Facebook Twitter

ბს-677-677(კ-18) 31 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ვ-მა 30.05.2016წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ 2014 წლის 24 სექტემბრიდან 2016 წლის 6 აპრილამდე თანამდებობაზე არყოფნის პერიოდისთვის განაცდური ხელფასის - 22 975 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის ანაზღაურების მოთხონვით.

თელავის რაიონული სასამართლოს 22.11.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებით შეწყდა სააპელაციო საქმის წარმოება სააპელაციო მოთხოვნის - ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ნაწილში, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 22.11.2016წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - მიუღებელი ხელფასის სახით 2014 წლის 24 სექტემბრიდან 2016 წლის 6 აპრილამდე საკრებულოს ფრაქციის … თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ამავე პერიოდისათვის საკრებულოს დეპუტატის და დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული ხარჯების გამოკლებით; საკრებულოს დაეკისრა აგრეთვე ადვოკატის ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში ნ. ვ-მა არსებითად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან სარჩელით იგი ითხოვდა განაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ხოლო სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აქტის გამოუცემლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის გარემოებები და სარჩელის საფუძვლები. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველი, რადგან ნ. ვ-ის თანადმდებობიდან გათავისუფლებას ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც უსაფუძვლოა, რადგან უტყუარად არ დასტურდება, რომ 2014 წ. ფრაქციის დარეგისტრირების შემთხვევაში ნ. ვ-ი 2016 წლის 06 აპრილამდე აუცილებლად იქნებოდა ფრაქციის … თანამდებობაზე და მიიღებდა შესაბამის ხელფასს, რადგან ამ პერიოდში შესაძლებელი იყო სხვა … არჩევა ან ფრაქციის დაშლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ვ-ი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განაცდური ხელასის ანაზღაურებას ითვალისწინებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლისა და სზაკ-ის 208-ე მუხლების საფუძველზე, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანზღაურებაზე უთითებს. გასათვალისწინებელია აგრეთვე სარჩელის აღძვრის მიზანი და სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. სარჩელის შინაარსიდანვე იკვეთება, რომ ნ. ვ-ი საკრებულოსათვის თანხის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მას 2014 წ. უკანონოდ ეთქვა უარი ფრაქციის დარეგისტრირებაზე, რის გამოც წაერთვა გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლება. ამავე გარემოების საფუძველზე ითხოვდა ნ. ვ-ი სააპელაციო საჩივარში ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ ნ. ვ-მა სააპელაციო საჩივარში არსებითად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფრაქციის დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.09.2014წ. N28 განკარგულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და საკრებულოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფრაქციის დარეგისტრირების შესახებ. სწორედ აღინიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მზინით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 06.04.2016წ. მოხდა ფრაქციის დარეგისტრირება. ამდენად, უდავოდ დასტურდება 2014 წ. ფრაქციის დარეგისტრირებაზე უარის თქმის უკანონობა, რამაც ნ. ვ-ს მოუსპო შესაძლებლობა 2016 წლის 06 აპრილამდე მიეღო ფრაქციის … გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი