Facebook Twitter

ბს-669-669(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.კ-ის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.კ-ემ 02.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ „ლუწი მ/რაიონების განყოფილების ... - მ.კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგებლის 05.05.2017წ. №ბ34.01171253 ბრძანების ბათილად ცნობის, მ.კ-ის თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მ.კ-ის სასარგებლოდ 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდისათვის ყოველწლიური კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2017წ. გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ.კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა საქალაქო სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მ. კ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 19.10.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. გადაწყვეტილებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2017წ. გადაწყვეტილება შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.კ-ის სარჩელი შვებულების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას მ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 823,33 ლარის გადახდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.11.2017წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი; უცვლელად დარჩა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.10.2017წ. საოქმო განჩინება. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.კ-ემ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობამ.

კასატორი მ.კ-ე მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია სზაკ-ის 53.5, 96-ე მუხლების დარღვევით, ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოეკვლია საქმის გარემოებები. სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნია მ. კ-ის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საქმიანობა. კასატორი აღნიშნავს, რომ ფართი იჯარით აიღო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო საჯარო მოხელე, ფართის იჯარით აღებისთანავე გააფორმა ქვეიჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც 2015 და 2016 წლებში მხოლოდ ჩასწორდა დოლარის კურსის ცვლილების გამო. ამდენად, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება არ დასტურდება, რადგან იჯარით ქონების ერთჯერადად გაცემა არ შეიძლება სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვალოს. კასატორი თვლის, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოკვლევა დაიწყო დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის აქტივისტის განცხადების საფუძველზე. ამავე ნიშნით მოხდა სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდება, სხვა მოხელეთა პირადი საქმეების გამოთხოვისა და გაცნობის შემთხვევაში, სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ ანალოგიური დარღვევების მიუხედავად სხვა პირებს სახდელი არ შეფარდებიათ.

კასატორი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ თვითმმართველ ერთეულში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში საჯარო მოხელე კანონსაწინააღმდეგოდ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამასთან, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, რის გამო ორგანო უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა მ. კ-ე დაკავებული თანამდებობიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საფუძველი, რადგან გამგეობის მხრიდან მ. კ-ეს შვებულებით სარგებლობაში ხელი არასდროს შეშლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დადასტურდა მ. კ-ის მიერ საჯარო სამსახურში დასაქმების პერიოდში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, კერძოდ, ქვეიჯარის ხელშეკრულებების გაფორმება. მ. კ-ის მოსაზრება, რომ ფართის ერთჯერადად იჯარით გაცემა არ უნდა ჩიათვალოს სამეწარმეო საქმიანობად, არ არის დასაბუთებული, რადგან მ. კ-ემ ფართი იჯარით აიღო არა პირადი სარგებლობისათვის, მაგ. საცხოვრებლად, რაიმე ნივთების შესანახად და სხვ., არამედ ქვეიჯარის გაფორმების შედეგად მოგების მიღების მიზნით. დასტურდება, რომ იჯარით აღებული ფართი იყო არასაცხოვრებელი და მოსარჩელემ იგი ორ პირზე გასცა ქვეიჯარით სათანადო ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, რასაც არც მ. კ-ე უარყოფს, საქმეში დაცულია აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებები. სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 63-ე მუხლით მოხელეს ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა, მას შეეძლო მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გადაცდომის გამოვლენის მომენტისათვის, მ. კ-ეს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო დისწიპლინური სახდელის სახით უკვე შეფარდებული ჰქონდა გაფრთხილება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების პერიოდში მოხელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ქმნიდა მისი გათავისუფლების საკმარის საფუძველს.

კასატორ მ. კ-ის მითითება დაგვიანების გამო სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების უკანონობის შესახებ, არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური, რადგან მ. კ-ეს სახდელის შეფარდება არ გაუსაჩივრებია, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსახილველი დავის ფარგლებში შეაფასოს გაფრთხილების შეფარდების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მხარეს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. განსახილველ შემთხვევაში მ. კ-ემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ნაწილობრივ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, მ. კ-ეს მისთვის მიკუთვნებული ანაზღაურებადი შვებულების საკომპენსაციო თანხის ოდენობა სადავო არ გაუხდია. ამდენად, აღნიშნულ საკითხზე პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.).

რაც შეეხება კასატორ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მოსაზრებას, რომ დასაქმების პერიოდში შვებულების გამოყენებაში მ. კ-ისათვის დაბრკოლების არარსებობის გამო, ანაზრაურებადი შვებულების კომპენსირება არ უნდა მოხდეს, აღნიშნული მოსაზრება არ არის დასაბუთებული, რადგან შრომის კოდექსის 21.4 მუხლი ითვალისწინებს კონკრეტული საფუძვლით პირის გათავისუფლებისას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო მ.კ-ის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-ის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი