საქმე №ბს-464-464(კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მა 2017 წლის 13 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანებისა და „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. გ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის (სამოქალაქო პირი) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 და „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; დ. გ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნებისა და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შრომითი საჯარო-სამართლებრივი დავა. კერძოდ, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №251615 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №1300040 ბრძანება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე. მითითებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის
დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორი“ დ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ბრძანების მართლზომიერების შემოწმების მიზნით გამოკვლეულ უნდა ყოფილიყო ის წინაპირობა, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა.
როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N MOD 2 15 00000138 ბრძანებით ირკვევა აღნიშნულით დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8/1134-01 (დანართი N1), რომლის მიხედვით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 1154 საშტატო ერთეული, მათ შორის, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში შედიოდა ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება, სამი ოპერატიული განყოფილება და ჰაუპტვახტი სულ რეგიონალურ სამმართველოში იყო 75 საშტატო ერთეული, ამათგან ინსპექტორის* 6 საშტატო ერთეული გადანაწილებული იყო ოპერატიულ განყოფილებებში, რომელთაგან ... ინსპექტორის* თანამდებობაზე დანიშნული იყო მოსარჩელე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N MOD 4 16 00001147 ბრძანებით დგინდება, რომ კვლავ განისაზღვრა სამხედროს პოლიციის დეპარტამენტის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილებაში ინსპექტორის* 2 საშტატო ერთეული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას. პალატა მოიხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. ამავე კანონის 97- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
ზემოთ მითითებული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული უქმდება. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. პალატამ მოიხმო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N MOD 1 17 00000289 ბრძანება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N MOD 2 15 00000138 ბრძანებაში და განახლებული სახით ჩამოყალიბდა N1 დანართი, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8/1134-01 შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნა სულ 1137 თანამდებობა, გაუქმებული იქნა რეგიონული სამმართველოები, მათ შორის, გაუქმდა კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო და ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები, კერძოდ, შეიქმნა 7 ოპერატიული განყოფილება, რომელთაგან მოპასუხის განმარტებით, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შექმნილია ... განყოფილება, სულ 27 საშტატო ერთეულით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნა ინსპექტორის 2 თანამდებობა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ არსებობდა იგივე თანამდებობა - ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზე იყო და მისთვის არ იყო გათვალისწინებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... განყოფილებაში კვლავ განისაზღვრა ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელზეც შესაძლებელი იყო დანიშნულიყო სამოქალაქო პირი.
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილა გამოკვლეული და შემდეგ დასაბუთებული თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით იქნა მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები და მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გაბათილდებოდა სარჩელში მითითებული გარემოებები. აღნიშნული გარემოება კი ქმნიდა იმ დასკვნის შესაძლებლობას, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესის არსებითად დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №1147 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №138 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, რითაც გაუქმებულ იქნა ე. წ. „ვარსკვლავიანი“ თანამდებობები; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4866 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორი* (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“) თავდაცვის სამხედრო პოლიციის კაპიტანი დ. მ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან.
კასატორის მითითებით, დ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში გადაყვანას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); კასატორი მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის №289 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №138 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. მითითებული ბრძანებით მთლიანად გაუქმდა სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორიგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, რომელშიც შედიოდა ... განყოფილება და სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორიგის მთავარ სამმართველოში ჩამოყალიბდა განყოფილებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №1394 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორი* (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“) თავდაცვის სამხედრო პოლიციის კაპიტანი დ.მ. გ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ასაბუთებს, რომ მოსამსახურე თავისუფლდება და კადრების განკარგულებაში გადაიყვანება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას, რომელიც განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4866 ბრძანება დ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ. მითითებული ბრძანების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №1147 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №138 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, რითაც გაუქმებულ იქნა ე.წ. „ვარსკვლავიანი“ თანამდებობები (ბრძანების დანართში ... განყოფილების გასწვრივ მითითებულია „დასახელება გამოირიცხოს“, რაც მის მთლიანად გაუქმებაზე მიუთითებს). კასატორის მოსაზრებით სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასებაც მისცა მას.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №1147 ბრძანებით კვლავ განისაზღვრა სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ...განყოფილებაში ინსპექტორის* 2 საშტატო ერთეული, რადგან ბრძანების დანართში ... განყოფილების გასწვრივ მითითებულია „დასახელება გამოირიცხოს“, რაც მის მთლიანად გაუქმებას ნიშნავს. ამასთან, სასამართლომ მთლიანად ცნო მითითებული ბრძანება ბათილად ისე, რომ არ შეუსწავლია ის გარემოება, რომ მითითებული ბრძანება ეხება სხვა პირებსაც და არა მხოლოდ დ. გ-ს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის შედეგად, გაუქმებულ იქნა ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს რეგიონალური სამმართველოები და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები. კასატორის მოსაზრებით გასათვალისწინებელი იყო, რომ ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს რეგიონალური სამმართველოების გაუქმების შედეგად, ოპტიმიზაცია შეეხო ე.წ. „ვარსკვლავიან თანამდებობებს“. მათ შორის იმ თანამდებობას, რომელიც ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორს - დ. გ-ს.
რეორგანიზაციამდე სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო მოიცავდა 75 საშტატო ერთეულს. ... განყოფილებაში (სადაც დასაქმებული იყო დ. გ-ი) არსებობდა 2 ინსპექტორის ე.წ. „ვარსკვლავიანი“ თანამდებობა. რეორგანიზაციის შემდგომ, გაუქმდა სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო და ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წიაღში ჩამოყალიბდა ... განყოფილება, რომელიც წარმოადგენს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს სამართალმემკვიდრეს. ... განყოფილების საშტატო რიცხოვნობა შედგება 27 საშტატო ერთეულისაგან, მათ შორის, ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო თანამდებობას და ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამხედრო თანამდებობას. ყურადღებას ვამახვილებთ ინსპექტორის თანამდებობაზე, ვინაიდან დ. გ-ი გათავისუფლებულია სწორედ ინსპექტორის თანამდებობიდან.
კასატორის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი შეფასება და მსჯელობა, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, სასამართლომ აღნიშნულის არგუმენტად მოიშველია ის გარემოება თითქოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის პიროვნება, მისი დამსახურება და კვალიფიკაცია, ასევე ადმინისტრაციულმა ორგანომ რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა კანდიდატებს რეორგანიზაციამდე არსებული ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნულ პირებთან შედარებით. სასამართლო მსჯელობა არის ზოგადი ხასიათის და ვერ უთითებს სამართლის ნორმას, თუ რატომ იყო ვალდებული ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულის გაუქმების პირობებში ემსჯელა მოსარჩელის დამსახურებასა და მის კვალიფიკაციაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მაინც ვერ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება შტატის არ არსებობის გამო.
კასატორის მოსაზრებით საგულისხმოა, რომ რეორგანიზაციამდე დ. გ-ი, რომელიც დანიშნული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე, ახორციელებდა კანცელარიის სპეციალისტის უფლებამოსილებას, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის* შტატი, რომელზეც დანიშნული იყო დ. გ-ი, გაუქმებულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N1147 ბრძანებით, რაც გახდა მისი კადრების განკარგულებაში გაყვანის საფუძველი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N37 ბრძანებით განისაზღვრა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებისა და მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობები, რომელიც რეორგანიზაციამდე განსაზღვრული არ ყოფილა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N38 ბრძანებით განსაზღვრულია ინსპექტორის უფლებამოსილება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის პიროვნება, მისი დამსახურება და კვალიფიკაცია, საფუძველს მოკლებულია. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა და შემდეგ შეეფასებინა კონკრეტულად თუ რა სამუშაოს ასრულებდა მოსარჩელე, რაზედაც მოცემულ შემთხვევაში მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორი მიიჩნევს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომც არ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რეორგანიზაცია შტატების შემცირებით - საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის , შრომის დისციპლინისა და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. ამდენად კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე აღძრული სარჩელით სადავოა დ. გ-ის შრომითი უფლების დარღვევის არსებობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი.
გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების 34-ე პუნქტით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორი* დ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან. სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან 4 თვის შემდეგ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის (სამსახურიდან გათავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოცემულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანება „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილების ყოფილი ინსპექტორი* დ. გ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 1 მაისიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებებით გათვალისწინებული საკითხი რეგულირდება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლით - „კადრების განკარგულება“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე; გ) ამ წესის მე-11 მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მე-2 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. მე-3 პუნქტით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. მე-4 პუნქტით რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინების იმ ნაწილის გაზიარების შესაძლებლობა, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N1147 ბრძანება, რომლითაც „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №MOD 2 15 00000138 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების დანართი №1 (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი №8/1134-01) ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. №1 დანართის თანახმად დგინდება, რომ განხორციელდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და აღნიშნულის საფუძველზე გასაჩივრებული 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანებით მოსარჩელის გარდა რეორგანიზაციას დაქვემდებარებული განყოფილებების სხვა თანამშრომლებიც იქნენ გადაყვანილი კადრების განკარგულებაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია წარმოადგენდა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4866 ბრძანების გამოცემის „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაცია წარმოადგენს მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის უპირობო საფუძველს, რა დროსაც მოსამსახურეზე ვრცელდება მითითებული მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა, რაც მოსარჩელის მიმართ დასრულდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 1 მაისის ბრძანების გამოცემით.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით ბათილად ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. რამდენადაც, დასტურდება, რომ დ. გ-ის შრომითი უფლებები დაირღვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანებით.
სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი (სამსახურიდან განთავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა წარმოადგენს დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის უპირობო საფუძველს, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. 97-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. ამასთან, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (სუს. №ბს-1367-1325(კ-07) 10.03.09წ. გადაწყვეტილება). აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანებით უტყუარად უნდა დგინდებოდეს, რომ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობა და ახალად შექმნილი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოხელე ვეღარ აკმაყოფილებს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N MOD 2 15 00000138 ბრძანებით დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8/1134-01 (დანართი N1), რომლის მიხედვით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 1154 საშტატო ერთეული, მათ შორის, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში შედიოდა ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება, სამი ოპერატიული განყოფილება და ჰაუპტვახტი, სულ რეგიონალურ სამმართველოში იყო 75 საშტატო ერთეული, ამათგან ინსპექტორის* 6 საშტატო ერთეული გადანაწილებული იყო ოპერატიულ განყოფილებებში, რომელთაგან ... განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე დანიშნული იყო დ. გ-ი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N MOD 4 16 00001147 ბრძანებით კვლავ განისაზღვრა სამხედროს პოლიციის დეპარტამენტის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ... განყოფილებაში ინსპექტორის* 2 საშტატო ერთეული და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N MOD 1 17 00000289 ბრძანებით „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N MOD 2 15 00000138 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და N1 დანართის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8/1134-01 შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნა სულ 1137 თანამდებობა, გაუქმებულ იქნა რეგიონული სამმართველოები, მათ შორის, გაუქმდა კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო და ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები, კერძოდ, შეიქმნა 7 ოპერატიული განყოფილება. სადავო არ არის, რომ კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შექმნილია ... განყოფილება, სულ 27 საშტატო ერთეულით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნა ინსპექტორის 2 თანამდებობა.
ამასთან, არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №1147 ბრძანების დანართში ... განყოფილების გასწვრივ მითითებული „დასახელება გამოირიცხოს“ მის მთლიანად გაუქმებას ნიშნავს. რადგან, საბოლოდ 2017 წლის 6 აპრილის №MOD 1 17 00000289 ბრძანებით „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №MOD 2 15 00000138 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. რეორგანიზაციის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტით დ. გ-ის გათავისუფლებამდე (დათხოვნამდე) - 2017 წლის 1 მაისამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა, კასატორი ადასტურებს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... განყოფილება. აღნიშნულ განყოფილებაში შემავალ თანამდებობათა დასახელების ნუსხაში ინსპექტორის თანამდებობის დასახელების მითითება ადასტურებს მითითებული დასახელების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ არის შეფასებული და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გადმოცემული დასაბუთება მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მოტივაცია, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა კადრების განკარგულებაში მყოფ სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დ. გ-ი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე რატომ არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო თავად დაედგინა მთელი რიგი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში. ისეთ პირობებში, როდესაც ინსპექტორის საშტატო ერთეული იმავე ფუნქციური დატვირთვით, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე დ. გ-ი, კვლავ განისაზღვრა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ...განყოფილებაში, დამსაქმებელი, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებული იყო გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოეცა, მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რადგან აღნიშნული საშტატო ერთეული იდენტური ფუნქციური დატვირთვით რამდენიმე არსებობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ... განყოფილებაში, რის გამოც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტულად მოსარჩელე დ. გ-ის საშტატო ერთეული გაუქმდა და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე არსებულ ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ინსპექტორის თანამდებობაზე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციისათვის მინიჭებული დისკრეციის საფუძველზე არ დასტურდება გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანებით, რამდენადაც სადავო აქტი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად ჩამოყალიბებულ დასაბუთებას. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დ. გ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული ინსპექტორის თანამდებობა იმავე სახელწოდებით ისევ არსებობს რეორგანიზაციის შემდგომ 2017 წლის 6 აპრილის №MOD 1 17 00000289 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში, რომელიც იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არის აღჭურვილი, რომელიც გათვალისწინებული იყო რეორგანიზაციამდე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაძლია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №MOD 9 17 00001394 ბრძანების კანონიერების მტკიცების ტვირთი. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეესაბამება მოცემული საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო განაცხადის გაზიარების შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ნაწილში დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. ამასთან, დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. გ-ის სარჩელი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე