საქმე №ბს-70(კს-19) 25 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მოსარჩელე - ო. გ-ი
მოპასუხეები - საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 8 მაისს ო. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ და 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონოდ იქნა ცნობილი ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიეთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება 2018 წლის 11 ოქტომბერს კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ხოლო 2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივარზე უარის თქმის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც გარანტირებულია მხარეთა ნების თავისუფლება, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები: დაიწყონ საქმის წარმოება სასამართლოში, დაამთავრონ საქმე მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე და ა.შ.
სასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმებით, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ნების შესაბამისად განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ 2018 წლის 14 ნოემბრის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება კერძო საჩივაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე