# ბს-157-157(2კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
25.05.2015წ. სს ,,…მა’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენის 09.07.2014წ. №33227 ბრძანების, 10.07.2014წ. №6-488 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.08.2014წ. №38457 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.04.2015წ. გადაწყვეტილების ურთიერთადამოკიდებულ პირებზე გაცემულ სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გავრცელების ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2015წ. გადაწყვეტილებით სს ,, …ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.07.2014წ. №33227 ბრძანება და 10.07.2014წ. №6-488 საგადასახადო მოთხოვნა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაცემულ სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გავრცელების ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,, …ის’’ მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.08.2014წ. №38457 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.04.2015წ. გადაწყვეტილება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაცემულ სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გავრცელების ნაწილში. მოპასუხეებს დაეკისრათ სს ,, …ის’’ სასარგებლოდ 2952,95 ლარის სოლიდარულად გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2017წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2015წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ,, …ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო პროცენტის გამოყენების არამართლზომიერების თაობაზე. ეროვნული ბანკი თავად ადგენს და გამოჰყავს სესხის საბაზრო პროცენტი, რაც ვერ შეეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში 2008-2009 წლებში საანგარიშო პერიოდებში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი მერყეობდა 13%-დან 15%-მდე, რაც განსხვავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთისაგან, რომელიც შეადგენს 18%-ს. კომპანიის მიერ სასესხო ხელშეკრულებით სესხის გაცემა განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულებით დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (18%) გამოყენება კანონშესაბამისია და არსებობს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე საბაზრო-საპროცენტო განაკვეთის გავრცელების საფუძველი. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც ეწინააღმდეგება ამავე საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 21.11.2016წ. მიღებულ №3/ბ-475-2016წ. განჩინებას, რომელშიც სასამართლომ იმსჯელა სქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 176-ე მუხლზე და დაადგინა, რომ საგადასახადო ორგანომ ორ ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის სასესხო ურთიერთობის შეფასებისას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საბაზრო ფასის განსაზღვრისას ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მსგავს პროდუქტზე (სესხი) გამოყენებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. სასამართლომ დაადგინა, რომ ორ ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების (გარიგების) შეფასებისას საგადასახადო ორგანომ მართებულად გამოიყენა გარიგების დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ საქმეს გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ სადავოდ არ არის გამხდარი მოცემულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების ფაქტი. ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულებით დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე, კანონშესაბამისია საპროცენტო განაკვეთად 18%-ის გამოყენება და არსებობს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის გავრცელების საფუძველი. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთი არ შეიძლება განხილული იყოს სასესხო ხელშეკრულებებზე ფაქტობრივ ფასად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ურთიერთდამოკიდებულებების გარიგების შედეგებზე მოქმედების ეჭვქვეშ დაყენება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორების პოზიცია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა საგადასახადო კოდექსის საქონლის მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები, რომლის თანახმად საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე (საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხ.).
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა (მე-17 მუხ.). სესხის სახეობის მიხედვით განსხვავებულად დგინდება საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია რომელი სახეობის სესხის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი გაავრცელა განსახილველ შემთხვევაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას გასაჩივრებული აქტების დაუსაბუთებლობის თაობაზე იმ ნაწილშიც, რომლითაც საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ სესხის ხელშეკრულების მონაწილეების ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა იქონია გარიგების შედეგზე. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების საპროცენტო განაკვეთად განსაზღვრული 13-17% მკვეთრად არ განსხვავდებოდა ამავე პერიოდში კომერციულ ბანკებთან გაფორმებული სესხების საპროცენტო განაკვეთისაგან, რომელიც 16%-ს შეადგენდა. კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, ავტომატურად არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას გარიგებაზე გაავრცელოს საბაზრო ფასი. საგადასახადო კოდექსი ადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების არსებობისას მათ ურთიერთდამოკიდებულების მხედველობაში მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახინა გარიგების შედეგზე (18.2 მუხ.). ამდენად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სსიპ შემოსავლების სამსახურმა ზემოთმითითებული საკითხების გარდა მსჯელობა უნდა იქონიოს საკითხზე, თუ სესხის ხელშეკრულების მონაწილეების ურთიერთდამოკიდებულებამ რამდენად მოახდინა გავლენა გარიგების შედეგზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი