Facebook Twitter

ბს-224-224(კ-18) 10 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 23.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 18.02.2016წ. აქტის ბათილად ცნობის და წყალმომარაგების ტარიფის გადახედვის თაობაზე კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ შპს-ს 2016 წლის 01 იანვრიდან გაუუქმდა კვალიფიციური საწარმოს სტატუსი, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია და აღირიცხა სს „ე…ს“ აბონენტად, რის შემდეგაც შპს „...ს“ მნიშვნელოვნად გაეზარდა ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი იმასთან შედარებით, ვიდრე კომისიას ტარიფის გადაანგარიშებისას ჰქონდა გათვალისწინებული. „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ 3.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით წყალმომარაგების ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე. წყალმომარაგების ტარიფის განსაზღვრისას კომპანიას სრულად უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის ელექტრო-ენერგიის შესყიდვის ღირებულება. სემეკს ელექტრო-ენერგიის შესყიდვის გაზრდილი ხარჯი უნდა გაეთვალისწინებინა არა მომავალი - 2017 წლიდან, არამედ მიმდინარე - 2016 წლიდან. კომისიის სადავო გადაწყვეტილებით გაიზარდა კომპანიის ბიზნეს და საინვესტიციო რისკები. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რის გამო სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სასამართლოს კომისიისათვის უნდა დაევალებინა ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ 2016 წელს არ არსებობდა ტარიფის გადაანგარიშების საფუძველი, რადგან სადავო პერიოდში მოქმედი, კომისიის 29.08.2008წ. N18 დადგენილებით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ (ძალადაკარგულია კომისიის 08.10.2017 N 21 დადგენილებით) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი იყო ტარიფის კორექტირების 3 საფუძველი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ელექტროენერგიაზე ტარიფების ცვლილება („ბ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ შპს-ს მიერ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან უდავოდ დასტურდება, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფი არ დადგენილა, შპს-ს ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი შეეცვალა თავისი ინიციატივით, სწორედ შპს-მ მოითხოვა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაციის გაუქმება და მიმართა სს „ე...ს“ აბონენტად აყვანის მოთხოვნით. ამდენად, შპს „...ისთვის“ ელექტროენერგიის ხარჯის გაზრდა გამოწვეული იყო მისივე გადაწყვეტილებით და არა ელექტრო-ენერგიის შესყიდვის ტარიფის ზოგადი ცვლილებით. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებების გათალისწინებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ხარჯის გაზრდის გამო წყალმომარაგების ტარიფის გადახედვა წარმოადგენს შპს „...ის“ მომდევნო სატარიფო რეგულირების პირობებში განსახილველ საკითხს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მომდევნო - 2017 წელს წყალმომარაგების ტარიფის განსაზღვრისას კომისიამ გაითვალისწინა მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის გაზრდილი ხარჯი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2018წ. N15 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი