Facebook Twitter

ბს-776-776(კ-18) 31 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა(ა)იპ … საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ 20.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.08.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და როგორც თანამდევი შედეგის - უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის დარეგისტრირების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ … .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.08.2016წ. გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ … მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ … მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების პირობები, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტაზე, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა აღარ საჭიროებდა რაიმე დამატებითი ქმედებების განხორციელებას. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტის კანონიერების შეფასების ფარგლებში, სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ბრალეულობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 7 თვის ვადაში, თუმცა ეს ვადა მოსარჩელის ბრალეული ქმედებების შედეგად დაუსაბუთებლად გახანგრძლივდა. შპს-მ სათანადო წესების დაცვით არ უზრუნველყო ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაცის შედგენა, რამაც თავდაპირველად გრგ-ს დამტკიცებაზე უარი გამოიწვია. აღნიშნული უარი შპს-ს არ გაუსაჩივრებია, რაც ადასტურებს მის მიერ მიზანმიმართულად არასათანადო დოკუმენტაციის ორგანოში წარდგენას. ასოციაციამ ზუსტად შეასრულა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებანი, თუმცა ამის მიუხედავად შპს-მ განზრახ გააჭიანურა თავისი მოვალეობების შესრულება, რაც ქმნიდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკმარის საფუძველს.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო განვადებით შემძენად, რაც ითვალისწინებდა შეთანხმებულ დროში ნასყიდობის ფასის გადახდის შემდეგ სრული საკუთრების მოპოვებას. უტყუარად დასტურდება შპს-ს მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, ამდენად, წარმოიშვა რეგისტრირებული საკუთრების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ … საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია მარეგისტრირებელი ორგანოს აქტის კანონიერების შემოწმება და არა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების შეუსრულებლობის ბრალეულობის დადგენა. აღნიშნული წარმოადგენს ცალკე დავის საგანს და ცდება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე ადმინისტრაციული დავების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება ითვალისწინებს ნასყიდობით განვადების ხელშეკრულების ავტომატურ შეწყვეტას, უკეთუ შეუსრულებლობა გამოწვეული იყო შპს „…ის“ ბრალით. მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ ხელშეკრულების ავტომატური შეწყვეტა გულისხმობს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების გამორიცხვას, მაგრამ ეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც უდავოა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა ბრალეული შეუსრულებლობა. განსახილველ შემთხვევაში შპს არ ეთანხმება მის მიერ ვალდებულებათა ბრალეულ დარღვევას და უთითებს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით მის მიერ განხორციელებულ არაერთ ქმედებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „…მა“ სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით მართლაც განახორციელა რიგი ქმედებები, კერძოდ, ჩაატარა ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, მოიპოვა ჰიდროლოგიური და კლიმატური ინფორმაცია, მიიღო წყლისა და ელექტრო-ენერგიის დროებითი მიწოდების ნებართვები, მოამზადა ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა, მიიღო გზის მოწყობის ნებართვა, ტერიტორიაზე არქიტექტურული ძეგლების გამოვლენისა და დაცვის მიზნით ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, დამტკიცდა გრგ. განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს აღნიშნულ სამუშაოთა საკმარისობისა და სათანადოობის შეფასება, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ სამუშაოთა განხორციელების პირობებში გამოირიცხება შპს-ს მიერ ვალდებულებათა ბრალეული შეუსრულებლობის ავტომატურად დადგენის შესაძლებლობა.

მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მხოლოდ ასოციაციის მიერ წარდგენილი ოქმის საფუძველზე დაედგინა შპს-ს მიერ ვალდებულებათა ბრალეული შეუსრულებლობა და ხელშეკრულება ჩაეთვალა შეწყვეტილად, მით უფრო, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართულა დაინტერესებული პირი - შპს „…“. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი ასოციაციის ცალმხრივი გადაწყვეტილებით არ დასტურდება შპს-ს მიერ ვალდებულებათა ბრალეული შეუსრულებლობა. გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ საკითხზე მხარეთა მიერ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. სასამართლო წესით შპს-ს მიერ ვალდებულებათა ბრალეული შეუსრულებლობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს განჩინებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინებები არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური, რადგან განჩინებებში განმარტებულია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მახასიათებლები, ვალდებულების შეუსრულებლობის თანამდევი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, შესაფასებელია მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები და აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ა(ა)იპ ... საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ … საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინება;

3. ო. ჩ-ეს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.06.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი