Facebook Twitter

#ბს-306-306(კ-18) 10 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. დ-ემ 07.03.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ‘’...ას’’ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2016წ. №151173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ხაზობრივ ნაგებობაზე (გაზსადენზე) დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების, ასევე მოპასუხე მხარისთვის სასამართლო და არასასამართლო ხარჯების დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. განჩინებით სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმაციის შედეგად მოთხოვნილ იქნა ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარემოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ასა’’ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2017წ. განჩინებით დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე სადავო ხაზობრივი ნაგებობა აშენებულია თავისი სახსრებით და შესაბამისად, უნდა მიეცეს მასზე საკუთრების უფლების შეძენის/დარეგისტრირების საშუალება, რასაც ვერ ახორციელებს მოცემული დავის ფარგლებში. ამდენად, სახეზეა უფლების უკანონო შეზღუდვა. ზემოაღნიშნული ნათქვამის გასამყარებლად კასატორი მიუთითებს ამერიკის კონსტიტუციის მეხუთე შეწორებაზე, რომლის მიხედვითაც შეზღუდვამ საკუთრება არ უნდა მოსპოს. ასევე კასატორი მოიხმობს ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის მე-17, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და ევროკონვენციის 1-ელ მუხლებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არ ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და კანონქვემდებარე აქტების არასწორი ინტერპრეტაციით არღვევენ ადამიანის ძირითად უფლებებს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვინაიდან არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ დასკვნები, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითზე გადაწყვეტილების მისაღებად. "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მიზნებისათვის ხაზოვანი ნაგებობა უძრავი ნივთია (მე-2 მუხლის "ა" ქვეპ.). საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებებით დ. დ-ეს განემარტა ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის (ექპლუატაციაში მიღების აქტი, მშენებლობის ნებართვა) წარდგენის ვალდებულება, ან I კლასის მშენებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დადასტურება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარმოდგენილია III კატეგორიის დაბალი წნევის გაზსადენი, რომელიც " მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების 65 მუხლის მიხედვით განეკუთვნება I კლასის შენობა-ნაგებობას. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. დ-ის მიერ არც სარეგისტრაციო ორგანოში და არც საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი ორგანოსაგან მიღებული მშენებლობის დადასტურება, ასევე არ არსებობს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის ან ექსპლუატაციაში მიღების აქტის სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს დ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტების გამოცემისას მოქმედებდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2017წ. განჩინება;

3. დ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი