაც წამოეწია ფურგუნიანი „მოსკვიჩის» ტიპის ავტომანქანა, გადაუსწრო და ისე რომ მარცხენა ფრთა დაუზიანა, გააჩერებინა მას ავტომანქანა.
ფურგუნის ტიპის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. დ-ვი, დ. ც-ლი და მ. დ-ლი, რომლებმაც განახორციელეს მასზე ყაჩაღური თავდასხმა. სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით გადმოიყვანეს მ. გ-ლი მანქანიდან, დაუწყეს ცემა და იმ მოტივით, რომ თითქოს მან დაუზიანა მათ მანქანა, რის შემდეგ ნ. დ-ვი ჩაჯდა მ. გ-ის ავტომანქანაში, სადაც იარაღის მუქარით ჩასვა ეს უკანასკნელიც, უკანონოდ აღუკვეთა რა თავისუფლება, წაიყვანა იგი არხის ნაპირზე, სადაც გადმოიყვანა მანქანიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მარცხენა ფეხის არეში მიაყენა ჭრილობის სახით, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ კვლავ ჩასვა მანქანაში, წაიყვანა ზემო არცევში, მისთვის უცნობი ქალის ოჯახში, რომელმაც მას დაუმუშავა ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ ნ. დ-მა კვლავ ჩასვა მანქანაში მ. გ-ლი და მიიყვანა არხის ნაპირზე, სადაც შეკრებილმა ხალხმა გააშვებინა იგი.
1997 წლის 27 მაისს გორის შს სამმართველოს --- ქვეგანყოფილების საპატრულო საგუშაგოს სამსახურის პოლიციელი მ. ი-თი და ამავე განყოფილების --- ი. ბ-ლი, მისივე კუთვნილი მანქანით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოძრაობდნენ გორის რაიონის სოფ. ---, რა დროსაც დაახლოებით 23 საათზე გაუფუჭდათ მანქანა. მანქანის შეკეთების დროს მათთან გაჩერდა «ფურგონი მოსკვიჩის» ტიპის მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ნ. დ-ვი, რომელსაც თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. მასთან ერთად მანქანიდან გადმოვიდნენ მ. დ-ლი და დ. ც-ლი, რომლებსაც ასევე თან ჰქონდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და ასევე უკანონოდ ატარებდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა მ. ი-მა და ი. ბ-მა, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, ნ. დ-ვს და მასთან მყოფ პირებს მოსთხოვეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა, რაზედაც განაწყენებული ნ. დ-ვი ძალადობის მუქარის გამოყენებით არ დაემორჩილა რა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწია მათ, ი. ბ-ლს სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შემდგომ შეძლეს მიმალულიყვნენ შემთხვევის ადგილიდან.
1998 წლის 26 ივნისს, გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ამავე განყოფილების პოლიციის თანამშრომლები დ. ი-ძე, თ. ჩ-ძე და დ. შ-ძე ამ უკანასკნელის ავტომანქანით ვაზ 2103-ით იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფ. ---, მოსალოდნელი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. სოფ. ---, მათ გ. ც-ის მიტოვებულ სახლთან, დაეშვათ მანქანის საბურავი და მისი აღდგენის მიზნით გადმოვიდნენ მანქანიდან. ამ დროს წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჩადენილი ჰქონდათ რა ყაჩაღობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. დ-ვი, მასთან ერთად მყოფი მ. ც-ლი და გამოძიებით დაუდგენელი პირები, რომლებსაც ასევე თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები გადმოვიდნენ მანქანიდან. გადმოსვლისთანავე ნ. დ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა დ. შ-ის ვაზ 2103 მარკის ავტომანქანა, მოკვლის მუქარით გასტაცა მას სამი ცალი „მაკაროვის» სისტემის ტაბელური და „აკს»-ის სისტემის --- ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი და „აკს»-ის სისტემის --- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც მან სხვებთან ერთად იარღის მუქარით და ძალის გამოყენებით ჩასვა დ. ი-ძე დ. შ-ის ავტომანქანის საბარგულში, ხოლო თ. ჩ-ძე მანქანის უკანა სალონში და უკანონოდ აღუკვეთა რა თავისუფლება, მიიყვანა ისინი სოფ. --- მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ ფერმის ნანგრევებთან, სადაც მოგვიანებით მივიდა მ. ც-ლი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად. მათ პოლიციის თანამშრომლებს დაუწყეს ცემა, აწამებდნენ ანთებული სიგარეტით. თ. ჩ-ეს გასტაცეს 18 ლარი და გასაღებების ასხმა, დ. შ-ეს გასტაცეს გასაღებების ასხმა, მანქანიდან გასტაცეს სათადარიგო საბურავი, ღირებული 50 ლარად, გაანადგურეს მანქანის უკანა ხედვის სარკე ღირებული 15 ლარად, სასიგნალე მოწყობილობა ღირებული 40 ლარად, რის შემდეგ გაათავისუფლეს ისინი.
1998 წლის 28 აგვისტოს დაახლოებით 19 საათზე ლ. თ-ძე, თავისი ნათესავის, ავტოინსპექციის თანამშრომლის დ. დ-ის კუთვნილი „ვაზ 2109» მარკის ავტომანქანით სოფ. --- მოძრაობდა სოფელ ---ის ფაბრიკის დასახლებაში დ. დ-თან ერთად. სოფ. --- იგი მივიდა ბენზინგასამართ სადგურში ბენზინის ჩასასხმელად, რა დროსაც მასთან მივიდა ნ. დ-ვი, შეიარაღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მოსთხოვა თაყაძეს პისტოლეტი. როდესაც გაიგო, რომ იგი არ იყო პოლიციის მუშაკი, გაბრაზდა „მაშინ ციმციმა რატომ გიკეთიაო» და ავტომატიდან გასროლით ჩაამსხვრია ციმციმა, შემდეგ ავტომატიდან გასროლით დააზიანა ავტომანქანის ორივე წინა საბურავი და წინა მოპირკეთება, შემოარტყა თაყაძეს, რის შემდეგ ჩაამსხვრია სავაჭრო ჯიხურის მინა. ამ დროს მასთან მივიდა --- ნ. ვ-ლი პოლიციის ფორმაში და მოუწოდა მას წესრიგისაკენ, რაზეც ნ. დ-მა ძალადობით და ასეთის გამოყენების მუქარით გაუწია მას წინააღმდეგობა, დააყენა მუხლებზე ლევან თაყაძესთან ერთად და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1998 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 21 საათზე გორის რაიონის სოფ. --- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. დ-ვი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, შენახული და ასევე უკანონოდ ატარებდა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად „ვაზ 2109» მარკის ავტომანქანით მივიდა სოფლის ცენტრალურ გზაზე გაჩერებულ ა. ო-ის კუთვნილ თეთრი ფერის „ვაზ 2107» მარკის სახ. ¹რ 81-86 ავტომანქანასთან, ნ. დ-მა, ჩადენილი ჰქონდა რა ადრე ყაჩაღობა, დაუდგენელ პირებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით იქ მჯდომი ი. ქ-ლი და ა. ო-ლი გადმოაგდო მანქანიდან და გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა. ა. ო-მა და ი. ქ-მა აღნიშნული შეატყობინეს სოფელში პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად მყოფ გორის შს განყოფილების თანამშრომლებს დ. ქ-ლს და ჯ. მ-ლს, რომლებმაც ი. ქ-ლი ჩასვეს ავტომანქანაში და წავიდნენ თავდამსხმელების მოსაძებნად. მათ ჯარაშენი - აძვისთავში გააჩერეს ავტომანქანა. რამდენიმე წუთში მათ გატაცებული ავტომანქანით მიადგა ნ. დ-ვი, რომელმაც პოლიციის მუშაკებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუწყო სროლა. პოლიციის მუშაკების მიერ საპასუხო გასროლის შემდეგ ნ. დ-მა მიატოვა გატაცებული ავტომანქანა და მიიმალა.
1998 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, რუსეთის სამშვიდობო ჯარების ეფრეიტორი ს. დ-ნი იმყოფებოდა რა სოფელ ---ში წყაროსთან სხვა ჯარისკაცებთან ერთად. მან წყაროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომანქანასთან შენიშნა, რომ სოფელში მცხოვრებ ნ. დ-სა და ავტომანქანაში მსხდომ პირებს შორის მოხდა შეკამათება. ს. დ-ნი შეეცადა მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას, რა დროსაც ნ. დ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მიაყენა მას სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2002 წლის 9 ივნისს დაახლოებით 21 საათზე ნ. დ-მა და ძიებით დაუდგენელმა სხვა პირებმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით, გორის რაიონის სოფელ ---ში, მოიტაცეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება არასრულწლოვან ნ. ნ-ეს, რომელიც წაიყვანეს ახალციხის რაიონის სოფელ ---ში. ნ. ნ-ემ ღამით მოახერხა მათგან გაპარვა და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.
2004 წლის 16 მარტს გამთენიისას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გორის რაიონის სოფ. --- მდებარე ფერმებთან საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგეგმილ იქნა ძებნილი ნ. დ-ის დაკავება. აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები გ. გ-ია, ი. ბ-ძე, ნ. მ-ლი, ლ. კ-ნი, ი. ი-ძე, გ. მ-ძე და ი. ჩ-ძე ჩასაფრდნენ ორ ჯგუფად. დაახლოებით 10 საათზე ფერმის შენობასთან გაჩერდა მწვანე ფერის „ვაზ2121» მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ნ. დ-ვი და ბ. დ-ვი. სუს თანამშრომლებმა მოქმედება დაიწყეს ერთობლივად მას შემდეგ, რაც ნ. დ-ვი გადმოვიდა ავტომანქანიდან. მათ რუსულ ენაზე მიმართეს ნ. დ-ვს და ბ. დ-ვს, რომ იყვნენ სუს თანამშრომლები და დანებებულიყვნენ. მიუხედავად გაფრთხილებისა, ნ. დ-მა განიზრახა თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა და მათი სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, საქამრიდან ამოიღო, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „სტეჩკინის» სისტემის ავტომატური პისტოლეტი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა თავის საბრძოლო ვაზნებთან ერთად, მოახდინა რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა სუს თანამშრომლების ი. ბ-ის, ნ. მ-ის, ი. ი-სა და გ. მ-ის მიმართ, მაგრამ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ნ. მ-მა მასზედ რიცხული „ჩზ»-ს სისტემის ავტომატური პისტოლეტიდან საპასუხო გასროლებით ნ. დ-ვს მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, რის შემდეგაც გახდა შესაძლებელი მისი განიარაღება და დაკავება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე ნ. დ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა ნ. ს-ემ, იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმე განხილული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნათა დარღვევებით, მოითხოვა აღნიშნული განაჩენის გაუქმება, ნ.დუდავის მსჯავრდების ყველა ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ხოლო ნ.დუდაევის მიერ გ.ელიაურის მიმართ განხორციელებული ქმედების სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირება.
მსჯავრდებული ნ. დ-ვი დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ჩ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მთლიანად დასტურდება ნ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის განაჩენი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების მ.ფ-ის, თ.რ-ის, გ.ა-ის, მ.გ-ის, მ.ი-ის, კ.ბ-ის, დ.შ-ის, დ.ი-ის, თ.ც-ის, ჯ.მ-ის, ნ.ნ-ის, გ.გ-ას, ნ.მ-ის, ი.ბ-ის, ლ.კ-ის, ი.ი-ის, გ.მ-ის, ი.ჩ-ის როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, დაზარალებულების რ.მ-ის, გ.ე-ის, კ.ბ-ის, ლ.თ-ის, ა.ო-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, მოწმეების ნ.ხ-ის, კ.ვ-ის, ლ.ბ-ის, ზ.გ-ის, ი.ქ-ის, ლ.ნ-ის, კ.ნ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზების, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ნ. დ-ის მიმართ შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საოლქო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ნ. დ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი ასევე დამამძიმებელი გარემოებები და პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად ნ. დ-სათვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.
პალატას მიაჩნია, რომ ნ.დუდაევს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ა», «გ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 3 წლით, ვინაიდან სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. სსკ-ის 109-ე მუხლით (2000 წლის რედაქცია) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომად განსაზღვრული იყო ათიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ნ. დ-ვს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ა», «გ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) სასჯელის ზომად შეიძლება განესაზღვროს არაუმეტეს 20 წლის სამი მეოთხედი, ანუ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლით, 561-ე მუხლის «ა» და «დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ნ. დ-ვს მოეხსნას სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ნ. დ-ის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (1982 წლის 29 თებერვლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ა», «გ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 წლით და განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ნ. დ-სათვის დანიშნული სასჯელი, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.