Facebook Twitter

ბს-542-542 (კ-18) 17 იანვარი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

13.01.2015წ. ი. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის დ. ლ-ის მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.11.2013წ. „სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ“ ოქმის და 05.12.2014წ. №3280 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ის მიერ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მას არ მიეცა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდებოდა სააღსრულებო ბიუროს მითითების მცდარობა იმის შესახებ, რომ თითქოს ი. ბ-ის საცხოვრებელი ბინის კარი იყო ღია, რის გამოც სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი დაუბრკოლებლად შევიდა ბინაში, ბინის გამოთავისუფლების ღონისძიებების ჩატარების მიზნით. არასწორია აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი. ბ-ისათვის გამოსახლების შესახებ ცნობილი იყო 2013 წლიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რელევატური არ არის კასატორის მითითება მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვის შემთხვევაში დადასტურებოდა გასაჩივრებული აქტების უკანონობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ დადასტურებული იქნეს კანონის იმგვარი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ბ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, … #44-ში, აუქციონის გზით გაიყიდა და უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მესამე პირი დ. ლ-ე, რომელმაც 29.11.2012წ. მიმართა სააღსრულებო ბიუროს ი. ბ-ის სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე განცხადებით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 11.12.2012წ. ი. ბ-ს გაეგზავნა #A12071446-004/001 გაფრთხილება (ტ.1.ს.ფ.81-82), რაც ჩაბარდა მასთან რეგისტრირებულ ოჯახის წევრს დ. დ-ას. სააღსრულებო ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 12.04.2013წ. კვლავ გაიგზავნა #A12071446-004/002 გაფრთხილება ი. ბ-ის საცხოვრებელ მისამართზე (ტ.1.ს.ფ.84-85), რაც 15.04.2013წ. ჩაბარდა ი. ბ-თან მუდმივად მცხოვრებ პირს ლ. დ-ას (ტ.1.ს.ფ.86), ამავე პირს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 01.10.2013წ. გაგზავნილი ##A12071446-004/003 გაფრთხილება 30.10.2013წ. (ტ.1.ს.ფ. 88-89). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა გაფრთხილებების გაგზავნის და ჩაბარების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ ავალდებულებს აღმასრულებელს თითოეული სააღსრულებო მოქმედების შესახებ აცნობოს მოვალეს (17.10; 25.8 მუხლები).

საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183 მუხლით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღევით, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.12.2014წ. №3280 ბრძანებით მართებულად გახდა ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მართებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ბ-ისათვის მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ ცნობილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროსგან 2012-2013 წლებში გაგზავნილი და ჩაბარებული არაერთი გაფრთხილებით, ხოლო ი. ბ-მა სარჩელი სასამართლოში 13.01.2015წ. აღძრა. აღნიშნული ადასტურებს სასამართლოსათვის მიმართვის სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სარჩელის აღძვრას და შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინება;

3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი