Facebook Twitter

#ბს-332-332(კ-18) 10 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

29.07.2014წ. მ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სს ,,...ისა’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხეთათვის აუქციონის წესით შეძენილ და გადაუცემელ ქონებაზე გადახდილი თანხის - 4399.29 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2014წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 399,29 აშშ შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2015წ. განჩინებით საქმე გადაეცა განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ სამქეთა პალატის 24.11.2015წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2014წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 4399.29 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2016წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამდენად, საკუთრების უფლებას გასხვისებულ კონტეინერებზე მხარე იძენდა საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ. შესაბამისად, თანხის გადახდის შემდგომ მყიდველს სრულად უნდა გადასცემოდა შეძენილი ნივთი. პირველადი ვალდებულება იყო თანხის გადახდა, ხოლო შემდგომში შეძენილი ნივთის სრულად მიწოდება. ამდენად, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის 11.3 მუხლის შესაბამისად, მყიდველს მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის სრულად გადახდის შემდეგ 3 წლის განმავლობაში უნდა დაეყენებინა მოთხოვნა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა სამინისტროს თანხის გადახდა, ვინაიდან სამინისტრომ მოახდინა სს ,,...ის’’ კაპიტალიდან ამოღებული კონტეინერების აუქციონზე გატანა და მათი რეალიზაცია, თუმცა საქონლის მიწოდებას აწარმოებდა სს ,,...ა’’. კასატორმა აღნიშნა, რომ კონტეინერების მიუწოდებლობაში სამინისტროს ბრალეულობა არ იკვეთება. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიჩნია სს ,,...ა’’ არასათანადო მოპასუხედ, ვინაიდან სწორედ მისი ბრალეული მოქმედებით მოხდა კონტეინერების მიუწოდებლობა. ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის მითითებული სს „...ა“, როგორც ნივთის მიმწოდებელი მხარე, თუმცა სადავო კონტეინერები იმყოფებოდა მის მფლობელობაში და იგი იყო პასუხისმგებელი ნივთების მიწოდებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 31.03.2008წ. N85, N86 და N87 ოქმების საფუძველზე, მ. ს-ე გამოცხადდა აუქციონში გამარჯვებულად და გადაეცა შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული 332 ერთეული კონტეინერი. მ. ს-ემ ზემოხსენებული ოქმების შესაბამისად განსაზღვრული თანხა სრულად გადაიხადა. მხარები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მ. ს-ეს სხვადასხვა დროს გადაეცა 311 ერთეული კონტეინერი, ხოლო 21 ერთეული კონტეინერის გადაცემის ნაწილში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მ. ს-ეს სადავო კონტეინერები გადაეცემოდა ეტაპობრივად, 2008-2012 წლებში. მოსარჩელისათვის მხოლოდ 2012 წელს გახდა ცნობილი, რომ დარჩენილი კონტეინერების გადაცემა ვეღარ მოხერხდებოდა. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ 2012 წლიდან უნდა დაიწყოს. მ. ს-ის მიერ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით - 2014 წლის 29 ივლისს. კასატორის არაბრალეულობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც მ. ს-ის უშუალო კონტრაჰენტმა იკისრა კონტეინერების გადაცემის ვალდებულება, რაც არაჯეროვნად შესრულდა მის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის ადრესატად მართებულად განისაზღვრა კასატორი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი