Facebook Twitter

#ბს-580-580(კ-18) 8 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) – ზ. ჯ-ე, თ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 აგვისტოს ტ. და ზ. ჯ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ მოითხოვეს 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი ოჯახის დეკლარაციისა და 69850 სარეიტინგო ქულის, 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციისა და 107 960 სარეიტინგო ქულის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება აღუდგინოს ტ. და ზ. ჯ-ეებს 2015 წლის ივლისის თვიდან, მანამდე არსებული ფულადი სოციალური დახმარება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიანიჭონ სარეიტინგო ქულები და გამოსცენ ახალი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს საოქმო განჩინებით ტ. და ზ. ჯ-ეების სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ტ. და ზ. ჯ-ეების სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ონის მაგისტრატ მოსამართლეს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ტ. და ზ. ჯ-ეების სასარჩელო მოთხოვნაზე 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი ოჯახის დეკლარაციისა და მასზე დარიცხული სარეიტინგო ქულების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. ჯ-ისა და ზ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების მიერ შედგენილი – 2015 წლის 13 დეკემბრის დეკლარაცია და მასზე დარიცხული 107 960 სარეიტინგო ქულა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილება და 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენა დაევალა, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

მაგისტრატმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. და ტ. ჯ-ეები რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლის 23 მაისიდან, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქალაქი ონი, ... ქუჩა #151, ოჯახის წევრთა რაოდენობა 2, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზ. ჯ-ე, ოჯახის სარეიტინგო ქულა 58270.

მაგისტრატმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტით, ფორმა #100 – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჯ-ე დაავადებულია ვასკულარული ეპილეფსიით და საჭიროებს მუდმივ მომვლელს, ტ. ჯ-ეს გადატანილი იშემიური ინსულტის შემდგომ, აქვს დამბლა მოტორული ნეირონების დაზიანებით და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. და ტ. ჯ-ეებს 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი „ოჯახის დეკლარაციის“ დამუშავების შემდგომ, შეუწყდათ სოციალური ფულადი დახმარება.

მაგისტრატმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ზ. და ტ. ჯ-ეებს (წარმომადგენელი ქ. ხ-ე) უარი ეთქვა 2015 წლის 28 ივნისამდე არსებული სარეიტინგო ქულებისა და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის აღდგენაზე.

ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ზ. და ტ. ჯ-ეებს (წარმომადგენელი ქ. ხ-ე, თ. ლ-ე) 2015 წლის 13 დეკემბრის „ოჯახის დეკლარაციისა“ და მასზე დარიცხული სარეიტინგო ქულების ბათილად ცნობის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

მაგისტრატმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ონში, ... ქუჩა #151–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რომელსაც ტ. და ზ. ჯ-ეების გარდა, ჰყავს სხვა თანამესაკუთრეები, რომლებიც ფაქტიურად ფლობენ და განკარგავენ თავიანთ წილობრივ ქონებას, შესაბამისად, მოიხმარენ ელექტროენერგიას და წყალს. ტ. და ზ. ჯ-ეები, წლის განმავლობაში, მოიხმარენ დაახლოებით, 55–60 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას. ამასთან, ტ. ჯ-ე არის სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფი და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა სოციალურ–ეკონომიკური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახეზეა მათი კანონიერი ინტერესი, იყვნენ რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდნენ სოციალურ ფულად დახმარებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შემდგომი არსებობისათვის. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე გამოცემული, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი „ოჯახის დეკლარაციის“ და მასზე დარიცხული სარეიტინგო ქულის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილს გამოცემული #04/32898 გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 21 იანვარს გამცემული #04/4124 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები. ამასთან, მაგისტრატმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას უნდა დავალებოდა, შეედგინა ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მაგისტრატმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ მოსარჩელეთა ფაქტობრივი ქონებრივი მდგომარეობის რეალური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, არასწორი მონაცემების დეკლარაციაში შეტანის შედეგად, ჩაიდინეს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

ამასთან, მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.

მაგისტრატმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი „ოჯახის დეკლარაციისა“ და მასზე დარიცხული სარეიტინგო ქულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის მოტივით განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელემ აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულმა განყოფილებამ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ტ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ჯ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება; ტ. ჯ-ის (უფლებამონაცვლე თ. ჯ-ე) და ზ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს ზ. და ტ. ჯ-ეების ოჯახში ვიზიტი განახორციელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა. ოჯახის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეივსო ოჯახის დეკლარაცია (რაც დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით), სადაც ასახულია ზ. და ტ. ჯ-ეების ჯანმრთელობის (ფიზიკური) მდგომარეობა. დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის #758 დადგენილების შესაბამისად.

ოჯახის სარეინტიგო ქულამ დეკლარაციის დამუშავების შემდეგ შეადგინა 107960 ერთეული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ოჯახის დეკლარაციის“ B3 პუნქტის მე-2 გრაფაში ასახულია ტ. ჯ-ის ფიზიკური მდგომარეობა. მითითებულია, რომ მას დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. აღნიშნული ფაქტის ამ სახით მითითების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ დეკლარაციის შევსების დროს ტ. ჯ-ე იჯდა მაგიდასთან. შესაბამისად, ტ. ჯ-ე იმ მომენტში არ იყო სარეცელს მიჯაჭვული ან ლოგინად ჩავარდნილი.

დეკლარაციის A8 გრაფაში დაფიქსირებულია, რომ ოჯახის შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი შეადგენს 70 კვ.მ. ხოლო A9 გრაფის მიხედვით აღნიშნული საცხოვრებელი მოიცავს 5 (ხუთ) ოთახს. ამასთან, სახლი არის საკმაოდ კეთილმოწყობილი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დეკლარაციის E1 გრაფის თანახმად, ოჯახის მიერ 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებულია 260 ლარი (რაც დასტურდება მონაცემთა ბაზიდან აბონენტის ნომერზე დარიცხული თანხით). აბონენტის ნომერი ეკუთვნის ტ. ჯ-ეს. სხვა პირი, როგორც აბონენტი, დაფიქსირებული არ არის. ასევე, დეკლარაციის B3 გრაფაში დაფიქსირებულია წყლის მოხმარებისათვის გადასახდელი თანხა - 12 ლარი. ოჯახში წყალსაც მხოლოდ ორი წევრი (ტ. და ზ. ჯ-ეები) მოიხმარდა.

სააპელაციო სასამართლო, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს დეკლარაციის D1 მუხლზე, ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც შემოხაზულია - არა, თუმცა საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოჯახი ასეთ ნაკვეთს ფლობდა. კერძოდ, ტ. ჯ-ის სახელზე შემოწმების დროისთვის ონის რაიონის სოფელ ... ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი, ფართით 3858.00 კვ.მ. (ს/კ ...) და 1334.00 კვ.მ. (ს/კ ...).

დადგენილია, ასევე რომ ტ. ჯ-ე გარდაიცვალა (გარდაცვალების თარიღი 14.01.2017წ იხ. გარდაცვალების მოწმობა).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მათი ოჯახისთვის 107960 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რომელთაც დადგინდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის შეფასების წესი. მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შინამეურნეობათა კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მუხლის მე-2 პუნქტით. მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში ოჯახის დეკლარაციაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებლის ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

სააპელაციო პალატის მითითებით, სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიის სპეციფიკა სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განსახილველ შემთხვევაში გაიზიაროს აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტების კანონიერების ეჭქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც თავად ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეავსო „ოჯახის დეკლარაცია“, რაც დაადასტურა დეკლარაციაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებებით, არის უსაფუძვლო.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დაგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება სარეგისტრაციო ქულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა როგორც მოსარჩელეთა, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ოჯახისათვის მაღალი სარეინტიგო ქულის მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ და თითქოს სააგენტოს წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემები იქნა შეტანილი ოჯახის დეკლარაციის A8 გრაფაში (საცხოვრებელი საერთო ფართობის მითითების გრაფაში) D1 გრაფაში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობის ნაწილში). ზ. და ტ. ჯ-ეების ოჯახის ბოლო შეფასება განხორციელდა 2015 წლის 13 დეკემბერს. შედეგად, 2016 წლის 12 იანვარს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 107960 ერთეული. დელარაციაში მითითებული გარემოებების სისწორე კი დადასტურდა ზ. ჯ-ის ხელმოწერით, საჯარო რეესტრის ამონაწერით და კომუნალური ხარჯების გაწევის ქვითრებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მხრიდან წარდგენილი იყო დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია ონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით გასაჩივრებულ ნაწილში, ხოლო მოსარჩელეთა მხრიდან კი წარდგენილი ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც სასამართლოს მისცემდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების 2015 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ოჯახისათვის 107960 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, სსიპ სოციალური მომსაუხრების სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს შეივსო ზ. ჯ-ის (ტ. ჯ-ე გარდაცვლილია) ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა 107960. შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვოს ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და თ. ჯ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა მითითებით, არასწორად არის დადგენილი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ვიზიტი 2015 წლის 13 დეკემბერს განახორციელა, ვინაიდან 2015 წლის 13 დეკემბერი დასვენების დღე იყო. კასატორები აღნიშნავენ, რომ მისი ვიზიტი 2015 წლის 11 დეკემბერს შედგა, რაც მაგისტრატ სასამართლოში დაადასტურა თვითონ წარმომადგენელმა და მოწმემ.

ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ თითქოს ოჯახის დეკლარაცია ოჯახის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეივსო. კასატორთა მითითებით, სადავო 2015 წლის 13 დეკემბრის დეკლარაციის ყველა ფურცელს ხელმოწერა არ აქვს, იქ იკითხება მხოლოდ სახელი ზ.. აღნიშნულით ვერ დასტურდება ის, თუ ვისი ხელმოწერაა ან ის, რომ მას ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო თავისი ნება გამოეხატა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ნ. ჯ-ემ დაადასტურა, რომ სააგენტოს წარმომადგენელმა ჯ-ეების ოჯახი ისე დატოვა, რომ დეკლარაცია არ შეუვსია. ამასთან, ზ. ჯ-ეს დაეწყო ეპილეფსიური შეტევა და მას არც ფიზიკურად და არც გონებრივად არ შეეძლო გაეცა რაიმე ინფორმაცია და ისე მოეწერა ხელი.

კასატორები ასევე განმარტავენ, რომ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დეკლარაციის შევსების დროს ტ. ჯ-ე მაგიდასთან იჯდა. სასამართლო ვერ ასაბუთებს ტ. ჯ-ის მაგიდასთან ჯდომის ფაქტს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ ტ. ჯ-ე ლოგინს იყო მიჯაჭვული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. და თ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ზ. და თ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და თ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ჯ-ის (უფლებამონაცვლე თ. ჯ-ე) და ზ. ჯ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზ. და ტ. ჯ-ეები რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლის 23 მაისიდან, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი 030317800367, მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქალაქი ონი, ... ქუჩა #151, ოჯახის წევრთა რაოდენობა 2, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზ. ჯ-ე, ოჯახის სარეიტინგო ქულა 58270.

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტით, ფორმა #100 – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ ზ. ჯ-ე დაავადებულია ვასკულარული ეპილეფსიით და საჭიროებს მუდმივ მომვლელს; ტ. ჯ-ეს გადატანილი იშემიური ინსულტის შემდგომ, აქვს დამბლა მოტორული ნეირონების დაზიანებით და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. და ტ. ჯ-ეებს 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი „ოჯახის დეკლარაციის“ დამუშავების შემდგომ, შეუწყდათ სოციალური ფულადი დახმარება.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ზ. და ტ. ჯ-ეებს (წარმომადგენელი ქ. ხ-ე) უარი ეთქვათ 2015 წლის 28 ივნისამდე არსებული სარეიტინგო ქულებისა და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის აღდგენაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. და ტ. ჯ-ეებს (წარმომადგენლები - ქ. ხ-ე, თ. ლ-ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან უარი ეთქვათ 2015 წლის 13 დეკემბრის „ოჯახის დეკლარაციისა“ და მასზე დარიცხული სარეიტინგო ქულების ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, ქ. ონში, ... ქუჩა #151–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რომელსაც ტ. და ზ. ჯ-ეების გარდა ჰყავს სხვა თანამესაკუთრეები, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ თავიანთ წილობრივ ქონებას, შესაბამისად, მოიხმარენ ელექტროენერგიას და წყალს. ტ. და ზ. ჯ-ეები, წლის განმავლობაში, მოიხმარდნენ დაახლოებით 55–60 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას. ამასთან, ტ. ჯ-ე იყო სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფი და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ტ. და ზ. ჯ-ეების მოთხოვნაზე 2015 წლის 28 ივნისს შედგენილი ოჯახის დეკლარაციისა და მასზე დარიცხული სარეგისტრაციო ქულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. განჩინება არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. და ტ. ჯ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი დეკლარაცია და მათზე დარიცხული 107960 სარეგისტრაციო ქულა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილება და 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ახალი დეკლარაციის შევსება დაევალა. ამასთან, ტ. და ზ. ჯ-ეებს უარი ეთქვათ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილებისათვის 2015 წლის ივლისის თვიდან მანამდე არსებული სოციალური დახმარების მოსარჩელეთათვის აღდგენის დავალდებულების ნაწილში. მოცემული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ტ. და ზ. ჯ-ეების მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს, იგი გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების ეროვნული სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზ. და ტ. ჯ-ეების სასარჩელო განცხადებას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულ ნაწილში ამოწმებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, ამ პაქტის წევრი სახელმწიფოები ცნობენ ყველას უფლებას სოციალურ უზრუნვეყოფაზე..., მე-11 მუხლი კი ადგენს უფლებას ცხოვრების სათანადო დონეზე.

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური უფლებებით ადამიანის უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებრივი მიზნების შესრულებისათვის, რამდენადაც ადამიანის განვითარება, მის მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რიგი უფლებების ეფექტური რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანსაღ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალური მდგომარეობის ამგვარი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების, მათ შორის, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რაც, უპირველესად, სახელმწიფოში სოციალური დახმარების მწყობრი, ქმედითი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით მიიღწევა. ამასთან, სოციალურ სფეროში სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციასა და, შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სოციალური დახმარების ფორმირებული სისტემის პრაქტიკაში ჯანსაღი გამოყენება. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური უფლებების მიმართ არსებულ ნეგატიურ ვალდებულებებს, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია ზემოხსენებული პოზიტიური ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით უზრუნველყოს სოციალურ უფლებათა დაცვა და შეამციროს მისი ხელყოფის რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, ნეგატიური ვალდებულების ჭრილში, სახელმწიფო ვალდებულია, თავად არ ხელყოს იგი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით კი, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი).

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე; ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სარეიტინგო ქულა.

საკასაციო სასამართლო სარეიტინგო ქულის სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ #ბს-509-506(2კ-17) საქმეზე მიღებული 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიუთითა: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებისა და მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომელიც უშუალოდ განსაზღვრას ოჯახის სამართლებრივ მდგომარეობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. სწორედ სარეიტინგო ქულით წყდება შემწეობის გაცემა/არ გაცემის საკითხი და სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ რიგი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება; ხოლო სარეიტინგო ქულის გამოთვლის წესი თუ უშუალოდ ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის მიწოდების ფორმა, გავლენას ვერ მოახდენს სარეიტინგო ქულის აქტად მიჩნევაზე, ვინაიდან, განმსაზღვრელია არა მისი ფორმა, არამედ მისი სამართლებრივი ბუნება.“

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მასზედ, რომ ზ. და ტ. ჯ-ეების (წარმომადგენლები - ქ. ხ-ე, თ. ლ-ე) მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან „ოჯახის დეკლარაცია“ შედგა 2015 წლის 13 დეკემბერს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 აქტის თანახმად, 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე სარეიტინგო ქულის დარიცხვა განხორციელდა 2016 წლის 12 იანვარს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე, რომლის თანახმად, 2015 წლის 13 დეკემბრის „ოჯახის დეკლარაციის“ D1 მუხლში, ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც შემოხაზულია - არა, თუმცა საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოჯახი ასეთ ნაკვეთს ფლობდა. კერძოდ, ტ. ჯ-ის სახელზე შემოწმების დროისთვის ონის რაიონის სოფელ … ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი, ფართით 3858.00 კვ.მ. (ს/კ ...) და 1334.00 კვ.მ. (ს/კ ...).

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით. ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრას შორის არსებული დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი საჯარო ინფორმაციები და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა სწორედ ამგვარ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოახდინოს.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ მართალია ტ. ჯ-ის სახელზე ოჯახის შემოწმების დროისთვის ონის რაიონის სოფელ … ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი, ფართით 3858.00 კვ.მ. (ს/კ ...) და 1334.00 კვ.მ. (ს/კ ...), თუმცა აღნიშნულ ნაკვეთებზე ტ. ჯ-ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციის გაუქმება, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 სექტემბრის #... და #... გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა. ამდენად, სარეიტინგო ქულის დარიცხვის მომენტისათვის, ანუ 2016 წლის 12 იანვრისათვის, ტ. ჯ-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთები აღარ ირიცხებოდა. მიუხედავად ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით ის მონაცემები გამოიყენა, რომლებიც ქულის მინიჭების პერიოდში აღარ არსებობდა. აღნიშნული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე ვალდებული იყო სამართლებრივი შედეგის დამდგენი სარეიტინგო ქულის განსაზღვრა სწორედ აქტის გამოცემის დროისათვის არსებული ინფორმაციის გამოყენებით მოეხდინა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შეფასებამდე და მის შემდგომაც სარეიტინგო ქულის განსაზღვრამდე პერიოდში ტ. და ზ. ჯ-ეების წარმომადგენელმა - ქ. ხ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია ტ. ჯ-ის საკუთრებაში უძრავი ქონების არამართებულად არსებობისა და, შესაბამისად, მათი მხრიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოთხოვნის წარდგენასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დეკლარაციის E1 გრაფაში ოჯახის მიერ 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული თანხის 260 ლარის ოდენობით განსაზღვრის მართებულობასთან მიმართებით, რამდენადაც ქ. ონში, ... ქუჩა #151–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რომელსაც ტ. და ზ. ჯ-ეების გარდა, ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ თავიანთ წილობრივ ქონებას, შესაბამისად, მოიხმარენ ელექტროენერგიას და წყალს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა და, მითუმეტეს, თანამფლობელთა არსებობის პირობებში, ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული თანხის ოდენობის დადგენისათვის იმ პირის განსაზღვრა, ვისაც აბონენტის ნომერი ეკუთვნის და მონაცემთა ბაზიდან ამ აბონენტისათვის დარიცხული თანხების მოძიება არ წარმოადგენს საკმარის ინფორმაციას უძრავ ქონებაში მცხოვრები პირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და დახარჯული წყლისათვის საჭირო თანხის განსაზღვრისათვის. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა ქ. ონში, ... ქუჩა #151–ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეთა რაოდენობა და აღნიშნულ მესაკუთრეთა მხრიდან ამ ქონებით სარგებლობის ფაქტი, შესაბამისად, ზ. და ტ. ჯ-ეების მიერ ელექტროენერგიისა და წყლისათვის საჭირო ყოველწლიური ხარჯის დაფიქსირება მოეხდინა მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებისა და საჭირო სამკურნალო პროცედურების გათვალისწინებით, ტ. ჯ-ე წარმოადგენდა სარეცელს მიჯაჭვულ ავადმყოფს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასების საწინააღმდეგოდ, საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული ზემოხსენებული გარემოებების უარყოფა არ შეიძლება დაეფუძნოს მარტოოდენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებას, რომ დეკლარაციის შევსების დროს ტ. ჯ-ე იჯდა მაგიდასთან, შესაბამისად, იმ მომენტში იგი არ იყო სარეცელს მიჯაჭვული ან ლოგინად ჩავარდნილი, რამდენადაც აღნიშნული მითითება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს დადასტურებული. ამგვარი ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მოპასუხე მხარე ვერ აქარწყლებს მოსარჩელეთა მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულ გარემოებას ტ. ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დეკლარაციის ხელმოწერა არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენითა თუ სასამართლო წესით ეჭქვეშ დააყენოს ოჯახის დეკლარაციის შედგენისა და დარიცხული სარეიტინგო ქულის კანონიერება. ასეთ ვითარებაში, დეკლარაციაში დაფიქსირებული და სარეიტინგო ქულის დასამუშავებლად სპეციალურ პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის მართებულობა დგინდება არა დეკლარაციაზე ხელმოწერის არსებობა-არარსებობის გარკვევით, არამედ „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული ან/და პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის რეალურად არსებულ, ობიექტურ გარემოებებთან გადამოწმების გზით. ამდენად, მხოლოდ დეკლარაციაზე ხელმოწერის ფაქტი ვერ განსაზღვრავს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების სანდოობას, შესაბამისად, ამგვარი ხელმოწერის მიუხედავად, ადმინისტრაციული საჩივრისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისა თუ სამართალწარმოების ფარგლებში დეკლარაციაში წარდგენილი ინფორმაცია დამატებით გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. და თ. (ტ. ჯ-ის უფლებამონაცვლე) ჯ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. და ტ. (უფლებამონაცვლე - თ. ჯ-ე) ჯ-ეების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და მასზე დარიცხული 107960 სარეიტინგო ქულა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს, ოჯახის დეკლარაციის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეავსოს ახალი დეკლარაცია და განსაზღვროს ოჯახის სარეიტინგო ქულა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული მდგომარეობით ტ. ჯ-ე გარდაცვლილია, ამდენად, მოპასუხეს უნდა დაევალოს, ოჯახის დეკლარაციის შევსების დროისათვის დაადგინოს, თანაცხოვრობენ თუ არა ტ. ჯ-ის უფლებამონაცვლე - თ. ჯ-ე და ზ. ჯ-ე და ეწევიან თუ არა ისინი საერთო საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვროს მათი თანაცხოვრების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - მხოლოდ ზ. ჯ-ის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. და თ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ჯ-ისა და ტ. ჯ-ის (უფლებამონაცვლე თ. ჯ-ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების მიერ 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და მასზე დარიცხული 107960 სარეიტინგო ქულა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის #04/4124 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და 2016 წლის 21 აპრილის #04/32898 გადაწყვეტილება;

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონულ განყოფილებას დაევალოს, შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და განსაზღვროს ოჯახის სარეიტინგო ქულა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი