ბს-841(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. ნ-მა, მ. ნ-მა და თ. ნ-მა 05.12.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ,,იძლებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 31.10.2016წ. N3030, N3031 და N3032 ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ჯ. ნ-ის, მ. ნ-ისა და თ. ნ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. საოქმო განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,იძლებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 31.10.2016წ. N3030, N3031 და N3032 ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ჯ. ნ-ის, მ. ნ-ისა და თ. ნ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე ჯ. ნ-ი 15.03.2006წ. სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ. N22-ში, ხოლო პირადობის მოწმობა შეცვლილი აქვს 19.05.2010წ. და მისამართად უფიქსირდება ახალგორი, სოფელი ... მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს მ. და თ. ნ-ების მიმართაც. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელი თბილისში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. კასატორი აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად პირს დევნილის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, კერძოდ, მას იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი და მისი განსაზღვრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კასატორის განმარტებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის 06.09.2016წ. წერილითა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 05.09.2016წ. N25 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ჯ. ნ-ი დევნილობამდე იყო სოფელ …ის სეზონური მაცხოვრებელი, რაც არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს პირისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად. კასატორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ჯ. ნ-ისა და მისი ოჯახის ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი მხოლოდ რეგისტრაციის მისამართის თავისუფლად არჩევის პრინციპს ემსახურებოდა. ჯ. ნ-ისა და მისი შვილების პირადი ნომრები იწყება კოდით "01", რაც ადასტურებს მათი ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტს. ამდენად, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი ერთიდაიგივეა. კასატორის აზრით, იქმნება ეჭვის საფუძველი, რომ 2008 წელს მოსარჩელის საცხოვრებლის რეგისტრაციის შეცვლის მიზანი ემსახურებოდა მხოლოდ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მიღებას, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ ხშირი შემთხვევა იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვეს მესამე პირების -ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების განმარტება, იმის შესახებ, რომ მოსარჩელე იყო ოკუპირებული ტერიტორიის სეზონური მაცხოვრებელი, რის საპირისპიროდაც სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლოს მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა. ამდენად, წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება. მასში მითითებულია ყველა, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. შესაბამისად, სასამართლოს მითითება მასზედ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.07.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრაციის) მისამართს. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. ნ-ის 2006 წელს ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ იქნება მისი მუდმივი საცხოვებელი ადგილის უპირობოდ განსაზღვრის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, შს სამინისტროს 28.07.2016წ. წერილობითი მიმართვა, ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 02.11.2015წ. ცნობა და სხვ., რომლებიც ერთი მხრივ, ადასტურებენ მოსარჩელე ჯ. ნ-ის სოფელ …ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავენ ქ. თბილიშში, ... ქ. N22-ში ცხოვრების გარემოებას. რაც შეეხება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს ცნობას ჯ. ნ-ის სოფელ …ის სეზონური მაცხოვრებლობის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ იმ პირობებში როდესაც არაერთი მტკიცებულება ადასტურებს ჯ. ნ-ის 2008 წლის აგვისტომდე სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 05.09.2016წ, N25 ცნობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის 06.09.2016წ. წერილი არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველი, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი