Facebook Twitter

საქმე №ბს-1045 (კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ბ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ,,კ. ბ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის 23.10.2016 წლის №MOD 8 16 00897553 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 21 დეკემბრის №MOD 8 16 00000034 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება 1015 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 19 სექტემბრიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დავალება 1967,2 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ 2010 წლის მიუღებელი შვებულების ანაზღაურება 457,43 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-ის სასარგებლო ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ. ბ-ის

სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ. ბ-ის სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი შვებულების ანაზღაურება 457,43 (ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-ემ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4789.60 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გაშვების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით კობა ბარდაველძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოყენებული კანონი განმარტა არასწორად, ასევე არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს აქტის გასაჩივრებას, როცა განმცხადებელი დარწმუნებულია მიღებული პასუხის უსაფუძვლობაში, ამავე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს, ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა მიღებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა თანდასწრების პრინციპის დარღვევით არ განიხილა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით კ. ბ-ის უფლებამოსილება, ერთი თვის ვადაში გაესაჩივრებინა თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 17 ივლისის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, როდესაც ფაქტობრივად ცნობილი გახდა მისი უსაფუძვლობა და უკანონობა, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს თუ რა შემთხვევაში დაეკისრება პირს ზიანის ანაზღაურება, რომლიდან გამომდინარედაც კ. ბ-ისათვის თავდაცვის სამინისტროს მიერ განზრახ, გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანს ადასტურებს ის გარემოება, რომ კ. ბ-ეს 2010 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, ავადმყოფობით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის წინ ძალოვან სტრუქტურებში ნამსახურები ჰქონდა თითქმის კალენდარული 22 წელი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, შეიძლება დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია. მან 2013 წლის 28 ივნისის განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინსიტროს ეშუამდგომლა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და განცხადებასთან ერთად სამინისტროსთვის წარედგინა საჭირო საბუთები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 17 ივლისის №3/4-2026/1 წერილით უარი უთხრა თხოვნის დაკმაყოფილებაზე. ფაქტობრივად, სამინისტროს ხელთ ქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №44 ბრძანება და შ.ს სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართელოს უფროსის 2008 წლის 14 იანვრის №36 ბრძანება მხარეთა შეთანხმებით კ. ბ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადაყვანის შესახებ, 21 წლის 11 თვის და 21 დღის საერთო წელთა ნამსახურებით, მაგრამ განზრახ თუ გაუფრთხილებლობით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უთხრა უარი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ეშუამდგომლა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, აქედან გამომდინარე, სახეზეა თავდაცვის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას უშუალოდ მიუძღვის ბრალი 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე კ. ბ-ის კუთვნილი კომპენსაციის მიუღებლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ ზიანი მიყენებულია განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებდა მის მიმართ გამოცემულ საქართველოს შეიარაღებული ძალების

გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 17 ივლისის აქტზე, რომლითაც კ. ბ-ეს უარი ეთქვა სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის წარდგინების გაგზავნაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. იმ პირობებში, როდესაც კ. ბ-ეს სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგინების გაგზავნაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ბ-ს მოთხოვნას, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, იმდენად რამდენადაც ვერ იქნა დადასტურებული მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 მარტამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 4789,60 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე