Facebook Twitter

ბს-658-658(კ-18) 31 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-მა 29.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ მოპასუხისათვის ლ. ჩ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 01 მარტიდან 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების და მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების დავალების მთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაევალა 2016 წლის 01 მარტიდან 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, გამგეობას აგრეთვე დაევალა ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, რამაც გადაწყვეტილების უსწორობა გამოიწვია. მოსარჩელემ გამგეობაში წარადგინა 3 საავადმყოფო ფურცელი, რადიკალურად განსხვავებული დიაგნოზით, ამიტომ საჭირო გახდა მათი ავთენტურობის შემოწმება. გამგეობის მიმართვის საფუძველზე საავადმყოფო ფურცლები შემოწმდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ და დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცლები გაცემული იყო ნორმატიულად დადგენილი წესების დარღვევით, საავადმყოფო ფურცლების გაცემისას და გაგრძელებისას დაფიქსირდა არსებითი ხარვეზები, რაც საავადმყოფო ფურცლების არარსებობას უტოლდება. კანონის დარღვევით შედგენილი საავადმყოფო ფურცლის წარდგენა გამორიცხავს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის ორგანოს მიერ ანაზღაურების ვალდებულებას. გამგეობა სადავოდ არ ხდის შრომისუუნარობის იმ პერიოდს, როდესაც მოსარჩელეს ჩაუტარდა ჰემოროიდული კვანძების ოპერაცია. დანარჩენ პერიოდზე მოსარჩელის შრომისუუნარობა სათანადო წესით არ არის დადასტურებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება მითითებულ პერიოდში ლ. ჩ-ის შრომიისუუნარობა. ის, რომ სხვადასხვა თარიღში გაცემულ საავადმყოფო ფურცლებში დაფიქსირებულია არა ერთი, არამედ სამი დიაგნოზი: სასუნთქი გზების ინფექცია, ქირურგიული ოპერაცია და კოჭ-წვივის სახსრის იოგის დაჭიმულობა, არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან დიაგნოზებს არ აქვთ ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საავადმყოფო ფურცლების ნორმატიულად განსაზღვრული მოწესრიგების დარღვევით გაფორმების დადგენა, ასევე არ ასაბუთებს საკასაციო საჩივარს, რადგან აღმოჩენილი დარღვევები იყო ტექნიკური ხასიათის და სამედიცინო დაწესებულების ხარვეზიანი საქმიანობით იყო გამოწვეული. სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფო ფურცლების ხარვეზებით გაფორმებაში ლ. ჩ-ის ბრალი არ დადგენილა, მისი მხრიდან რაიმე არამართლზომიერი ქმედებების განხორციელებაზე მითითება არ მომხდარა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.2007წ. N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მიხედვით, საავადმყოფო ფურცლის არასწორად გაფორმებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულების ექიმებს, საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულებაა. ამდენად, საავადმყოფო ფურცლის ტექნიკური ხარვეზებით გაცემის გამო პასუხისმგებლობის დროებით შრომისუუნარო პირზე დაკისრება არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორმა ვერ შეძლო დროებით შრომისუუნარობასთან დაკავშირებით საავადმყოფო ფურცლებში მითითებული ინფორმაციის არასარწმუნოობის დადასტურება, საქმის მასალებით დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში ლ.ჩ-ი იყო შრომისუუნარო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი