ბს-936(კ-18) 31 იანვარი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჯ-მა 12.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მინისტრის 17.05.2017წ. N1161154 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ჯ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ არ დასტურდება პოლიციელის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დაუცველობის ფაქტი, სავარაუდო დარღვევის თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს მოწმეთა განსხვავებული ჩვენებები, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დისციპლინური წარმოება დაიწყო შ. კ-ას განცხადების საფუძველზე, თუმცა საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას შ. კ-ამ უარყო დ. ჯ-ის მხრიდან მის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება და შეურაცხყოფის მიყენება. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება გ. ვ-ესთან დაპირისპირება და სუბორდინაციის პრინციპის დარღვევით ქალაქის უნებართვოდ დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ პოლიციელის მიმართ განსაზღვრულია ეთიკური ნორმებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მოთხოვნები: პოლიციელი უნდა იყოს თავდაჭერილი, ყურადღებიანი, კოლეგიალური, არაკონფლიქტური, კორექტული და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით, პოლიციელი ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი უნდა იყოს ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს (საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრის 31.12.2013წ. N999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 1.4, 1.9, 2.17, 3.3, 3.4 პუნქტები). განსახილველ შემთხვევაში შ. კ-ას განცხადების საფუძველზე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა და გამოავლინა გადაცდომის სამი ეპიზოდი. პირველი ეპიზოდის მიხედვით დ. ჯ-ს შ. კ-ასთან წარმოეშვა კონფლიქტი, რის გამო სხვადასხვა საშუალების გამოყენებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული გარემოება დაადასტურა არა მხოლოდ შ. კ-ამ, არამედ თავად დ. ჯ-მაც გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში. ამდენად, ის, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას შ. კ-ას სახელით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში უარყოფილია აღნიშნული ფაქტი, ვერ იქნება სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნეული.
მეორე ეპიზოდი შეეხებოდა თანამშრომელთან სიტყვიერ დაპირისპირებას, რასაც მოჰყვა გ. ვ-ის სხვა სამორიგეო ჯგუფში გადაყვანა. მართალია ერთ-ერთი მოწმის თ. ფ-ის მიერ მოხდა ჩვენების შეცვლა და სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, რომ გ. ვ-ესა და დ. ჯ-ს შორის მან კამათი ვერ შენიშნა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს დაპირისპირების არარსებობას, რადგან ინსპექციაში მიმდინარე მოკვლევისას თ. ფ-ის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ მორიგეობის დროს დ. ჯ-ი და გ. ვ-ე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ხმამაღლა, იყვნენ დაძაბულები და ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია. მოწმეს არ დაუსაბუთებია სასამართლო სხდომაზე ჩვენების შეცვლის ობიექტური საფუძვლები. თავდაპირველი ჩვენების მიცემისას თ. ფ-ის შეცდომაში შეყვანა, იძულება და რაიმე სხვა მსგავსი გარემოება, რაც მიცემული ჩვენების სისწორეზე მოახდენდა გავლენას, არ დადასტურებულა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში უპირატესობა სწორედ თავდაპირველად მიცემულ ჩვენებას უნდა მიენიჭოს.
მესამე ეპიზოდი შეეხებოდა ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე ქალაქიდან გასვლას. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმატება, რომ მას ქალაქი არ დაუტოვებია არ არის სარწმუნო, რადგან საქმეში დაცული მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ, კერძოდ, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში დაკითხულმა ა. ს-მა, რომელიც დ. ჯ-ის ნათესავია, აღნიშნა, რომ თავისი სიდედრის გასვენებაში, მარტვილში, ნამდვილად ნახა დ. ჯ-ი. ა. ს-მა სასამართლო სხდომაზე ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დ. ჯ-ის ავტომანქანა დაინახა, თუმცა მართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ სხდომაზე მიცემული ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი არ გამოირიცხება 09.03.2017წ. მარტვილში მოსარჩელის ყოფნა, რადგან პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ქვეგანყოფილების თანამშრომელი ადასტურებს, რომ 09.03.2017წ. იგი ესაუბრა დ. ჯ-ს იმ მობილურის ნომერზე, რომლის გადაადგილებაც 09.03.2017წ. დასტურდება თბილისიდან მარტვილის მიმართულებით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაცდომის სამივე ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო დ. ჯ-ი ვერ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, ვერ წარადგენს თავისი მოსაზრებების სარწმუნოობის დამდგენ რაიმე მტკიცებულებებს, რის გამო მართებულია ქვედა ისნტანციის სასამრთლოების გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი